მობილობის წესი და პროცედურა

რა ეტაპები და რა თანმიმდევრობით უნდა გაიაროს სტუდენტმა მობილობის განხორციელებისათვის?

  1. გაიაროს რეგისტრაცია მობილობის ელ. პორტალზე https://students.emis.ge/
  2. გააკეთოს ელ-განაცხადი მობილობაზე: დააფიქსიროს არჩევანი (უსდ, პროგრამა) და დაალაგოს იგი პრიორიტეტებად
  3. გადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი) სს საქართველოს ბანკში
  4. გაეცნოს მობილობის შედეგებს ელ - პორტალზე პირად სარეგისტრაციო ფანჯარაში
  5. დადებითი პასუხის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს წერილობითი განცხადებით მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარუდგინოს პირადი საქმის ასლები
  6. გაეცნოს მიმღები უსდ-ს მიერ აღიარებულ კრედიტების რაოდენობას და წერილობითი განცხადებით დაადასტუროს თანხმობა/უარი

როდის რეგისტრირდება პორტალზე და როდის აკეთებს მობილობის ელექტრონულ განაცხადს მობილობის მსურველი სტუდენტი?

  • სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში

რა შემთხვევაში აქვს სტუდენტს მობილობის უფლება?

  • მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი წლის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განამვლობაშიც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.
  • მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში. ამ პუნქტის მიზნებისათვის დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამები განიხილება აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადად.
  • მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელსაც შეესაბამება მის მიერ ჩაბარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი.

ვის აქვს პორტალზე მომხარებლად რეგისტრაციის უფლება?

  • პორტალზე მომხარებლად რეგისტრაციის უფლება აქვს, პირს, რომელიც ასახულია საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში და კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული აქვს სტუდენტის სტატუსი.

როგორ უნდა განახორციელოს მობილობა იმ სტუდენტმა, რომლის მონაცემებიც არ ფიქსირდება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში?

  • შესაბამისი ინფორმაციის რეესტრში ასახვის მიზნით, მიმართავს მართვის სისტემას ან/და იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელშიც ირიცხება სტუდენტი და საიდანაც უფლებამოსილია განახორციელოს მობილობა. ხოლო თუ დაწესებულება, რომელშიც ირიცხება სტუდენტი, ლიკვიდირებულია უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე - მართვის სისტემას.

სტუდენტს, რომელსაც შეჩერებული ან შეწყვეტილი აქვს სტუდენტის სტატუსი, აქვს თუ არა მობილობის უფლება?

  • სტუდენტს, რომელსაც შეუწყდა სტუდენტის სტატუსი, მობილობის უფლება აქვს სტატუსის შეწყვეტიდან 12 თვის განმავლობაში.
  • სტუდენტს, რომელსაც შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში.
  • 2010 წლის 4 თებერვლამდე ყველა გარიცხული/ამორიცხული სტუდენტი განიხილება სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად და უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით:
    • გარიცხვის/ამორიცხვის ბრძანების თარიღიდან 10 წლის განმავლობაში
    • აღიარებულ რეჟიმში სწავლის შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში

როგორ რეგისტრირდება სტუდენტი ელ-პორტალზე მომხარებლად?

  • სტუდენტი მობილობის ელექტრონულ პორტალზე მომხარებლად რეგისტრირდება თერთმეტნიშნა პირადი ნომრის მეშვეობით.

რამდენი არჩევანის დააფიქსირება შეუძლია სტუდენტს მობილობის ელექტრონულ განაცხადში?

  • მობილობის მსურველს შეუძლია პორტალზე აირჩიოს არაუმეტეს ხუთი საგანმანთლებლო პროგრამა. მობილობის მსურველი უფლებამოსილია, გააკეთოს არჩევანი პრიორიტეტულობის პრინციპის (უპირატესობის პრინციპი) დაცვით. პრიორიტეტულობის პრინციპი ნიშნავს სტუდენტისათვის სასურველი პორგრამების ჩამონათვლის დადგენას (დალაგებას) პრიორიტეტული რიგითობით (თანმიმდევრობით), რომელზეც სურს ჩაირიცხოს მობილობის წესით. 
    მობილობის მსურველმა თითოეული არჩევანი უნდა დაარეგისტრიროს ცალ-ცალკე. შეცდომის დაშვების შემთხვევაში, ელექტრონული პორტალი იძლევა სტუდენტის მიერ არჩეული პროგრამების შეუზღუდავი რაოდენობით რედაქტირების საშუალებას, (თანმიმდევრობის შეცვლა, არჩეული პროგრამის წაშლა, ახლის დამატება და ა.შ.)

შეუძლია თუ არა სტუდენტს შეცვალოს მის მიერ პორტალზე გაკეთებული არჩევანი?

  • პორტალზე განაცხადის რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე, სტუდენტი უფლებამოსილია შეცვალოს/წაშალოს მის მიერ გაკეთებული არჩევანი.

როგორ და სად უნდა გადაიხადოს მობილობის მსურველმა სტუდენტმა მობილობის საფასური?

  • თანხის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ, მას შემდეგ, რაც სტუდენტი დარეგისტირდება ელ-პორტალზე მომხმარებლად და გააკეთებს არჩევანს.
    მობილობის საფასურის გადახდისათვის, სტუდენტმა უნდა მიაკითხოს სს საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს, მიმართოს ბანკის ოპერატორს აღნიშნულის თაობაზე და წარუდგინოს პირადობის მოწმობა.

ვინ თავისუფლდება მობილობის საფასურისგან?

  • მობილობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება: ა) სტუდენტი, რომლის ოჯახიც მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პერიოდში რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.

რა შემთხვევაში განიხილება მობილობის მსურველის განაცხადი პორტალზე შედეგების დათვლისას?

  • მობილობის მსურველის განაცხადი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება განხილული პორტალზე შედეგების დათვლისას, თუ მობილობის მსურველი სტუდენტი მობილობის საფასურს გადაიხდის განაცხადის რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე.

რის მიხედვით ხორციელდება პორტალზე კონკურსი?

  • გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი ელექტრონულ პორტალზე მიმდინარეობს სტუდენტის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებისა და საკონკურსო ქულის გათვალისწინებით.
    ორი ან მეტი თანაბარი საკონკურსო ქულის მქონე სტუდენტის ბოლო საკონკურსო ადგილზე გასვლის შემთხვევაში, პორტალზე მობილობის უფლებას მოიპოვებს თითოეული მათგანი.
    სტუდენტები, რომლებსაც რეესტრში არ უფიქსირდებათ საკონკურსო ქულა (ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტები, მაგისტრანტები, დოქტორანტები) პორტალზე მობილობით გადასვლის უფლებას მოიპოვებენ კონკურსის გარეშე (უკონკურსოდ).

აქვს თუ არა უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობისათვის დააწესოს დამატებითი მოთხოვნები?

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები სტუდენტების მობილობით ჩარიცხვასთან დაკავშირებით (გამოცდა, შემოქმედებითი ტური, გასაუბრება და ა.შ) ან/და შეზღუდოს კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება კონკრეტული პირობით (სწავლების წელი, ათვისებული კრედიტების რაოდენობა და ა.შ.).
    დამატებითი მოთხოვნების არსებობა აისახება ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის შენიშვნების გრაფაში. სტუდენტი ვალდებულია აღნიშნულ მოთხოვნებს გაეცნოს და გაითვალისწინოს.

სად და როდის შეუძლია სტუდენტს ნახოს პორტალზე მოპოვებული შედეგი?

  • მობილობის შედეგების გამოცხადების შემდგომ, მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტს შეუძლია საკუთარი შედეგი იხილოს პორტალზე - პირად სარეგისტრაციო ფანჯარაში. აღნიშნულის თაობაზე სტუდენტს ეცნობება მოკლე ტექსტური შეტყობინების და ელ.ფოსტის დახმარებით.

როგორ ირიცხება სტუდენტი მობილობის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში?

  • ელექტრონული პორტალის მონაცემების მიხედვით, მობილობის უფლების მოპოვების (დადებითი პასუხის) შემთხვევაში, სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს წერილობითი განცხადებით მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, მის მიერ დადგენილ ვადებში, და წარადგინოს პირადი საქმის ასლები.
    ყურადღება!!! უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლიდანაც გადადის სტუდენტი, არ აქვს უფლება ხელი შეუშალოს მას პირად საქმეში არსებული დოკუმენტაციის ასლების მიღებაში.

როგორ ხდება მიმღები დაწესებულების მიერ კრედიტების აღიარება?

  • კრედიტების აღიარება ხორციელდება სტუდენტის მიერ წარდგენილი პირად საქმეში არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე. მობილობის მსურველის მიერ დაგროვილი კრედიტების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
    მნიშვნელოვანია! სტუდენტი უნდა გაეცნოს მიმღები დაწესებულების მიერ აღიარებული კრედიტების შესახებ ინფორმაციას, რათა იმოქმედოს საკუთარი ინტერესის შესაბამისად და წერილობით დაადასტუროს უარი ან თანხმობა აღიარებული კრედიტების თაობაზე.

როდის ითვლება სტუდენტი მობილობით გადასულად მიმღებ დაწესებულებაში?

  • სტუდენტი მობილობით გადასულად ითვლება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ სტუდენტის მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის დღიდან.

როგორ შეუძლია სტუდენტს უარი განაცხადოს მობილობით ჩარიცხვაზე?

  • თუ სტუდენტი უარს აცხადებს მობილობის წესით ჩარიცხვაზე, წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების გამოცემამდე.

რა შემთხვევაში უბრუნდება სტუდენტს მობილობის რეგისტრაციისთვის გადახდილი საფასური?

  • მობილობის რეგისტრაციისთვის გადახდილი საფასური (40 ლარი) სტუდენტს სრულად დაუბრუნდება:
    • ა) თუ მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ აღმოჩნდება, რომ მას არ აქვს გაკეთებული/დაფიქსირებული განაცხადი/არჩევანი მობილობაზე.
    • ბ) თუ საფასური გადახდილია დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა.
  • საფასურის დაბრუნების შესახებ წერილობითი მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის განმავლობაში. გადახდილი საფასური ამ ვადის გასვლის შემდეგ არ ბრუნდება. ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია. საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

როგორ შეიძლება მობილობის მსურველის კონკრეტულ დაწესებულებაში ჩარიცხვის სავარაუდო შესაძლებლობების განსაზღვრა?

  • კონკრეტულ დაწესებულებაში მობილობის მსურველის ჩარიცხვის სავარაუდო შესაძლებლობის განსაზღვრისათვის სტუდენტმა უნდა გაითვალისწინოს მობილობის პორტალზე ასახულ თითოეულ პროგრამაზე პირველი პრიორიტეტით ჩარიცხვისათვის აუცილებელი მინიმალური საკონკურსო ქულა, რომელიც შეესაბამება ამ პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობის შესაბამისი კონკურსანტების ქულებისგან უმცირესს. კონკურსის არსებობის შემთხვევაში, შესაბამის პროგრამაზე მოხვედრისათვის სტუდენტის საკონკურსო ქულა უნდა უტოლდებოდაეს ან/და აღემატებოდეს პორტალზე ასახულ მინიმალურ საკონკურსო ქულას.
    მნიშვნელოვანია! - მინიმალური საკონკურსო ქულის შესახებ მონაცემები დინამიკურია და შეიძლება შეიცვალოს ამ პროგრამაზე მობილობის სხვა მსურველების განაცხადების გაკეთების/რეგისტრაციის შესაბამისად.
    მნიშვნელოვანია! - მობილობის უფლება სტუდენტს მიენიჭება მის მიერ მითითებული პრიორიტეტების გათვალისწინებით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას პირველ რიგში მოიპოვებენ ის მობილობის მსურველები, რომლებსაც აღნიშნული დაწესებულება პირველ პრიორიტეტად აქვთ მითითებული, დარჩენილი ადგილები განაწილდება მეორე, მესამე და ა.შ. პრიორიტეტებით რეგისტრირებული განაცხადების შესაბამისად.

ინფორმაცია სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით სარგებლობის შესახებ:

  • სახელმწიფო სასწავლო გრანტით ფინანსდება:
    • ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები - არაუმეტეს 4 წელი;
    • მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამა - არაუმეტეს 5 წელი;
    • ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა - არაუმეტეს 5 წელი;
    • დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა - არაუმეტეს 6/არაუმეტეს 5 წელი;
    • მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა - არაუმეტეს 1 წელი.
    • ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა - არაუმეტეს 1 წელი
  • სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით - არაუმეტეს 2 წელი
  • ერთ საგანმანათლებლო საფეხურზე (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) გრანტი (მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში) გაიცემა მხოლოდ ერთხელ;
  • ერთი საფეხურის რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში, გრანტი გაიცემა მხოლოდ ერთი პროგრამის დასაფინანსებლად;
  • გრანტის თანხა ითვლება რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით;
    ბაკალავრიატის საფეხურზე ყოველი სასწავლო წლის 1 ნოემბრისა და 1 აპრილის მონაცემების გათვალისწინებით;
    მაგისტრატურის საფეხურზე ყოველი სასწავლო წლის 15 ნოემბერისა და 1 აპრილის მონაცემების გათვალისწინებით;
    მართვის სისტემა საგრანტო თანხების გაანგარიშებას ახორციელებს მხოლოდ ზემოხსენებულ თარიღებში რეესტრში აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებად დაფიქსირებული პირებისათვის, რომლებიც ირიცხებიან აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე;
  • უსდ-ს მიერ რეესტრში სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა არის უსდ-სთვის შესაბამისი სტუდენტის მიერ მოპოვებული გრანტის გადარიცხვის შეჩერების საფუძველი;

ამ საფუძვლით გრანტის გადარიცხვის შეჩერების ან გრანტის გადარიცხვაზე უარის თქმის შემთხვევაში უსდ არ არის უფლებამოსილი, მოსთხოვოს სტუდენტს გადაურიცხავი გრანტის ოდენობის შესაბამისი თანხის ან/და მისგან გამომდინარე სხვა გადასახდელების (პროცენტი, ჯარიმა და ა.შ) გადახდა.

გრანტით ფინანსდება მხოლოდ აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამები!!!

მობილობის/შიდა მობილობის შემთხვევაში:

  • სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანა შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე
  • სტუდენტს მოპოვებული გრანტი გადაყვება თავდაპირველად მოპოვებული ოდენობით.
  • როცა მიმღები პროგრამის საფასური ნაკლებია სტუდენტის მიერ მოპოვებული გრანტის ოდენობაზე, გრანტი უტოლდება ამ პროგრამის საფასურს.
  • ყოველი შემდგომი მობილობისას, სტუდენტს გრანტი მიყვება წინა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში/პროგრამაზე არსებული ოდენობით.
  • თუ სტუდენტი სწავლას აგრძელებს თავდაპირველი პროგრამისგან განსხვავებულ პროგრამაზე, მიმღები პროგრამით სწავლა დაფინანსდება თავდაპირველი პროგრამით სწავლის დაფინანსებისათვის დარჩენილი წლების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს მიმღები საგანმანათლებლო პროგრამისათვის კანონით გათვალისწინებული წლების განმავლობაში.

მობილობის/შიდა მობილობის შემთხვევაში დაუშვებელია:

  • სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანა არააკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
  • ნაწილობრივი გრანტის ან/და სოციალური გრანტის გადატანა იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც სტუდენტის მიერ ამ გრანტის მოპოვების წელს ფინანსდებოდა მხოლოდ სრული გრანტით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სოციალური გრანტი მოპოვებულია იმ პროგრამაზე, რომელიც სტუდენტის მიერ სოციალური გრანტის მოპოვების წელს ფინანსდებოდა მხოლოდ სრული გრანტით (აღნიშნული შეზღუდვა ეხება იმ სტუდენტებს, რომლებმაც ნაწილობრივი გრანტი მოიპოვეს 2011-2012 და 2012-2013 სასწავლო წლებში).
  • თუ სტუდენტი, ვერ გადაიტანს ნაწილობრივ ან/და სოციალური პროგრამის ფარგლებში მოპოვებულ გრანტს და შემდგომ დაბრუნდება ისეთ პროგრამაზე, რომელიც მის მიერ გრანტის მოპოვების წელს ფინანსდებოდა როგორც სრული, ასევე ნაწილობრივი გრანტით, მას აღუდგება მის მიერ მოპოვებული ნაწილობრივი ან/და სოციალური გრანტით სარგებლობის უფლება.
  • მასწავლებლის მომზადების ერთწლიან პროგრამაზე მოპოვებული გრანტის გადატანა.

სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანა შესაძლებელია მხოლოდ იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში.

მობილობის/შიდა მობილობის შემთხვევაში სტუდენტს მიმღებ პროგრამაზე არ გადაყვება პრიორიტეტული პროგრამული დაფინანსება!!!

მნიშვნელოვანია:

  • სტუდენტის სტატუსის შეწყვეტიდან/შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში პირს უნარჩუნდება გრანტი;
  • თუ პირს სტატუსი შეუჩერდა უცხო ქვეყნის დაწესებულებაში სწავლის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე, რომლის დროსაც შეუძლებელია სწავლის გაგრძელება, მოპოვებული გრანტით სარგებლობის უფლება უნარჩუნდება ამ საფუძვლის არსებობის ვადით;
  • სტუდენტი, რომელსაც შეჩერებული/შეწყვეტილი აქვს სტუდენტის სტატუსი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლას აგრძელებს იმავე ან სხვა უსდ-ს პროგრამაზე, სტუდენტი მის მიერ თავდაპირველად მოპოვებულ გრანტს გამოიყენებს ამ პროგრამის დასაფინანსებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  • მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირი, რომელსაც შეჩერებული/შეწყვეტილი აქვს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლას აგრძელებს იმავე ან სხვა დაწესებულების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მის მიერ თავდაპირველად მოპოვებულ გრანტს გამოიყენებს ამ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მიმაგრებული დოკუმენტები: