ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის TOP 5 კურსდამთავრებული

ყველაზე მნიშვნელოვანი რა ისწავლე SANGU-ში?
ანა ბერიაშვილი - სანგუმ შემმატა საკუთარი თავის რწმენა, რადგან უნივერსიტეტში ნებისმიერი პატარა წარმტების დროს გრძნობ საკუთარი შრომის შედეგს, რაც გარწმუნებს საკუთარ შესაძლებლობებში. ასევე, მან მასწავლა სირთულეებთან გამკლავება, რადგან ეს იყო პირველი ეტაპი, სადაც სირთულეებთან მარტო დავრჩი და მათთან გამკლავებას დამოუკიდევლად ვცდილობდი. 

წელს ვინც აბარებს იმათ რას ურჩევდი?
დავით გოგლიძე - წლევანდელ აბიტურიენტებს ვურჩევდი სამ რამეს:
1. დროის ეფექტიანად მართვას: წარმოიდგინეთ წესიერი სამკუთხედი, რომლის წვეროებია სწავლა, სოციალური ურთიერთობა და პირადი სივრცე. თუ ამ სამიდან მხოლოდ ერთს აირჩევთ, დანარჩენი ორისთვის დრო აღარ გექნებათ. მაგრამ, თუ სამკუთხედის ცენტრში დადგებით და საჭიროებისამებრ იმოძრავებთ იმ მხარისკენ, რომელიც კონკრეტულ მომენტში მეტად მნიშვნელოვანი იქნება, მაშინ წარმატების მეტი შანსი გექნებათ.
2. სხვა ინტერესების პროფესიასთან შერწყმას: უნივერსიტეტში ჩაბარებისას არ არის აუცილებელი თავი დაანებო იმ დარგს რომელიც ასევე გაინტერესებს. მაგალითად, მე ჯერ კიდევ 10-ე კლასიდან მიზიდავდა როგორც ეკონომიკა, ისე ინფორმატიკა. შესაბამისად, ჩავაბარე ფინანსებისა და საბანკო საქმის მიმართულებაზე და პარალელურად ვცდილობდი მიღებული ცოდნის კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებას, რაც გამოიხატა ჩემ საბაკალავრო ნაშრომში და კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტთან თანამშრომლობით დაწერილ საკონფერენციო თემაში;
3. ცვლილებების დროულად განხორციელებას: სტუდენტობა არის პერიოდი, როდესაც ხდება საკუთარი თავის შეცნობა. ამ დროს, სტუდენტმა შესაძლოა ვერ დაინახოს საკუთარი თავი იმ მიმართულებით რაზეც დაიწყო სწავლა. ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ დროულად შეცვალოს არჩევანი და მისდიოს იმ გზას, რომელიც არის მისთვის საინტერესო და პერსპექტიული.

ახლა რას აპირებ? რა გეგმები გაქვს?
დავით კურცხალია - ახლა ვაპირებ სწავლა მაგისტრატურაზე გავაგრძელო, თუმცა ამავდროულად მუშაობასაც ვაპირებ რადგან თეორიულთან ერთად პრაქტიკული ცოდნაც მინდა დავაგროვო.

არსებობს საგანი/ლექცია ან ლექტორი, რომელიც გამორჩეულად დაგამახსოვრდა? (ნებისმიერი თვალსაზრისით)
ნუცა გრიგალაშვილი - სიმართლე გითხრათ, ამ კითხვაზე სათქმელი ბევრი მაქვს, ყველასგან რაღაც განსაკუთრებული ვისწავლე და მადლობა მათ ამისთვის. მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ყველა საგანი თეორიულ საკითხებთან ერთად პრაქტიკულ ნაწილს სრულყოფილად მოიცავდა. ლექტორებისგან მუდმივად ვგრძნობდი მხარდაჭერას, მოტივაციას, არა მხოლოდ სალექციო საკითხებში, არამედ  პიროვნულ და პროფესიულ ნაწილშიც. ბოლოს  კი მაინც იმათ გამოვყოფ, ვინც ლექციების მიღმა ჩემს პროფესიულ განვითარებაზე იზრუნეს და არაერთი შემოთავაზებით, შანსის მოცემით, გამზარდეს. ესენი არიან: პროფესორი ირმა ხაჩიძე, ლია სვანიძე, თეა გოგოტიშვილი, დიმიტრი ნადირაშვილი, მაია კალანდარიშვილი, ალექსანდრე რუსეცკი, თამარ ტუხაშვილი, ნონა ახალაშვილი. არასდროს დამავიწყდება სტუდენტობის პირველ დღეს დიმიტრი ნადირაშვილთან საუბარი და შედეგად იმის განცდა, რომ SANGU-ში პიროვნულად გავიზრდებოდი. სიმბოლურია, რომ დიმიტრი ნადირაშვილის ხელმძღვანელობით დავწერე კვლევითი ნაშრომი „აქ და ამჟამად“ მდგომარეობის, კორონა პანდემიისგან გამოწვეულ შფოთვაზე და ამით დავაგეშტალტე ჩემი სტუდენტობა. 

ყველაზე მეტად რა მოგენატრება უნივერსიტეტში?
მარიამ შოთიაშვილი - უნივერსიტეტმა ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში, შევიძინე უამრავი მეგობარი. ყველაზე მეტად კი მომენატრება ის მეგობრული და თბილი გარემო, რომელიც უნივერსიტეტშია, 
ლექციები და ლექტორები ,რომლებიც გვიქმნიდენ საჭირო პირობებს სწავლისთვის.