რექტორის მილოცვა

1963 წელს, როდესაც მცხეთაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II-ის ძალისხმევით მცხეთაში გაიხსნა სამოძღვრო კურსები, მისი ხელმძღვანელობა დაევალა 30 წლის შემოქმედელ ეპისკოპოს ილიას (შიოლაშვილი), რომლის დიდი ღვაწლით სამოძღვრო კურსები მალე სასულიერო სემინარიად გარდაიქმნა. პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ  უწმიდესი და უნეტარესი  ილია II-ის დიდი ძალისხმევით 1988 წლის 1 ოქტომბერს თბილისში სიონის საკათედრო ტაძრის გვერდით საზეიმოდ გაიხსნა თბილისის სასულიერო აკადემია, რომელიც პატრიარქმა გამოაცხადა გელათის, გრემის,  იყალთოს აკადემიათა დიდი ტრადიციების გამგრძელებლად, ,,აკადემიაში უნდა მიმდინარეობდეს არა მარტო მომავალი განათლებული სასულიერო პირების მომზადება, არამედ სასწავლებელი უნდა იქცეს  კვლევის ცენტრად, რომელთანაც დაკავშირებულნი იქნებიან როგორც ჩვენი სასულიერო პირნი, ისე მეცნიერები. კავშირი გვექნება როგორც უმაღლეს სასწავლებლებთან, ისე მართლმადიდებლურ და საერთოდ ქრისტიანულ უმაღლეს ცენტრებთან“ - ბრძანა მისმა უწმიდესობამ. თბილისში აკადემიასთან ერთად გადმოვიდა სემინარიაც. 


2013 წლის 15 იანვარს, საქართველოს საპატრიარქოში უწმიდესის და უნეტარესის ილია მეორის თავმჯდომარეობით, შედგა ერთჯერადი დაცვა ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. საბჭომ 10 მეცნიერს მიანიჭა ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი, რამაც შესაძლებელი გახადა თბილისის სასულიერო აკადემიაში შექმნილიყო სადისერტაციო საბჭო. აკადემია გადავიდა (ბაკალავრიატი-სემინარია, მაგისტრატურა-აკადემია და დოქტორანტურა) სამსაფეხუროვან სწავლებაზე. აკადემიის დოქტორანტურა დამთავრებულმა ორმა სტუდენტმა უკვე წარმატებით დაიცვა დისერტაცია და მათ მიენიჭათ ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი.


1995 წელს პატრიარქის გადაწყვეტილებით ქუთაისში დაარსდა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო სემინარია, აღდგა გელათის სასულიერო აკადემია, ასევე დაფუძნდა გელათის მეცნიერებათა აკადემია. 
2008 წლის 12 ოქტომბერს თბილისში პატრიარქის კურთხევით საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. „ჩვენს ცხოვრებაში არის მოვლენები, რომლებიც აღემატება დღევანდელობას - ასე დაიწყო თავისი გამოსვლა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-ემ, ასეთი მოვლენის წინაშე ვდგევართ დღეს.  ჩვენ ვიხსენებთ დავით აღმაშენებლის დროს, როდესაც იხსნებოდა გელათის, იყალთოს აკადემიები, ჩვენ ვისხენებთ დავით აღმაშენებლის ოცნებას, რომ გელათის აკადემია უნდა ყოფილიყო მეორე იერუსალიმი თავისი სულიერებითა და მოღვაწეობით და „ახალი ათინა“ თავისი დიდი მეცნიერებით და აი, დღეს იხსნება უნივერსიტეტი, რომელიც არის მემკვიდრე გელათის აკადემიისა. იგი გააგრძელებს იმ ტრადიციებს, რომლებიც არსებობდა ჩვენს ისტორიულ წარსულში.


ქართული უნივერსიტეტი ერთადერთი საერო უმაღლესი სასწავლებელია საპატრიარქოს სივრცეში, რომელსაც აქვს უნიკალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ჰყავს მაღალრეიტინგული პროფესურა და სწავლება მიმდინარეობს სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა). 2019 წელს დასრულდა სასწავლო პროგრამების აკრედიტაცია, უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა ავტორიზაცია. ქართული უნივერსიტეტი არის მემკვიდრე იმ უნივერსიტეტის სულისკვეთებისა, რომელიც 1918 წლის 8 თებერვალს თბილისში გაიხსნა. სადაც ცოდნისა და რწმენის ერთობის ნიშნად ივანე ჯავახიშვილმა და კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ II-ემ საზეიმო პარაკლისის დროს დაანთეს  წმიდა სანთელი. 2008 წლის 16 აპრილს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მთიან აჭარაში, ხიჭაურში გაიხსნა წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, 2009 წლის 12 მარტს თბილისში გაიხსნა წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი. 2017 წელს, ფოთში დაფუძნდა ,,ახალი საქართველოს უნივერსიტეტი“. საპატრიარქოს სივრცეში ფუნქციონირებს სასულიერო სემინარიები: ახალციხეში, გორში, ნეკრესში, ბათუმში, 40-ზე მეტი სკოლა, პანსიონი, გიმნაზია. როგორც პატრიარქი ბრძანებს: ,,ამ სასწავლებლებმა გამოიღეს კეთილი ნაყოფი, მათ აქვთ ძალიან კარგი შედეგები და ჩვენ ვმადლობთ უფალს ასეთი დიდი წყალობისათვის, ჩვენს ეკლესიაში წინა პატრიარქების მმართველობის ეპოქაში ამდენი სასწავლებლის ეკლესიის ეგიდის ქვეშ ყოფნა წარმოუდგენელი იყო“. თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, კიდევ რამდენიმე დღეც და მთელი საქართველო მოგილოცავთ აღსაყდრების 42-ე და დაბადების 87-ე წლისთავს. მინდა, საპატრიარქოს სივრცეში თქვენს მიერ შექმნილი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლების და რექტორების სახელით მოგილოცოთ საიუბილეო თარიღები და კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩვენი დიდი მოწიწება და სიყვარული. 
მრავალსა წელსა თქვენი სიცოცხლე.

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე