ილია ჭავჭავაძის მემორიალური ადგილები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული საქართველოს კულტურული მარშრუტების სტრატეგიული განვითარებისა და სერტიფიცირების საბჭოს 2020 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სახელით წარდგენილ კულტურულ მარშრუტს: „ილია ჭავჭავაძის მემორიალური ადგილები“ მინიჭებოდა ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტის კანდიდატის სტატუსი. რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წლის ოქტომბერში, საბჭო საბოლოოდ განიხილავს თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდება აღნიშნული პროექტი.  უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა აგრძელებს მუშაობას პროექტის სრულყოფისათვის. ამ მიზნით, 23 აპრილს, სკოლის პედაგოგებისა (პროფ. ნინო დამენია; პროფ. ნიკო კვარაცხელია; ლექტორი მარინა ჩხარტიშვილი, კოორდინატორი ლია მეტონიძე) და სტუდენტების (რუსუდან ჩანტლაძე, მზია აფციაური, დაჩი ჩიქოვანი, გიორგი ბადაგაძე, ქეთევან ოსაძე, ვასილ ჩიტიძე, მანანა ცირდავა, გიორგი ბოლქვაძე, საბა ზღუდაძე) მონაწილეობით ჩატარდა კულტურული მარშრუტის აპრობაცია: მარშრუტის შემოვლა; გაჩერებებისა და საჩვენებელი ობიექტების დაზუსტება; სავარაუდო დროის და ტექსტების შეჯერება და საჩვენებელ ობიექტებზე ექსკურსიის ჩატარება. 

ილია ჭავჭავაძის მემორიალური ადგილების დასათვალიერებლად მარშრუტი მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონიდან დაიწყო. სადაც, წმინდა ილია მართლის საფლავთან, სტუდენტმა მზია აფციაურმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ილია ჭავჭავაძის, როგორც საზოგადო მოღვაწის შესახებ. პროფესორმა ნიკო კვარაცხელიამ ექსკურსიის მონაწილეებს გააცნო მწუხარე საქართველო - ილია ჭავჭავაძის საფლავის არქიტექტურა, რომელიც პეტრე მამრაძის მიერ შეიქმნა და შემდეგ მონუმენტი, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძემ პარიზში  შექმნა და ჩამოასხა. პანთეონიდან მონაწილეებმა გეზი წიწამურისაკენ აიღეს, სადაც, სტუდენტმა რუსუდან ჩანტლაძემ ისაუბრა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ. წიწამურთან, მარშრუტის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ილიას მკვლელობა ქართველმა ხალხმა ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნია, წმინდა ილიას დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა, შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია”, ხოლო ვაჟა-ფშაველა კი წერდა, რომ: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ“ და რომ 1987 წელს, საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა. წიწამურის შემდეგ გზა საგურამოსკენ აიღეს, სადაც მათ ელოდებოდა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი, ბატონი ანდრო ბედუკაძე. მუზეუმის თანამშრომლებმა სასიამოვნო მასპინძლობა გაუწიეს სტუდენტებს და მუზეუმის დათვალიერების შემდეგ პასუხი გასცეს მათ ყველა შეკითხვას.

მარშრუტის აპრობაციამ ნათლად აჩვენა, რომ საჭიროა კიდევ რიგი აქტივობების განხორციელება, იმისათვის, რომ კულტურულმა მარშრუტმა მიიღოს საბოლოო სახე. კერძოდ, საჭიროა მარშრუტის ტექნოლოგიური რუკის  და გიდისთვის სამუშაო ტექსტის შედგენა. აღნიშნული სამუშაოების ჩატარება დაგეგმილია 2021 წლის ივნისისათვის. ამ დროისთვის მზად იქნება კრებული, რომელშიც შევა მარშრუტთან დაკავშირებული ყველა მოძიებული მასალა, რომელიც გახდება გიდის სახელმძღვანელო აღნიშნულ მარშრუტზე. 

პროექტზე მომუშავე სტუდენტებმა აირჩიეს მარშრუტთან დაკავშირებული ცალკეული თემები: კლასიკური გიმნაზია და მთაწმინდის პანთეონი (მზია აფციაური); ილია ჭავჭავაძის საქმიანი და პირადი ურთიერთობები ქართველ და უცხოელ საზოგადო მოღვაწეებთან (დაჩი ჩიქოვანი); წიწამური მემორიალი და საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი (რუსუდან ჩანტლაძე). გაწეული საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმები დასახა პროექტის კოორდინატორმა, პროფ. ნიკო კვარაცხელიამ. 

ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ქართული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, რექტორს, პროფესორ სერგო ვარდოსანიძესა და კანცლერს, ბატონ თამაზ ვაჩაძეს, ილია ჭავჭავაძის მემორიალური ადგილების ექსკურსიის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის. მადლობა  საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მენეჯერს, ბატონ ნუგზარ შონიას ფოტოდოკუმენტაციისათვის.

აღნიშნული მარშრუტი ასახულია კულტურული მარშრუტების მობილურ აპლიკაციაში.

აპლიკაცია Android პლატფორმისთვის

აპლიკაცია iOS პლატფორმისთვის