ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტები

kartuli-universitetis-stipendian-8

როდესაც ჩვენი უნივერსიტეტის სტიპენდიანტების ცხოვრებას ვეცნობით, გვაინტერესებს მათი შინაგანი სამყარო, განვლილი ცხოვრება, დამოკიდებულება საკუთარი თავის, სწავლის პროცესისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებისადმი. მაგრამ რამდენად საინტერესო ხდება მონათხრობი, როცა ამ საკითხებზე გვესაუბრება  ფსიქოლოგიის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი, რომელმაც საკუთარ თავში ჩაღრმავებით ბევრ კითხვას გასცა პასუხი და ახლა შეუძლია ჩვენც უფრო ღრმად ჩაგვახედოს ცხოვრებაში, თავის სულიერ სამყაროში, დაგვაფიქროს   ცხოვრებისეულ ორიენტირებზე და გვესაუბროს  თვითშემეცნების პროცესზე.
დღევანდელ რუბრიკაში წარმოგიდგენთ ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტს, ანანო ვაშაკიძეს.

- მოგესალმები, ანანო!
- მოგესალმებით.

- გვიამბე, რა იყო მნიშვნელოვანი შენს ცხოვრებაში უნივერსიტეტში მოსვლამდე? 
- მოგესალმებით და მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის. უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარება მოულოდნელი იყო ჩემი ახლობლებისთვის, გარემოსთვის, რომელშიც ვცხოვრობდი, ვიზრდებოდი, ჩემი სოციუმისთვის. არ გავამართლე მათი მოლოდინი და სულ სხვა გადაწყვეტილება მივიღე. იმას ვგულისხმობ, რომ ყველა ელოდა ჩემგან, რომ ჟურნალისტის პროფესიას ავირჩევდი, ვინაიდან სკოლის პერიოდში აქტიურად ვიყავი ჩართული არაფორმალურ განათლებაში, გავდიოდი პრაქტიკას ტელეკომპანია „მეცხრე ტალღაში“, ვმონაწილეობდი სხვადასხვა ორგანიზაციებისა და საქველმოქმედო ფონდების მიერ განხორციელებულ მრავალ საქველმოქმედო-საგანმანათლებლო პროექტში. ეს აქტივობები ჩემს ექსტრავერტულ მხარეს ნათლად წარმოაჩენდა, ამიტომ ფიქრობდნენ, რომ ამ გზას გავაგრძელებდი.

- რამ განაპირობა მოულოდნელი გადაწყვეტილების მიღება?
- ჩემი შინაგანი ხმის კარნახმა. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როდესაც „ეგზისტენციალურ ვაკუუმში“ ექცევა და შემდგომ უჩნდება თვითგამორკვევის კითხვები. ამ დროს მივხვდი, რომ ჟურნალისტიკა ვერ შეძლებდა ჩემთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გაცემას და სხვა რა, თუ არა ფსიქოლოგია, დამეხმარებოდა თვითშემეცნებაში, საკუთარი დანიშნულებისა და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. ამასთან, მიმოვიხედე ირგვლივ და ნათლად დავინახე ჩემი, როგორც ფსიქოლოგის, საჭიროება ადამიანების გვერდით. ვფიქრობდი, რომ მას შემდეგ, რაც სუბიექტურ განცდაში ბევრ პრობლემას  გადავლახავდი, ადვილად შევძლებდი სხვებსაც დავხმარებოდი. ამგვარად აღმოვჩნდი აქ, ამ ფაკულტეტზე და ვეუფლები პროფესიას, რომელიც დღეს ჩემთვის ჩემი ცხოვრების ყველაზე სწორ არჩევნად მიმაჩნია.

- რა მოგცა ქართულ უნივერსიტეტში გატარებულმა ორმა წელმა როგორც პროფესიული, ისე პიროვნული ზრდისა და ჩამოყალიბების თვალსაზრისით?
- ქართულმა უნივერსიტეტმა, ვიტყოდი, რომ საუკეთესო ნიადაგი შემიქმნა პიროვნული ზრდისთვის, თვითშემეცნებისთვის. თუ აქამდე მუდმივად სხვა ადამიანებზე ვიყავი ორიენტირებული და ექსტრავერტული მხარე სჭარბობდა ჩემში, აქ გატარებულმა ორმა წელმა საკუთარ თავში „ჩამაბრუნა“ და შეძლო ექსტრავერსიისა და ინტრავერსიის ჰარმონიული სინთეზი მოეხდინა ჩემში. ფსიქოლოგიამ შემაძლებინა ყველა აქამდე ამოუხსნელი მოვლენა გამეცნობიერებინა, შევძელი გაგება და ღრმა წვდომა იმისა, თუ რა შეიძლება იდგეს ადამიანების ქცევებისა და სიტყვების მიღმა. გაცნობიერებული ურთიერთობების შესაძლებლობა მომეცა. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ლექტორები, ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები, გარე მოტივაციისა და საყრდენის როლს ასრულებენ ჩემს წინსვლაში, რადგან უდიდეს ძალას და გამბედაობას ანიჭებს ადამიანს ის გარემოება, რომ მისი სჯერათ, მისი შესაძლებლობების, ნიჭისა და წარმატების სწამთ. 

- სტიპენდიანტობა მარტივი არაა და სწავლის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მოითხოვს. თუ გრჩება დრო გასართობად?
- ვერ ვიტყოდი, რომ სტიპენდიანტობა ძნელია და არ მგონია, რომ ვინმესთვის მიუღწეველი იყოს რაიმე, თუკი ნამდვილად სურს, მთავარია სურვილის სიძლიერე. სემესტრის დასაწყისში მახსოვს, როგორ მივეცი ჩემს თავს სიტყვა, რომ აუცილებლად ყველა საგანს 100 ქულაზე დავხურავდი, მიზანს მივაღწიე, თუმცა გულწრფელად რომ გითხრათ, ამისთვის დიდი ძალისხმევა არ დამჭირვებია, რადგანაც იმდენად საინტერესო საგნებს გავდიოდი, რომ თავად სწავლის პროცესი იყო ჩემთვის სასიამოვნო. თანაც მაქსიმალისტი ვარ, თუკი რაიმე მიზნად დავისახე, ყველა დაბრკოლება, რომელიც შემდგომ მიზნისკენ სავალ გზაზე მხვდება, აუცილებლად მაძლიერებს და განმამტკიცებს. სწავლისთვის დიდი დრო არ მეხარჯება, ადვილად ვითვისებ, ამიტომაც თანაბრად ყველაფრისთვის მყოფნის. ჩემთვის მიღებულ ცოდნასთან ერთად ყველაზე ღირებული ის ურთიერთობებია, რომელიც უნივერსიტეტმა მაჩუქა. ბედნიერი ვარ, როცა ჩემს ცოდნას მეგობრებს ვუზიარებ, ერთად განვიხილავთ, ვმსჯელობთ, ვადარებთ ნასწავლ მასალას და ვავლებთ საინტერესო პარალელებს ჩვენს გამოცდილებასთან. ამასთან, ისიც დიდი ფუფუნებაა, როცა შეგიძლია ისეთ კომპეტენტურ და პროფესიონალ ლექტორებთან, რომელთა სტუდენტობის ბედნიერებაც მე მხვდა წილად, ღირებულ საკითხებზე იმსჯელო, გაუზიარო მათ შენი შეხედულება, ერთად გააანალიზოთ და აღმოაჩინოთ მნიშვნელოვანი კავშირები ფსიქოლოგიაში. ფსიქოლოგია მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღება არაა, ეს არის თეორიულ საგანძურთან ერთად დინამიური და უწყვეტი შემეცნების, დაკვირვების, ანალიზის, საკუთარ და სხვების გამოცდილებაზე მორგების, საინტერესო აღმოჩენების პროცესი, რომელიც მიღებულ ცოდნასთან ერთად შენც გზრდის, პიროვნებად გაყალიბებს და გაძლევს საშუალებას შენი ცოდნითა და გამოცდილებით სხვებსაც დაეხმარო. შეუძლებელია ის პროფესია, რომლის მუდმივი თანმდევია საინტერესო აღმოჩენები და მიგნებები, ოდესმე მოგწყინდეს.

- ახლა, როცა დისტანციურმა სწავლებამ მეტი თავისუფალი გრაფიკი მოგცათ სტუდენტებს,   როგორია შენი სტუდენტური დღეები?
- დისტანციური სწავლება ყველასთვის ახალი გამოწვევაა, თუმცა მიხარია, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ლექტორებმაც და სტუდენტებმაც საკმაოდ ადვილად მოვახერხეთ ადაპტაცია არსებულ რეალობასთან. ერთობლივი ძალისხმევით ვცდილობთ, ამ პირობების მიუხედავად, სწავლების მაღალი ხარისხი კვლავინდებურად შევინარჩუნოთ. ისე კი ძალიან მენატრება ლექტორებთან და მეგობრებთან ცოცხალი ურთიერთობები და აქტიური სტუდენტური ცხოვრება, რომელიც ამ პირობებში კიდევ უფრო მეტად დავაფასე.

- გზავნილი თანატოლებს...
- ყოველთვის ისიამოვნეთ სწავლის პროცესით, გაიხადეთ სწავლა არა რუტინად, არამედ შემეცნებისა და განვითარების წყაროდ. როცა სწავლის პროცესი სასიამოვნო იქნება და თქვენც შემეცნებაზე იქნებით ორიენტირებული - შედეგიც არ დააყოვნებს და აუცილებლად დაგიფასდებათ. თქვენ მიერ განვლილი ყველა საგნიდან შეიძლება მიიღოთ ის ცოდნა, რომელიც თქვენი განვითარებისთვის არის საჭირო, ისევე, როგორც ყველა ადამიანისგან შეიძლება ისწავლოთ რაღაც ღირებული. და მაინც ყველაზე მთავარი საკუთარ თავზე და არჩევანზე პასუხისმგებლობის აღება მგონია. გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ, იყავით მიზანდასახულები და ყველა მარცხი გაიხადეთ არა დანებებისა და უკუსვლის საფუძვლად, არამედ ძალად თქვენი  წარმატებისკენ სავალ გზაზე და მაშინ, როცა ნამდვილად მიაღწევთ წარმატებას, არასდროს დაივიწყოთ, საიდან დაიწყეთ და ვინ გყავდათ გვერდით.  არასდროს შეწყვიტოთ განვითარება და საკუთარ თავზე მუშაობა.

- შესანიშნავი სიტყვებია, დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.
- გმადლობთ.
 

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა