„ილია ჭავჭავაძის მემორიალური ადგილები“ - პროფესორ ნიკო კვარაცხელიას ავტორობით შექმნილი ახალი სერტიფიცირებული კულტურული მარშრუტი

კულტურის სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული ახალი კულტურული მარშრუტი – „ილია ჭავჭავაძის მემორიალური ადგილები ქართული უნივერსიტეტის პროფესორის ნიკო კვარაცხელიას ავტორობით შეიქმნა.


რა მიზანს ემსახურება, რა კონტიგენტზეა გათვლილი და ვინ იქნებიან ჩართული აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ინტერვიუდან შეიტყობთ.

ბატონო ნიკო მოგესალმებით და გილოცავთ ამ არაჩვეულებრივ წამოწყებას.
მოგესალმებით, მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.

საქართველოს კულტურული მარშრუტების სტრატეგიული განვითარებისა და სერტიფიცირების უწყებათაშორისმა საბჭომ განიხილა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სერტიფიკატები მიანიჭა 5 ახალ მარშრუტს: მათ შორის მოხვდა თქვენ მიერ წარმოდგენილი მარშრუტი - „ილია ჭავჭავაძის მემორიალური ადგილები“.  რას წარმოადგენს, რა მიზანს ისახავს,  რა კონტიგენტზეა, გათვლილი თქვენი პროექტი?
კულტურული მარშრუტი - „ილია ჭავჭავაძის მემორიალური ადგილები“ მოწოდებულია, რომ საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით მოსწავლე-ახალგაზრდობას გააცნოს დიდი ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის პიროვნება, მის მიერ გაწეული ღვაწლი, მისი ურთიერთობები ქართველ და უცხოელ თანამედროვეებთან, დიდი პიროვნების პირადი ცხოვრება. მისი სახით ჩვენს ქვეყანას ჰყავდა ერის მამა, რომელმაც ტიტანური შრომა გასწია საკუთარი ქვეყნის ბედნიერებისათვის. ილიას ბიოგრაფია ნათლად წარმოაჩენს საქართველოს ისტორიულ და კულტურული ღირებულებებს. კულტურული მარშრუტი განეკუთვნება ადგილობრივ დონეს (კერძოდ, დედაქალაქ თბილისსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონს).

რას მოიცავს ,,კულტურული მარშრუტი’’, ვინ არიან უნივერისტეტის პარტნიორები პროექტის ფარგლებში, ტურის მონაწილე რის ნახვას შეძლებს და რა სახის ინფორმაციას მიიღებს?
უნივერსიტეტს ჰყავს ორი ოფიციალური პარტნიორი: 1. საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, რომელიც  დიდი ხანია რაც უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. იგი მოწოდებულია ხელი შეუწყოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისთვის ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნას და არსებულის პოპულარიზაციას ასოციაციის წევრ ტურისტულ სააგენტოებთან და ტუროპერატორებთან თანამშრომლობით; 2. ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის პროცესის გაშუქებისათვის. კულტურული ტური „ილია ჭავჭავაძის მემორიალური ადგილები“ ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ სტუდენტებს და მოსწავლე-ახალგაზრდობას მიეცეთ საშუალება უკეთ გაიცნონ ილია ჭავჭავაძის ცხოვრება, მისი მოძღვრების არსი. გარდა იმისა, რომ ერთდღიანი ტური სტუდენტს ილია ჭავჭავაძის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას მისცემს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივაც, რომლის საშუალებითაც სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას ერთობლივ კვლევებში ილიას ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. 

ვინ იქნებიან ტურის მომზადებაში ჩართული, ვინ გაუწევს ოპერირებას ტურისტებს?
იდეალური ვარიანტი იქნებოდა, თუკი უნივერსიტეტი შეძლებდა შესაფერისი პირობების შექმნას, რაც იოლი საქმე არ არის. კერძოდ: მიკროავტობუსის შეძენა, რადგან კოვიდ-19-ის გამო დიდი ჯგუფების ფორმირება არ არის შესაძლებელი; უნივერსიტეტის ეგიდით სპეციალიზებული სააგენტოს შექმნა, დახმარება მარშრუტში შემავალი ობიექტების GPS კოორდინატების დადგენაში, სარეკლამო მასალების ტიპოგრაფიული წესით დამზადებაში და ა. შ. უნდა დაზუსტებით ითქვას, რომ გვაქვს სურვილი ყველაფერი უნივერსიტეტის კედლებში გაკეთდეს, მაგრამ თუ ვერ მოხერხდა, მაშინ უნივერსიტეტის გარეთაც შეიძლება პარტნიორების მოძებნა.

სტუდენტების ჩართულობა თუ მოხდება აღნიშნულ პროექტში და რა სახით?
საყოველთაოდ ცნობილია, რომ პროექტში ჩართვა ნებისმიერი სავარაუდო მონაწილისათვის არის შესაძლებელი, ძირითადად მაშინ, როცა პროექტის კონტურები ხდება რეალურად გამოკვეთილი. ჩემმა სტუდენტებმა იცოდნენ პროექტის შესახებ, ხშირად ვმსჯელობდით მასზე. მაგრამ რეალურად ახლა იღებენ მონაწილეობას. ესენი არიან: ტურიზმის სპეციალობის დამამთავრებელი კურსის ოთხი სტუდენტი: ქეთევან ოსაძე; მზია აფციაური; რუსუდან ჩანტლაძე და დაჩი ჩიქოვანი. მათი მონაწილეობით უნდა მოხდეს ტექსტზე მუშაობა, საინტერესო ფაქტების მოძიება, რაც მთავარია მათ აქვთ მოტივაცია.

თქვენ უკვე ისაუბრეთ პროექტის მიზანზე, რა შედეგს ელოდებით მისი განხორციელებით?
ყველა ერს ჰყავს საამაყო შვილები, რომელთა საქმიანობის პოპულარიზაცია ეროვნული მნიშვნელობის საქმეა. ყველა სფერომ უნდა მიიღოს ასეთ საქმეში მონაწილეობა. ტურიზმი ვალშია დიდი მამულიშვილების წინაშე, რადგან დღემდე არ შექმნილა ასეთი თემატური მარშრუტი, რომელიც სტუდენტებს და მოსწავლე-ახალგაზრდობას მისცემს საქართველოს მღელვარე ისტორიაზე დაფიქრების საშუალებას.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა