ნათია კალანდაძე

natia-kalandadze

თითოეული ადამიანის ცხოვრება სავსეა როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური დღეებითა და მოვლენებით, გამომდინარე იქიდან, რომ თავად ცხოვრებაა მეტად მძიმე, თავად ჩვენი რეალობაა ასეთი. აზვირთებული ტალღები ხანდახან ჩვენს ჩანთქმას ლამობენ, თითქოს დაკარგვითა და სადღაც გაქრობით გვემუქრებიან, ხან სად მიგვანარცხებენ, ხან - სად... მაგრამ ხანდახან ყურეშიც შევცურდებით ხოლმე სიმშვიდის მოსაპოვებლად. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში სტუდენტური წლების გახსენება სასიამოვნო სიმის ათრთოლებას წააგავს. ეს წლები არის ყველაზე საინტერესო, განსხვავებული და ნაყოფიერი... სტუდენტური დღეები დახუნძლულია ახალი იდეებით, საოცარი შემართებითა და სულისკვეთებით. ამ მხრივ არც მე ვარ გამონაკლისი და მინდა გიამბოთ ჩემი შთაბეჭდილებების, ჩემი ემოციების შესახებ, რომელთაც თითქოს გული ვეღარ იტევს. სტუდენტური დღიური ნამდვილად იძლევა ამის საშუალებას და მეც აღარ დავაყოვნებ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ჩარიცხვა  ჩემთვის იყო, არის და იქნება დიდი წარმატება, ამასთან უდიდესი პასუხისმგებლობა, რადგან ეს ის უმაღლესი სასწავლებელია, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. არასოდეს დამავიწყდება სტუდენტობის პირველი დღე, იგი განსხვავებულ ემოციებთანაა დაკავშირებული, განსხვავებულ გულის ძვრასთან. ჩემმა უნივერსიტეტმა მე სტუდენტის მოლოდინი გამიმართლა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ეს ფაქტი, რადგან ერთია უნივერსიტეტში ჩაბარება, სტუდენტობა და მეორე, პირველზე უფრო მნიშვნელოვანი, არის შენი ემოცია, შენი შეგრძნებები, გაეცი თუ არა შენში აკუმულირებულ კითხვებს პასუხი და თუ ჯერ არ მიგიღია პასუხი საინტერესო კითხვებზე, დარწმუნებული ხარ, რომ მიიღებ იმ საოცრად მეგობრული ლექტორების, ნამდვილი პროფესიონალების მეშვეობით, რომლებიც ჩვენს უნივერსიტეტში მუხლჩაუხრელად იღვწიან ჩვენი ქვეყნის ბედნიერი მომავლისათვის. ქვეყნის მომავალი კი ჩვენ ვართ! სტუდენტები, ახალგაზრდები! სტუდენტური დღიურის საშუალებით მე მინდა გამოვხატო  ჩემი მადლიერება პროფესორ-მასწავლებლების მიმართ, მინდა გისურვოთ დიდხანს სიცოცხლე, რათა თაობები აღიზარდოს თქვენეული მრწამსით, ეროვნულ ღირებულებებზე დამყარებული იდეალებით, „ჩვეულებისამებრ მამულისა სლვაის“  პრინციპით, რადგან მე ვფიქრობ, რომ ერის იდენტობის შესანარჩუნებლად უმთავრესი იარაღი სწორედ ეს გზაა, არა მივიწყება, არამედ ღირსეულად გაგრძელება ამ გზისა.

უნივერსიტეტში გატარებული თითოეული დღე ჩემთვის უაღრესად საინტერესოა, სასიამოვნოა, ახლის მთქმელია, მრავლისმთქმელია. ალბათ, მკითხველი დაინტერესდება: რატომ? როგორ? მე შევეცდები აგიხსნათ, თუ რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ყოველი ახალი დღე. დავიწყებ იმით, რომ მეც, როგორც ამ თაობის შვილს, როგორც ჩემი ქვეყნის ჭირისუფალს, მაწუხებს, თითქოს ლოდად მაწევს გულზე, ჩვენი დღევანდელობა. თითქოს დავთითოკაცდით, სადღაც გავილიეთ, საკუთარ ნაჭუჭებში ჩავიკეტეთ. რა ხდება ჩვენ შორის? ხდება ის, რომ ერთსულოვნების ფასი დაგვავიწყდა, რწმენა და ძალა დავკარგეთ ურთიერთის. მაშ, რაშია გამოსავალი? სად არის გზა ხსნისა? ეროვნულობა უკანა პლანზეა გაფანტული, მაშ, რას ვაყენებთ წინ?

მინდა აღვნიშნო, რომ ცოდნის ეს წმიდა ტაძარი გაძლევს სწორედ რომ ეროვნულ ღირებულებებზე, ეროვნულ ფასეულობებზე დამყარებულ ცოდნას, რაც საოცრად აკლია დღევანდელ ახალგაზრდობას. აქ მე ვხდები ძლიერი, მაქვს წინსვლისა და გამარჯვების იმედი იმ უაღრესად საინტერესო ლექციების, წესად დანერგილი კომპეტენციებისა და დისკუსიების შემდეგ, რომლებიც იმართება ღია, ჯანსაღი, აბსოლუტურად უანგარო და ჰუმანური ურთიერთობების კვალდაკვალ.