აკრედიტებული პროგრამა ფსიქოლოგიაში - ინტერვიუ დიმიტრი ნადირაშვილთან

ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის პროგრამამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია. როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი და როგორ გაგრძელდება მუშაობა აკრედიტაციის შემდეგ, რით არის გამორჩეული ქართული უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროგრამა, ამის შესახებ გვესაუბრება მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი.

-ბატონო დიმიტრი მოგესალმებით.
- მოგესალმებით.

- როგორი იყო აკრედიტაციის პროცესი და რამდენად წარმატებულად დასრულდა იგი? 
- ყოველ აკრედიტაციაზე ასე იყო და ახლაც ჩვენმა პროგრამამ წარმატებით გაიარა პროცედურა და დიდი მოწონება დაიმსახურა. აკრედიტაციის დამთავრების შემდეგ თითოეული ასეთი პროგრამა თავის მნიშვნელოვან კვალს ტოვებს. ახალი მიმართულებები, რომლებიც შემოგვაქვს ამ საფეხურების დასრულების შემდეგ არის ლოგიკური გაგრძელება იმ დინამიკის და პროცესის, რომელიც დაწყებული გვაქვს ქართულ უნივერსიტეტში. ვერთვებით განათლების ევროპულ პროცესში, ჩვენთან ურთიერთობაში შემოდიან პარტნიორები - უცხოეთის უნვერსიტეტები. ამ ცოდნის და გამოცდილების შემდეგ უკვე ადვილია თამამი დიდი ნაბიჯების წინ გადადგმა.

- რა შეიცვალა აკრედიტაციის შემდეგ?
- გამოიკვეთა საინტერესო პროცესები ამ მხრივ: სწავლებაში პრაქტიკული მეცადინეობები, ახალი პროგრამები, ასევე განხორციელდა ის ახალი ნაბიჯები სწავლების პროცესში, რომლებიც გადაიდგმება ნოვატორულად ფსიქოლოგების მიერ. მაგალითად, სპეციალობა ინგლისური შემოვიტანეთ სწავლების პროცესში. აქტუალური გახდა, რომ ინგლისურის სწავლება არ იყოს მარტო ინგლისურისთვის, არამედ ფსიქოლოგიისთვისაც იყოს, რათა ფსიქოლოგიური ტერმინოლოგიით, ფსიქოლოგიური დეფინიციებით, სახელმძღვანელოებით იყოს განმტკიცებული ეს ცოდნა. აგრეთვე დავაკვირდით და დავამატეთ ახალი პრაქტიკული მეცადინეობები, რომლებიც მანამდე ისეთი ფორმით და ზომით არ იყო. მეტი და მეტი პროფესიონალები მოვიზიდეთ, მოწვეული პროფესორები. 

- თქვენ ხშირად აღნიშნავთ, რომ  ჩვენი უნივერსიტეტი სპეციფიკურია, მეტიც, უნიკალურია ფსიქოლოგიის სწავლების თვალსაზრისით, რა ქმნის მის განსხვავებულობას, რას სთავაზობთ ფსიქოლოგიით დაინტერესებულ სტუდენტებს?
- აქ მოხვედრის შემთხვევაში ისინი მიიღებენ ღრმა და საფუძვლიან, სპეციფიკურ განათლებას. პირველ და მეორე კურსზე ძალიან დიდ ზოგად ფსიქოლოგიურ განათლებას ვაძლევთ სტუდენტებს: ეს არის ზოგადი ფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, ექსპერიმენტული ფსიქოლოგია, სპეცკურსები. ასეთი განათლების დეფიციტია საქართველოშიც და მსოფლიოშიც. მეორე, რითაც გამოირჩევა ქართული უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების სასწავლო პროცესი, არის ის, რომ ჩვენ ვასწავლით ქართული ფსიქოლოგიური სკოლის მონაპოვარს,  განწყობის თეორიას, რომელიც ერთ-ერთია მსოფლიოში ცნობილი ხუთი დიდი თეორიიდან. ეს თეორია სიღრმისეულად ისწავლება ჩვენთან. კიდევ მინდა აღვნიშნო ჩვენი სპეციფიკა - ეს არის გამოყენებითი ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპია, რომელიც დღესდღეობით ძალიან აქტუალურია, რადგან მოგეხსენებათ, ყოფილ საბჭოთა კავშირში არ ისწავლებოდა. ახლა ჩვენშიც ძალიან აქტუალური გახდა გამოყენებითი ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპია, ისევე როგორც ეს არის დასავლეთში.

- შეიძლება ითქვას, რომ აქ ასწავლით პრაქტიკოსი სპეციალისტები, რომლებიც დიდ თეორიულ ცოდნას ფლობთ?
- დიახ. დღეს დასაქმებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია პრაქტიკული ცოდნა, რომელიც ფსიქოლოგს უნდა ჰქონდეს, რომ ის იყოს მოთხოვნადი ბაზრის სივრცეში. ამ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებთ, ჩვენთან ასწავლიან ისეთი სპეციალისტები, რომლებიც სერტიფიცირებული არიან ევროპის დონეზე. ჩვენს უნივერსიტეტში ოთხი ასეთი სპეციალისტია, რომლებიც ფლობენ ევროპულ ცოდნასა და გამოცდილებას და შეუძლიათ ევროპაშიც ასწავლონ, ჩაატარონ ფსიქოთერაპია და მკურნალობა მთელი ევროპის ტერიტორიაზე. ესენი არიან  პროფესორები: თეა გოგოტიშვილი, თინა ფანცულაია, მაია კალანდარიშვილი და თქვენი მონა-მორჩილი. 

- ქართულ უნივერსიტეტში ხშირად ტარდება სამეცნიერო კონფერენციები ფსიქოლოგიის მიმართულებით, რამდენად არიან მათში ჩართული  სტუდენტები?
- წელიწადში ოთხჯერ ვატარებთ კონფერენციებს, რომლებიც ეძღვნება დიმიტრი უზნაძის, შოთა ნადირაშვილის, ნოდარ ნათაძის ხსოვნას, მათ დაბადების დღეებთან დაკავშირებით.  მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები იღებენ მონაწილეობას, იმის მიხედვით,  ვინ როგორ გამოვიდა, ვაძლევთ სერტიფიკატებს. სხვა უნივერსიტეტებიდანაც  მოდიან სტუდენტები და ისინიც იღებენ სერტიფიკატს. ეს დიდი სტიმულია მათთვის. ასევე დიდი სტიმულია ევროპელი სპეციალისტების ლექციები. სტუდენტები მოწყურებულნი არიან ევროპულ განათლებას, ამიტომ ვაძლევთ საშუალებას, მოისმინონ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსული უცხოელი სპეციალისტების  ლექციები, დაესწრონ მათ, აგრეთვე მონაწილეობა მიიღონ პრაქტიკულ ვორშოფებში და ამით გაიმდიდრონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება. მათ 4 წლის მანძილზე დიდი გამოცდილება უგროვდებათ.

- რამდენად ზრუნავთ თქვენი კურსდამთავრებულების დასაქმებაზე?
- ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ იმ ორგანიზაციებთან, იმ ინსტიტუტებთან, იმ ადამიანებთან,  რომლებიც ასაქმებენ ჩვენს სტუდენტებს. ისინი ჩართული არიან სწავლების პროცესში, გვაძლევენ მონაცემებს, თუ რა სჭირდებათ და ეს ძალიან ხელსაყრელია ჩვენთვისაც, ვახერხებთ დავინახოთ რეალობა და კორექტივები  შევიტანოთ სწავლების პროცესში. ამასთან, სტუდენტების სადიპლომო ნაშრომებს ვაფასებთ და ვაქვეყნებთ  ჩვენს ჟურნალებსა და სხვა საერთაშორისო ჟურნალებშიც. ამით ფართო საზოგადოებას ვაცნობით ახალგაზრდა კადრებს, მომავალ ფსიქოლოგებს და ამასთან სპეციალისტებსაც ვაცნობთ, რომლებიც ორიენტირებული არიან მცოდნე ახალგაზრდების მოძიებაზე.

- დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
- გმადლობთ.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტოს ავტორი: ნუგზარ შონია