ქართველი ფსიქოლოგები ბუდაპეშტის საერთაშორისო გეშტალტთერაპევტთა მე-15 კონფერენციაზე

2019 წლის 27-30 სექტემბერს ქართული უნივერსიტეტის პროფესორებმა დიმიტრი ნადირაშვილმა და თეა გოგოტიშვილმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის გეშტალტთერაპევტთა საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში და წელს მას უნგრეთი, ბუდაპეშტი მასპინძლობდა. ქართველმა ფსიქოლოგებმა და ევროპაში ლიცენზირებულმა გეშტალტთერაპევტებმა კონფერენციაზე ჩაატარეს ლექცია-ვორქშოფი, რომელიც მათი ორიგინალური კონცეფციითაა შექმნილი, სათაურით „პიროვნების ხასიათის ფორმირება და ცვლილებების შესაძლებლობანი“. ლექციის ნაწილში წარმოდგენილ იქნა კონცეფცია, რომელიც პიროვნების ხასიათის წარმოშობას უკავშირდება, ხოლო პრაქტიკულ ვორქშოფში ნაჩვევები იქნა მეთოდი თუ როგორ ხდება ხასიათის გაცნობიერება და მასში ცვლილების შეტანის შესაძლებლობანი. პარალელურად მთელი დღის განმავლობაში მსოფლიოს წამყვანი გეშტალტთერაპევტები მართავდნენ ლექცია-სემინარებსა და პრაქტიკულ ვორქშოფებს.

ქართველი გეშტალტთერაპევტებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი გახლდათ ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის წარმომადგენლობით ორგანოში არჩევნები, კერძოდ ასოციაციის კვლევით კომიტეტში გაიმართა არჩევნები, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის რვა კანდიდატი მონაწილეობდა, საკონკურსო ოთხ ადგილზე. ქართული დელეგაციის სასიხარულოდ პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი არჩეულ იქნა კვლევით კომიტეტში. კომიტეტის მიზნებია გეშტალტთერაპიაში კვლევების ხელშეწყობა ევროპასა და მსოფლიოში და მომავალი კვლევითი კონფერენციის მომზადება, რომელიც გერმანიაში ქალაქ ჰამბურგში გაიმართება.

ფსიქოთერაპია და გეშტალტთერაპია მაღალ დონეზე ისწავლება ქართულ უნივერსიტეტში, ის განწყობის თეორიასთან ერთად პრიორიტეტულადაა წარმოდგენილი. პროფესორებმა თეა გოგოტიშვილმა და დიმიტრი ნადირაშვილმა დაბრუნების შემდეგ უნივერსიტეტში გამართეს ანალოგიური ლექცია, რომელიც ბუდაპეშტში იყო წარმოდგენილი. სტუდენტებმა მოისმინეს და დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები მომხსენებლებთან. უნივერსიტეტში არსებული ინტერესი ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის მიმართ კარგი სტიმულია ამ მიმართულებების განსავითარებლად საქართველოში და მიღწევების გასატანად ევროპულ სამეცნიერო სივრცეში.