თამარ კუსიანი

tamar-kusiani

ყოველი ადამიანი თავისებურად განსხვავდება ერთმანეთისაგან, ყველას სხვადასხვა სოციალური გარემო და მიდრეკილებები აქვს, ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში გონებაში ილექება და აზროვნებაში აისახება.

სკოლის პერიოდში ხდება ადამიანის სწორი ხედვისა და თვითშეგნების ჩამოყალიბება, იმ საფუძვლის შექმნა, რომელი საფუძველიც ან კარგ ადამიანად გვაქცევს ან პირიქით. შემდეგი გარდამტეხი ეტაპი უნივერსიტეტია, ჩემი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, გარემო, სადაც შესაძლებელია ადამიანის პიროვნული და გონებრივი განვითარება, ამიტომ საჭიროა სწორად შეარჩიო ეს გარემო, რადგან ამით შენ, შეიძლება ითქვას, შენი პიროვნული თვისებებისა და შეხედულებების დიდ ნაწილს თავადვე ირჩევ.

ჩემი ასეთი არჩევანი ქართული უნივერსიტეტი იყო 4 წლის წინ.

პირველ რიგში საპატრიარქოს სახელი იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომლის უკანაც სიწმინდე და მაღალი ზნეობა იგულისხმება. ჩემთვის ეს უნივერსიტეტი არის არა მხოლოდ სასწავლო დაწესებულება, არამედ ის, ტრადიციებისა და ღირებულებების, მუდმივი ბრძოლის, უკეთესისაკენ სწრაფვის სიმბოლოა. უნივერსიტეტი, რომელსაც ცოდნისა და ახალგაზრდების პროგრესული განვითარების მისია აკისრია და ამ მისიას პირნათლად ასრულებს. იგი პასუხისმგებელია ქვეყნის წინაშე, აღზარდოს მცოდნე, განათლებული, პატრიოტი და ჯანსაღი თაობა.

უნივერსიტეტმა უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემი სწორი პიროვნული ფასეულობების ჩამოყალიბებასა და მსოფლმხედველობის განვითარებაში, დამარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში და დამეხმარა უკეთესად გამეცნო საკუთარი თავი.  ეს არის ადგილი, რომელიც ჩემი მეორე ოჯახია, აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალის, მომავალი კოლეგების და მეგობრების ერთობლიობა. ახლა მე-4 კურსზე ვარ და გასულ წელთან შედარებით უკეთესად ვაანალიზებ რას ნიშნავს სტუდენტობა.

ცხოვრებაში გამოწვევები მუდმივად დგება, სიახლის შიში ნორმალური და მოსალოდნელი მოვლენაა, მაგრამ უნდა ვისწავლოთ როგორც საკუთარ თავთან, ასევე გარემოებებთან ბრძოლა. არასოდეს უნდა დავკმაყოფილდეთ იმით, რაც დღითი დღე არ გვაოცებს. ვებრძოლოთ სიზარმაცეს, შიშებს, არაჯანსაღ დამოკიდებულებებს და საერთოდ ყველაფერს, რაც მიზნებსა და ჩვენ შორის დგას. ჩვენს ირგვლივ არსებული გარემო ბევრს ნიშნავს, გარემო იწვევს როგორც მოტივაციას, ასევე დემოტივაციას, საშუალო არაფერი არსებობს, მაშინ როდესაც საქმე ჩვენს მიზნებს, მისწრაფებებსა და ოცნებებს ეხება. ერთ მშვენიერ დღეს ეს ოცნებები მიზნებად გადაიქცევიან, მიზნებს პატარა დაბრკოლებები მუდამ ახლავს, ამ დაბრკოლებების გადალახვა კი სიამოვნებად იქცევა, რომელიც ჩემი აზრით ცხოვრებაში ყველაზე დიდ რამეს - ბედნიერებას გვანიჭებს. მიზნისაკენ სავალი გზა ხშირად ძალიან რთულია და განსაკუთრებულ შრომას მოითხოვს, თუმცა შრომა ნაყოფს გამოიღებს და ეს ნაყოფი წარმატება იქნება.

ვისურვებდი, რომ ყველა ჩვენგანში იცხოვროს თოლია ჯონათანმა, რომელიც მუდამ მიისწრაფვის ზეცისკენ, რათა დაეუფლოს სრულყოფილებას. ვინც შემეცნებისათვის იღწვის წინ ვერაფერი დაუდგება.

გისურვებთ შინაარსიან, შემეცნებით, ხალისითა და თავგადასავლებით სავსე სტუდენტობას!