2019-11-04

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის განცხადება

42 წლის წინ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში პატრიარქად აღსაყდრების დღეს, უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ამ სიტყვებით მიმართა სამწყსოს: ,, მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და ამავე დროს საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს, ამ წმინდა ტაძრის თაღებ ქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა“... ამ შეგნებითა და ღვთის შეწევნით პატრიარქმა თავისი ხანგრძლივი მამამთავრობისას შეუძლებელი შეძლო, ათეისტური ხელისუფლებისგან შევიწროვებული და დამცრობილი ეკლესია გააძლიერა, დაანგრია ეკლესიასა და ხალხს შორის ხელოვნურად აღმართული გაუცხოების კედელი... რა განსაცდელი არ გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, რამდენი პოლიტიკური ლიდერის ავტორიტეტი გადაჰყვა ამ განსაცდელებს, მაგრამ ერთადერთი შეურყეველი ავტორიტეტი ესაა უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე, მის ძლიერებას და სიმტკიცეს განაპირობებს უფლის წყალობა და ხალხის სიყვარული. დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა უდიდესი გამოწვევების წინაშეა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მისი საჭეთმპყრობელი ჩვენი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოა. ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები მტკიცედ უჭერენ მხარს მის უწმიდესობას და უნეტარესობას ილია მეორეს და უსურვებენ მრავალჟამიერ სიცოცხლეს.