2019-11-18

საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების საყურადღებოდ!

მიმდინარე წლის ნოემბერში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამას (CARYS), რომელიც გახლავთ საქართველოს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის (Georgia National Innovation Ecosysytem – GENIE) შემადგენელი ნაწილი და ხორციელდება მსოფლიო ბანკის დაფინანსებით.

პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კერძო, საჯარო და აკადემიური სექტორის თანამშრომლობით ინოვაციურ საქმიანობას; ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართულობით კოლაბორაციული გამოყენებითი კვლევების განხორციელებას; კვლევითი და ტექნოლოგიების ტრანსფერის უნარების გაძლიერებას; იმ კომერციული და ტექნოლოგიური ტრანსფერის პოტენციალის მქონე ინოვაციური კვლევების გამოვლენას, განვითარებასა და დანერგვას, რომლებიც ორიენტირებულია საქართველოს სოციო-ეკონომიკური გამოწვევების გადაჭრაზე ან/და წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბის ინოვაციას.

გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის კონკურსში პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში:

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  • ინჟინერია და ტექნოლოგიები;
  • სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
  • აგრარული მეცნიერებები;
  • სოციალური მეცნიერებები;
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები.

საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს, ხოლო მაქსიმალური ბიუჯეტი 250 000 ლარს. პროექტი ან პროექტით გათვალისწინებული აქტივობა არ შეიძლება იყოს უკვე განხორციელებული პროექტის ხელმძღვანელისა და/ან კვლევითი ჯგუფის მიერ რომელიმე (ეროვნული/საერთაშორისო) დონორი ორგანიზაციის დაფინანსებით.

კონკურსში მონაწილეობა და დაფინანსების მიღება ეზღუდება იმ პროექტებს, რომლებიც თემატურად დაკავშირებულია:

  • სამხედრო ან ბირთვულ ტექნოლოგიებთან;
  • სპირტის ან თამბაქოს წარმოებასთან (ნებადართულია მევენახეობა, მეღვინეობის თემაზე კვლევები);

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მკვლევართა ჯგუფს (ძირითად პერსონალს), რომელსაც გააჩნია მასპინძელი ორგანიზაციის მხარდაჭერა კვლევისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე წვდომისათვის. პროექტს უნდა ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელიც არის სამეცნიერო-კვლევითი სექტორის წარმომადგენელი, ხოლო პროექტის ძირითადი პერსონალი უნდა

შედგებოდეს სამეცნიერო-კვლევითი და კერძო სექტორის წარმომადგენელი პირებისაგან. ძირითადი პერსონალის მინიმუმ 50%-ს უნდა შეადგენდნენ ახალგაზრდა მკვლევარები, ძირითადი პერსონალის არაუმეტეს 25% უნდა იყოს პროექტით გათვალისწინებული კვლევის შესაბამისი კერძო სექტორის წარმომადგენლები.

პროექტების შეფასება განხორციელდება ორ ეტაპად, რომელიც მოიცავს შეფასებას როგორც დამოუკიდებელი ექსპერტების, ასევე შესარჩევი კომისიის მიერ.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებას!