ლიკა კაპანაძე

lika-kapanadze

ცხოვრება გარკვეულ ეტაპზე ყოველთვის გვაყენებს არჩევანის წინაშე, შენ კი ამ დროს ვალდებული ხარ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შენს ცხოვრებას გაცილებით საინტერესოს და წარმატებულს გახდის.

ვფიქრობ, სულაც არ იქნება ,,ხმამაღლად’’ ნათქვამი, თუ ვიტყვი, რომ მე ერთხელ უკვე მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც ჩემი ცხოვრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს დავუკავშირე. დიდი ხანია მსურს იმ გულწრფელი ემოციების გამხელა, რომელიც ჩემს გულშია დავანებული. სათქმელიც ბევრი მაქვს მაგრამ მიჭირს დაწყება, მინდა ყველას ვუამბო მის განაკუთრებულობაზე, თან ისე რომ, თითოეულმა სიტყვამ უბრალოება არ დაკარგოს და თან თითოეული მათგანი ჩემს ემოციას გავუტოლო.

პირველ რიგში, მინდა განვსაზღვრო, ზოგადად, უნივერსიტეტის არსი.

უნივერსიტეტის ამოცანაა დაეხმაროს სტუდენტს ჭეშმარიტების ძიებაში, ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე ნათლად ვლინდება ეპოქის მაჯისცემა. ადგილი, სადაც მასწავლებელთა და სტუდენტა სახით ერთიანდებიან ადამიანები, რომელთა პროფესია, უპირველესად, ჭეშმარიტების ძიებაა, ჭეშმარიტებისავე სახელით.  ყოველივე ამის ნათელი მაგალითი ქართული უნივერსიტეტია.

კარგად მახსოვს პირველი შთაბეჭდილება, პირველი დღე, რომლის შესახებაც უნივერსიტეტიდან  დაბრუნების შემდეგ ბევრს ვუამბე. მე ვგრძნობ, რომ ქართულმა უნივერსიტეტმა მომცა საკუთარი თავის და ძალების შეცნობის საშუალება. სტუდენტობა საკუთარი თავის აღმოჩენაა და მე საკუთარი თავი აქ, ამ კედლებში ვიპოვე. უნივერსიტეტში გატარებული თითოეული დღე მზრდის და მაახლოებს წარმატებასთან.

- რა იქნებოდა, რომ არა ,,ქართული უნივერსიტეტი?! “

პასუხი არ ყოფილა მოულოდნელი. გულწრფელად ვამბობ, ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი სხვაგან, სხვა გარემოში.

რაკი გარემოზე დავიწყე საუბარი, ალბათ, დამეთანხმებით, რომ პიროვნულ ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალური გარემო, ადგილი სადაც დროის გატარება გიწევს. ამ მხრივ არ შემიძლია არ აღვნიშო ის ადამიანები, რომელნიც ზრუნავენ ჩვენს სწავლა-განათლებაზე. ისინი გამორჩეულნი არიან თავიანთი ინტელექტით და პირველ რიგში ადამიანობით. მე მათ არა მხოლოდ ცოდნის დაუფლების საშუალება მომცეს, არამედ სწავლასთან ერთად ადამიანობა მასწავლეს, სიყვარული მოყვასისა და სამშობლოსი. კიდევ უფრო მეტად გააღვივეს ჩემში პატრიოტიზმის განცდა, ბრძოლისა და ჟინის სურვილი, რომ თუ მოვინდომებ, ყველაფერს შევძლებ და ყველაფერი გამომივა.

უკვე დამამთავრებელ კურსზე ვარ და იმის წარმოდგენაც არ მინდა, რომ ერთ დღეს ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს. ვერც კი მივხვდი, ისე გაირბინა დრომ. წლების მანძილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გარდა ამ უნივერსიტეტის წყალობით შევიძინე მეგობრები, ჩემთვის საკმაოდ ძვირფასი ადამიანები. ამ პერიოდის განმავლობაში მონაწილეობა მივიღე რამდენიმე სტუდენტურ კონფერენციაში, რამაც მეტი გამბედაობა და გამოცდილება შემძინა, მადლობა ამისთვის და ზოგადად ყველაფრისთვის საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს.

სტუდენტური დღიურის ეს ფურცელი სამარადისოდ აღიბეჭდება ჩემს გონებაში. მგონია, რომ ამით შევძლებ მადლობა გადავუხადაო ჩემს უნივერსიტეტს, რომელიც ასე ძალიან მიყვარს.

დასასრულს მინდა აკაკი წერეთლის სიტყვები გავიხსენო: "რაში მდგომარეობს ჩვენი ხალხის ბედნიერება? მხოლოდ ერთს განათლებაში, რომ ჩვენი ხალხი ზნეობით ამაღლდეს’’.