წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ტრენერთა ტრენინგის მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ტრენერთა ლაბორატორია უკვე მეხუთე წელია გეგმავს და წარმატებულად ახორციელებს ტრენერთა ტრენინგებს დამწყებთათვის, რომელიც მონაწილეებს ამ მიმართულებით, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში ან უბრალოდ სათანადო ცოდნის შეძენაში ეხმარება.

2021 წლის 14 აპრილს SANGU-ში ონლაინ  ტრენერთა ტრენინგის მესამე ეტაპის მონაწილეთა დაჯილდოება  გაიმართა.

მონაწილეებს სერთიფიკატები და ბრენდირებული საჩუქრები წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის საზოგადოებასთან და საერთაშორისო  ურთიერთობების სამსახურის უფროსმა დავით გორგიაშვილმა და ტრენერთა ტრენინგის ტრენერებმა ნიკოლოზ გაბლიშილმა და ნინო სალაძემ გადასცეს.

როგორ ჩაიარა რიგით მესამე ონლაინ ტრენინგმა, რას მოიცავდა, რამდენად  წარმატებულად ჩატარდა და როგორია მონაწილეთა განწყობა ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ. 

დავით გორგიაშვილი, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის საზოგადოებასთან და საერთაშორისო  ურთიერთობების სამსახურის უფროსი - მეხუთე წელია უნივერსიტეტი ტრენერთა ლაბორატორიასთან ერთად გეგმავს და ახორციელებს ტრენერთა ტრენინგებს დამწყებთათვის. ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული გვყავს, რამოდენიმე მათგანი უკვე ქართული უნივერსიტეტის თანამშრომელია. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე შევეცადეთ ფეხი აგვეწყო დღევანდელობისთვის და აღნიშნული ტრენინგი ონლაინ ფორმატში განგვეხორციელებინა. უკვე მესამე ეტაპს ვასრულებთ წარმატებით, რაც ტრენერთა ლაბორატორიის ტრენერების დამსახურებაა. მათი მონდომებით უამრავი მადლიერი კურსდამთავრებული გვყავს.

ნიკოლოზ გაბლიშილი, ტრენერთა ტრენინგის ხელმძღვანელი, ტრენერი - ჩვენ ჩავატარეთ ონლაინ ტრენერთა ტრენინგი, რომელმაც საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. შევარჩიეთ 15 მონაწილე, თუმცა 12-მა შეძლო ტრენინგის დასრულება. მონაწილეებს გავაცანით ონლაინ ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობით პროცესი ბევრად სახალისო და მრავალფეროვანი იყო. ტრენინგის მსვლელობის დროს ყველა მონაწილეს მივეცით შესაძლებლობა ჩაეტარებინა ტრენინგი და მიეღო ჩვენგან უკუკავშირი, რამაც ხელი შეუწყო მათთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას. დიდი მადლობა წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტს ამ შესაძლებლობისთვის და მადლობა თითოეულ მონაწილეს კურსის წარმატებულად დასრულებისთვის.

ნინო სალაძე, ტრენერთა ტრენინგის ტრენერი - ონლაინ ტრენერთა ტრენინგის მესამე ეტაპი დავასრულეთ. მინდა აღვნიშნო მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი, ჩართულობა და მზაობა, იმისათვის, რომ ესწავლათ, მიეღოთ ცოდნა და გამოცდილება. განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის ონლაინ პროცესის დაგეგმვა და მართვა, რადგან ეს არის ახალი გამოცდილება, როგორც ტრენერებისთვის ისე მონაწილეებისთვის. დიდი მადლობა SANGU-ს მსგავსი აქტივობების დაგეგმვის და განხორციელებისთვის.

ქრისტინე ბურჯანაძე - ტრენერთა ტრენინგი არის კურსი რომელმაც საშუალება მომცა, თეორიული ცოდნა განმეხორციელებინა პრაქტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ტრენინგი ონლაინ მიმდინარეობდა, სასწავლო პროცესი იყო ძალიან საინტერესო. არ შემიძლია მადლიერებით არ აღვნიშნო ტრენერების ძალიან დადებითი დამოკიდებულება მონაწილეებისადმი. ასევე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტს ამ შესაძლებლობისთვის.

მადონა გიგლემიანი - ონლაინ ტრენერთა ტრენინგი საუკეთესო საშუალებაა სტუდენტებისთვის, რადგან თეორიულ ცოდნასთან ერთად, რომელიც სწავლის პროცესში გვიგროვდება, საშუალება გვეძლევა თეორიული ცოდნა პრაქტიკაშიც გამოვიყენოთ. ტრენინგის არაჩვეულებრივმა ტრენერებმა ნიკამ და ნინომ ტრენინგის მსვლელობის დროს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. ტრენინგი გარდა სალექციო ფორმატისა, დატვირთული იყო ინტერაქცივებით და სხვადასხვა სახალისო და საინტერესო აქტივობებით. საშუალება გვქონდა თავად ჩაგვეტარებინა ტრენინგი და პრაქტიკაში შეგვეგრძნო თუ როგორი იყო ტრენერობა. დიდი მადლობა SANGU-ს, ტრენერებს და ყველა მონაწილეს, რომელთა ერთობით, შეიქმნა ძალიან კარგი და სასიამოვნო გარემო და დაგვარწმუნა იმაში, რომ ონლაინ სწავლება სურვილის შემთხვევაში ძალიან მარტივია, დაიმსხვრა მითი, რომელიც მისი სირთულეების შესახებ ვიცოდით.

ნატალია კირვალიძე - ონლაინ ტრენერთა ტრენინგი არის კურსი, რომელიც გვაძლევს საშუალებას მივიღოთ თეორიული ცოდნა და გადავიტანოთ პრაქტიკულ საქმიანობაში. ტრენინგის დასასრულს ჩვენს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ტრენინგის ჩატარება იყო ცალსახად საჭირო და მნიშვნელოვანი, რადგან ამ შესაძლებლობით შევძელით ჩვენი ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება. ტრენინგზე მიღებული ცოდნა მომავალ ფსიქოლოგიურ საქმიანობაში აუცილებლად დამეხმარება. დიდი მადლობა ნინო სალაძეს, ნიკა გაბლიშვილს და ჩვენს უნივერსიტეტს იმისთვის, რომ მოგვცა შესაძლებლობა დავსწრებოდით აღნიშნულ ტრენინგს.

გიორგი ბადაგაძე - ტრენერთა ტრენინგში მონაწილეობით მივიღე ტრენერობისთვის საჭირო და აუცილებელი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, შევიძინე საჭირო უნარები. აქ მიღებული ცოდნა აუცილებლად გამომადგება ჩემს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში. დიდი მადლობა SANGU-ს და ტრენერთა ტრენინგის ტრენერებს ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის.


წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი ტრენერთა ტრენინგის კურსდამთავრებულებს წარმატებებს უსურვებ, ტრენერთა ტრენინგის გავლის მსურველებს კი შევახსენებთ, ტრენერთა ლაბორატორია გეგმავს "Online ტრენერთა ტრენინგს" SANGU-ს კურსდამთავრებულებისთვის, რომელიც 27 აპრილს დაიწყება. სურვილის შემთხვევაში შეავსეთ აპლიკაცია 22 აპრილამდე.


დეტალური ინფორმაცია იხილეთ (ბმულზე)

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა