გიორგი ჩუბინიძე

studenturi-dghiuri-giorgi-chubin

ვშლი, ვფურცლავ, შემდეგ ისევ ვშლი და თავიდან ვიწყებ კითხვას. რაც არ მომწონს მუქ ლურჯ ხაზს ვუსვამ, რაც ძალიან არ მომწონს საერთოდ ვჯღაბნი და თუ არ იქნა და არ გამოსწორდა, საერთოდაც ფურცელს ვხევ და სუფთა ფურცლიდან ვიწყებ წერას. ასე ბევრჯერ მომსვლია, დღიურთან, რვეულთან, თუ უბრალოდ ცხოვრებაში, იმ ცხოვრებაში რომელსაც ხშირად სჭირდება გადასინჯვა და საკუთარი ცხოვრებით თავიდან დაწერას საჭიროებს, მაგრამ ისე კი მაინც ვერ ხერხდება, რომ საერთოდ დაივიწყო ძველი. ილიასი არ იყოს წარსული აწმყოს საძირკველია ისევე, როგორც აწმყოა მომავლის საძირკველი და მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვფიქრობ მომავალზე არ ვიცი რა იქნება ხვალ, ვიცი მხოლოდ წარსული და ვიცი აწმყო, აწმყოში კი რეალობა ისაა, რომ ვარ სტუდენტი და მაქვს მიზანი, მალე მივიღო ცხოვრებისგან მაქსიმუმი, ვინაიდან ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა ხანგრძლივი ლოდინისთვის... ლოდინსაც აქვს თავისი წინასწარ დადგენილი ნორმები. სამყარო იმდენადაა აჩქარებული, რომ არ გამოგვდის ცდა, საჭიროა მოქმედება და ამ მოქმედებაში ხშირად ხდება სასოწარკვეთა, თვითშეფასების დაქვეითება და უსარგებლობის განცდა. ხდება ხოლმე...

ჩემი ცხოვრების დღიურში ორგზის ჩაიწერა სტუდენტობა, ეს იყო 2012 წელი, როცა პირველად ჩავაბარე წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ისტორიის მიმართულებაზე და მეორედ კვლავ ამავე უნივერსიტეტში, ამავე ფაკულტეტზე. თითქოს ცხოვრების დაპაუზება და უკან გადახვევა მოხდა, ვიგრძენი, რომ თურმე ეს უნდა მომხდარიყო, რათა მე საკუთარი თავი მეპოვნა. პირველად, პირველ კურსზე ვიყავი ახალგაზრდა, რომელიც სკოლის კედლებიდან აღმოჩნდა დიდ აკადემიურ სივრცეში, სადაც უზარმაზარი ცოდნის ზღვაში შენ ერთი პატარა ცარიელი ჭიქა ხარ, რომელიც უნდა აივსოს ცოდნის წყაროთი და ვინ იცის, იქნებ ცხოვრების მდინარებაში მოხდეს ამ წყაროს ჭიქიდან ამოჩქეფვა, ან სულაც შეიძლება დარჩეს და დაჭაობდეს, როგორც ახსოვს ადამიანთა ისტორიას. თურმე თავად უნდა შექმნა ის, რასაც ელი, მაგრამ ისიც არ უნდა დაგავიწყდეს, რომ მარტო ვერაფერს შეძლებ, თუ არა მეგობრები, რომლებიც შენი ცხოვრების გამამტკიცებლები, შენი დასაყრდენები უნდა იყვნენ და სწორი გზა გიჩვენონ, შენ თუ ირიბად წახვალ.

ამჟამად მესამე კურსელი ვარ... ჩემი საუნივერსიტეტო დღიურის ამ ღია ფურცლებზე აუცილებელია ვახსენო ადამიანები, რომლებმაც მომცეს შესაძლებლობა მეპოვა საკუთარი თავი და ინტერესები. რა თქმა უნდა, არ დავწერ მათ სახელებს, ყველას შეუძლია საკუთარი თავი ამოიცნოს. ასეთი ადამიანები ჩემს ყოფილ თუ მოქმედ ლექტორებს შორის არიან, რომელბმაც გარდა ცალკეული საგნის თეორიული ცოდნისა ადამიანური ურთიერთობები მასწავლეს, ცხოვრების მიზნის განსაზღვრაში ამჟამადაც დიდ როლს თამაშობენ და მათთან ურთიერთობა ერთი უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამას ჰგავს. ყოველი ადამიანი ხომ ცალკეული სამყაროა, მათთან ურთიერთობა კი სხვადასხვა სამყაროსთან კავშირი და როდესაც ლექტორთან ურთიერთობა აუდიტორიის კარის გამოხურვით არ მთავრდება, ეს საოცარი პიროვნული ღირსებაა, რომელიც სტუდენტის თვალში პიროვნებას აღამაღლებს.

ხშირად ვკითხულობ ისტორიის სხვადასხვა ეპოქაში უკვე შემდგარი დიდი ადამიანების ბიოგრაფიებს, მათ ცხოვრებას, მაინტერესებს მათი სავალი ბილიკები და ის, თუ როგორ ავიდნენ წარმატების მწვერვალებზე და გარკვეული კანონზომიერებაც შევნიშნე. ადამიანის სწრაფვა წარმატებისკენ ბევრ წარუმატებლობაზე გადის, მაგრამ წარუმატებლობა მათ ზრდის და ახალ ენერგიას მატებს. მათ არ უწევდათ ლოდინი, ისინი მოქმედებდნენ, ისინი მოძრაობდნენ, როგორც ილიას თერგი ბობოქრობს დღემდე და იცოდნენ სად იყო გზა და სად ხსნა... ისინიც ისე მოქმედებდნენ, როგორც ამ გზის მაჩვენებელი უბიძგებდათ. სტუდენტისთვის ასეთი ცხოვრებისეული მაგალითები ბევრის მასწავებელია, მაგრამ საკუთარ ცხოვრებაში სხვისი მაგალითების გამოყენება მეტად რთულია, ამიტომ საბოლოოდ მაინც საკუთარი უნდა შევქმნათ და სხვისი წარმატება მოტივაციად გამოვიყენოთ. სტუდენტისთვის კი მოტივაცია სიცოცხლის წყაროა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი შეიძლება ფუჭად მოგვეჩვენოს და პიროვნებას მეტად მძიმე შედეგიც კი მოგვიტანოს.

დღიურის ჩემი კუთვნილი გვერდების ბოლოს მცირე გადახვევით მინდა აღვნიშნო ჩემეული ხედვა ბაკალავრიატის მიმართ. იყო დრო, როცა ვერ ვხვდებოდი რა იყო ეს, როგორი სწავლების სპეციფიკა, რით ზრდიდა პიროვნებას 13-15 ლექციაში ჩატეული საგანი, როგორ აძლევდა ცოდნას და მივხვდი, რომ ეს კონტურია, რომლითაც სტუდენტის განათლება იქმნება. კონტური ოთხი წლის მანძილზე იხაზება იმ დონეზე, რომ თავად შეძლო საკუთარი ფერების შეტანა. ასე იქმნება ერთიანი სურათი, როგორიც მაგალითად იმპრესიონისტული ტილოა, სადაც მნახველის და შემოქმედის შთაბეჭდილებას დიდი ადგილი უკავია. ამ დროის მანძილზე იკვეთება ხედვის წერტილიც, რის მიხედვითაც დგება სრული კომპოზიცია. ესაა უნივერსიტეტი, ესაა ბაკალავრიატი, ესაა ცოდნის სისტემატიზაცია, რომელიც მხოლოდ შენი გადასაწყვეტია როგორი ფერებით იქნება შესრულებული.

P.S. 20 თებერვალს ახალი სემესტრი იწყება. რატომღაც განსაკუთრებულად მიყვარს გაზაფხულის სემესტრი, თითქოს ახალი სიცოცხლე დგება, თითქოს გონება, სული ახლიდან იბადება და ეს მაძლიერებს, ახალ ენერგიას მაძლევს და იმედის გრძნობას მანიჭებს. მომავლის იმედი ხომ ადამიანის, მითუმეტეს სტუდენტის ცხოვრების წარმმართველია, მთავარია ეს არ იყოს არქიფოს იმედი, გაღმა მიმავლის წარმატება გამოღმა არ იყოს და არ იცოდე ამის შესახებ.