სამაგისტრო პროგრამის "ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების" შესახებ გვესაუბრება პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი თინათინ ფანცულაია

ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამა ,,ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება“ მრავალმხრივ საყურადღებო და საინტერესოა. დარგის წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც არა მხოლოდ აკადემიური განათლებით, არამედ მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებითაც არიან გამორჩეული, სამი სახის არჩევითი პრაქტიკა, მემორანდიუმით გაფორმებული თანამშრომლობა ცენტრებთან, სუპერვიზია, თვისობრივი კვლევების მასშტაბურობა და კიდევ ბევრი სხვა რამ გამოარჩევს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამას, რომელმაც ახლახან გაიარა აკრედიტაცია.

საგანმანათლებლო პოგრამისა და აკრედიტაციის მიმდინარეობის შესახებ გვესაუბრება ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროგრამის - ,,ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება“ ხელმძღვანელი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თინათინ ფანცულაია.

ქალბატონო თინათინ მოგესალმებით.
მოგესალმებით.

გვიამბეთ რას  სთავაზობს ეს პროგრამა დაინტერესებულ სტუდენტს და რას მოიცავს იგი?
საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამა ,,ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება“  ფსიქოლოგიის კერძო მიმართულების - კლინიკური ფსიქოლოგიის დარგია. იგი ორი კერძო მიმართულებით აძლევს სტუდენტს კვალიფიკაციის მიღების შესაძლებლობას. ესაა ფსიქოდიაგნოსტიკა და ფსიქოკონსულტირება. კონკრეტული პროგრამის დასრულების შემდეგ სპეციალისტები შეძლებენ ფსიქოდიაგნოსტიკის და ფსიქოლოგიური კონსულტირების სტრუქტურის ჩამოყალიბებას, შეეძლებათ კლიენტის, პაციენტის მდგომარეობის განსაზღვრა, რელევანტური კონსულტაციის ფორმის შემუშავება და განსხვავებულ სიტუაციებში კონსულტირება და ტრანსფერული უნარების გამოყენებით, პროფესიული ღირებულებების საზღვრების გამოყენებით თავიანთ კოლეგასთან კონსულტირება და სუპერვიზირება. მოკლედ რომ ვთქვათ, მათ შეეძლებათ  კლიენტის, პაციენტის მდგომარეობის შეფასება, დიაგნოსტირება, ამავე პაციენტების კონსულტირება თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში და ასევე შეეძლებათ შეფასების საფუძველზე გადაამისამართონ კლიენტი, პაციენტი სხვა უფრო კერძო მიმართულების სპეციალისტებთან.

- ვის შეუძლია ამ პროგრამაზე ჩაბარება, ვის აქვს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება?
- ფსიქოლოგიის სპეციალობის  ბაკალავრებს ან ხუთწლიანი განათლების მქონე ფსიქოლოგებს, რომლებიც ჩააბარებენ საერთო სამაგისტრო გამოცდებს და უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მისაღებ გამოცდებს სპეციალობასა და ინგლისურ ენაში B2 დონეზე. უცხო ენის გამოცდისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც აქვს ენის დონის ფლობის საერთაშორისო სერტიფიკატი ან უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ინგლისურენოვან პროგრამაზე და წარმოადგენს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტს.

რომელი თეორიული დისციპლინები ისწავლება ან რა სახის პრაქტიკას სთავაზობთ სტუდენტებს?
ეს არის ორწლიანი ანუ ოთხსემესტრიანი სწავლება, სადაც  პირველი სემესტრი ეთმობა იმ საგნებს, რომელთაც აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: შეუქმნან მომავალ მაგისტრს ფსიქოკონსულტირების საორიენტაციო რუკა და ფსიქოკონსულტირების კერძო მიმართულებისთვის თეორიული ბაზისი. ამისათვის პირველ სემესტრში ისინი გადიან ისეთ საგნებს, როგორებიცაა: ფსიქიატრიული,  ნეიროფსიქოლოგიური, ფსიქოსომატიური ტიპის დიაგნოსტიკა, ანუ თეორიული ნაწილი,  რომელიც აძლევს საშუალებას მომავალ მაგისტრს, შეაფასოს კლიენტი, პაციენტი. მეორე სემესტრში მათ უკვე აქვთ საგნები, რომლებიც ამზადებს უშუალო პრაქტიკისთვის. ეს არის საგნები როგორც ფსიქოდიაგნოსტიკის, ასევე ფსიქოკონსულტირებისთვის. მეორე სემესტრის ფუნქცია არის ის, რომ კონკრეტული მაგისტრი მოამზადოს სამომავლო პრაქტიკის განხორციელებისთვის. ამ პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულება ისაა, რომ თუ ადრინდელ პროგრამაში პრაქტიკა შესაძლებელი იყო მხოლოდ  ორი მიმართულებით, ახლა  სამი მიმართულებაა  შსაძლებელი  და თითოეულ მათგანს აქვს თავისი თეორიული ბაზა.  როდესაც მაგისტრი  პრაქტიკას ირჩევს, მას  შეუძლია წყვილში  აირჩიოს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ვთქვათ, მას უნდა ფსიქოსინთეზის პრაქტიკის გავლა, ფსიქოსინთეზის თეორიულ ნაწილს მესამე სემესტრში აირჩევს, ხოლო ამის შესაბამის პრაქტიკას გაივლის  კონკრეტულ ცენტრში მეოთხე სემესტრში, ასევე ხდება გეშტალტთერაპიის  და ქცევითი დარღვევების  პრაქტიკის შემთხვევაშიც.

მემორანდუმით გათვალისწინებულ რომელ ფსიქოლოგიურ ცენტრებში გაივლიან სტუდენტები პრაქტიკას?
პროგრამას ჰყავს კონტრაქტორი ორგანიზაციები მემორანდუმით. ესენია ,,პირველი ნაბიჯი“, ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრი „იდილია" და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი. თუ მაგისტრი აირჩევს ქცევითი დარღვევების პრაქტიკას, ის გაივლის თეორიულ ნაწილს და ამავდროულად, პრაქტიკას გაივლის ,,პირველ ნაბიჯში“, სადაც შეხება ექნება  უშუალოდ  ბავშვებთან, რაც მისცემს შესაძლებლობას, პრაქტიკულად გაიაროს ის თეორიული ბაზისი, რომელიც მან შეისწავლა. ასევე გვყავს მეორე კონტრაქტორი ორგანიზაცია - ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრი ,,იდილია“, სადაც მაგისტრები გადიან პრაქტიკას ორი მიმართულებით: გეშტალტთერაპიასა და ფსიქოსინთეზში. ამას გარდა, გვაქვს კიდევ დამატებითი პრაქტიკა. ეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, ეხებოდა ფსიქოკონსულტირების მიმართულებით პრაქტიკას. პროგრამას ასევე აქვს  ფსიქოდიაგნოსტიკის მიმართულებით პრაქტიკა. აქაც არჩევითია ყველაფერი. თუ სტუდენტი აირჩევს ფსიქოდიაგნოსტიკაში კლინიკური ინტერვიუს  მიმართულებას, ის შეისწავლის თეორიულ საგანს, შემდეგ არჩეული თეორიული საგნის საფუძველზე ეძლევა შესაძლებლობა მენტორის თანდასწრებით მოამზადოს სამუშაო გეგმა, შევიდეს პაციენტთან და მოახდინოს მისი დიაგნოსტირება. ასევე თუ რორშახის წესს აირჩევს, მოემზადება და გაივლის პრაქტიკულად.  საბოლოო ჯამში, რომ შევაფასოთ, ჩვენ გვყავს სამი კონტრაქტორი ფსიქოდიაგნოსტიკის და ფსიქოკონსულტაციის მიმართულებით.

რამდენად ზრუნავთ თქვენი მაგისტრების დასაქმებაზე?
ჩვენი პროგრამის აკრედიტაციის წინ მოხდა გამოკვლევა და ამ კვლევის ანალიზის საფუძველზე მივიღეთ შედეგი: არ არსებობს საქართველოში ცენტრი, სადაც ჩვენი კურსდამთავრებული არ იყოს დასაქმებული. მეტიც, ცენტრის წარმომადგენლები იყვნენ მოსული კონკრეტული თხოვნით, მათ ცენტრებში ესაჭიროებოდათ კონკრეტული ცოდნა და მათი თხოვნის გათვალისწინებით პროგრამაში ცვლილებები შევიტანეთ კონკრეტულ საკითხებში სილაბუსის დონეზე. კონკრეტული საკითხები შევცვალეთ, რათა დამატებით გადამზადება აღარ დასჭირდეთ ჩვენს კურსდამთავრებულებს, როდესაც მიდიან ცენტრებში. აკრედიტაციის ცენტრმაც დაადასტურა, რომ ორ ცენტრში მაიც არიან დასაქმებული ჩვენი კურსდამთავრებულები.

პროფესორ-მასწავლებლებზე რას გვეტყვით?
ფსიქოკონსულტირების და ფსიქოდიაგნოსტიკის მოწვეული ლექტორების 90 პროცენტი პრაქტიკაში ჩართულები არიან. პედაგოგთა შერჩევის დროს ამოსავალი წერტილი იყო, ისინი დაკავებული ყოფილიყვნენ პრაქტიკულად და მართლაც, ჩვენ გვყავს არა მხოლოდ თეორიული ცოდნის, არამედ მრავალწლიანი პრაქტიკის მქონე ლექტორები. სასწავლო პროცესში ჩართული არიან ასევე ორი უმაღლესი სპეციალიზაციის მქონე უცხოელი ლექტორები, პროფესორები - რასსელ ჰაბერი და  ადამ კინსლერი, რომელთაც აკადემიურ განათლებასთან ერთად  დიდი  პრაქტიკული გამოცდილება გამოარჩევთ. ისინი ლექციებს  ინგლისურ ენაზე დისტანციურად წაიკითხავენ.

როგორი იყო აკრედიტაციის პროცესი და რამდენად წარმატებულად დასრულდა იგი, რა სიახლეები გამოიკვეთა?
პროგრამამ ერთი თვის წინ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია. პრაქტიკულად შევძელით ყველა იმ მოთხოვნის გათვალისწინება, რომელთაც  მას უყენებდა, ერთი მხრივ, მომავალი მაგისტრი და მეორე მხრივ, უკვე დასაქმებული. ადრე ამ პროგრამას ჰქონდა ფსიქოლოგიის სპეციალისტის კვალიფიკაცია, ახლა კი მიიღო ახალი კვალიფიკაცია, დაკონკრეტდა ორი მიმართულება: ფსიქოკონსულტირების და ფსიქოდიაგნოსტირების. ამით პროგრამამ ვიწრო სპეციალობები შეიძინა. ეს არის სიახლე. ეს მოთხოვნა იყო როგორც სუდენტების, ისე ადმინისტრაციის მხრიდან. ასევე, კვლევების მიმართულებით უფრო მეტი ყურადღება დაეთმო თვისობრივ კვლევას. პრაქტიკული საგნების არჩევითობა ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ ჩვენი მაგისტრები პირდაპირ არ გადიან პრაქტიკას, არამედ  პრაქტიკის გავლამდე მისთვის მომზადება ხდება. ყოველივე ამან განაპირობა ის, რომ პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა წარმატებით: 5 კრიტერიუმით აძლევენ შეფასებას და ხუთივე კრიტერიუმით მიიღო უმაღლესი შეფასება, მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაცია მივიღეთ საგნების სახელწოდებასთან დაკავშირებით. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გადიან სუპერვიზირებას. მიღების დროს უპირატესობა ენიჭებათ მათ, ვინც  უკვე მუშაობენ. სასემინარო შეხვედრაზე მათ შეუძლიათ კონკრეტული საკითხის სუპერვიზირება, შეუძლიათ საკუთარი სამუშაო შემთხვევა (ქეისი) მოიტანონ. სუპერვიზიით მუშაობა არის დღევანდელ თანამედროვე სტანდარტთან შესაბამისობით მუშაობის მოთხოვნაა, მომხმარებლისთვის მომსახურების ხარისხის დამადასტურებელია. ამ საგნის არსებობით ჩვენ პირდაპირ ვეუბნებით სტუდენტს, რომ როდესაც დაამთავრებს, მისი ხარისხის შენარჩუნებისათვის მნიშვნელოვანი იქნება სუპერვიზია.


- დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
- გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა