უნივერსიტეტის წარმატების საფუძველი წარმატებით გავლილი ავტორიზაციაა

ქართულმა უნივერსიტეტმა გაიარა ავტორიზაცია, რაც უნივერსიტეტის მიერ წარმატებით გადალახული მნიშვნელოვანი ეტაპია.
პოზიტიური მოლოდინი პოზიტიური შედეგით დასრულდა, თუმცა, უნივერსიტეტის სათანადოდ წარმოჩენა ქართული უნივერსიტეტის თითოეული თანამშრომლის ჩართულობით დიდ ძალისხმევასთან იყო დაკავშირებული.
ავტორიზაციის მოპოვების პროცესების მიმდინარეობისა და ექსპერტთა ჯგუფის შეფასებების შესახებ გვესაუბრება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი, პროფესორი პაატა გოგიშვილი.

- ბატონო პაატა მოგესალმებით და გილოცავთ ამ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებულად დასრულებას.
- დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ ვულოცავ სტუდენტებს და უნივერსიტეტის თანამშრომლებს.

- ქართულმა უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა ეს პროცესი და მიიღო 6 წლიანი ავტორიზაცია. როგორია თქვენი შეფასება?
- ჩვენი მოლოდინი პოზიტიური იყო, თუმცა, უნივერსიტეტის სათანადოდ წარმოჩენა დიდ ძალისხმევასთან იყო დაკავშირებული. საავტორიზაციო დოკუმენტაცია 15 000-მდე გვერდისგან შედგებოდა და მის მომზადებაში მთელი უნივერსიტეტი ჩაერთო. ავტორიზაციის ექსპერტებმა წინასწარ შეისწავლეს დოკუმენტაცია და ამის შემდეგ დაიგეგმა უნივერსიტეტში ვიზიტი. ვიზიტი 3 დღეს გაგრძელდა და მოიცავდა ათეულობით შეხვედრას უნივერსიტეტის პერსონალთან, სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებთან და დამსაქმებლებთან. ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს უნივერსიტეტი, რაც საბოლოოდ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გამართულ საბჭოზე დასრულდა ჩვენთვის ავტორიზაციის მინიჭებით. ავტორიზაციის წარმატებით გავლა არის უნივერსიტეტის მიერ წარმატებით გადალახული მნიშვნელოვანი ეტაპი.

- რას ნიშნავს უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის მოპოვება, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ის?
- სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებულ განათლებას. შესაბამისად, ავტორიზაციის მიღებისთვის, საკმაოდ მკაცრი მოთხოვნებია დაწესებული. საქართველოში რამდენიმე წლის წინ მოხდა ავტორიზაციის სტანდარტების დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან, რაც, გაცილებთ მეტ ვალდებულებას გულისხმობს, თუმცა, ამავდროულად, ჩვენ ქვეყანაში მიღებულ განათლებას ევროპული სივრცისთვის მეტად თავსებადს ხდის. ავტორიზაციის თანამედროვე სტანდარტის დასაკმაყოფილებლად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილება ევალება. ძალიან მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს ეს მოთხოვნები: 
• უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული საკუთარი მისია, ჰქონდეს განსაზღვრული სტრატეგია, და მისი მიზნების მიღწევის გეგმა; 
• აუცილებელია მწყობრი ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც ეფექტიანად იმართება ადმინისტრაციის მიერ;
• საგანმანათლებლო პროგრამები უნდა უზრუნველყოფდეს თანამედროვე დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროფესიონალების მომზადებას;
• უნივერსიტეტი უნდა იწვევდეს მაღალკვალიფიციურ პერსონალს და მუდმივად უნდა ზრუნავდეს მათი კვალიფიკაციის შემდგომ ამაღლებაზე;
• უნივერსიტეტი სტუდენტებს უნდა უჭერდეს მხარს სწავლის პროცესში, ასევე მუდმივად ზრუნავდეს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებისთვის;
• უნივერსიტეტს ევალება კვლევების განხორციელება თანამედროვე დონეზე და მკვლევარების სათანადო მხარდაჭერა; 
• უნივერსიტეტს ევალება საკმარისი ფინანსური და მატერიალური რესურსების ფლობა სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
    სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოში ავტორიზაციის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხერხდება, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საკმაოდ მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

-    ავტორიზაციისთვის მზადების პროცესის პარალელურად, უნივერსიტეტში განხორციელებული რეფორმის საფუძველზე, მოხდა ფაკულტეტების პროგრამების ოპტიმიზაცია და ახალი პროგრამების შემუშავება. როგორია მათი განვითარება ამ ეტაპისთვის?
-    საგანმანათლებლო პროგრამების მაქსიმალურად მაღალი ხარისხის მიღწევის მიზნით გადაწყდა, რომ გამოკვეთილიყო პრიორიტეტული მიმართულებები და კონცენტრირება მხოლოდ ამ მიმართულებებზე მოგვეხდინა. ამ მიზნის მისაღწევად, უნივერსიტეტმა დახურა 50-მდე საგანმანათლებლო პროგრამა. სულ რამდენიმე ახალი საგანმანათლებლო პროგრამა შევქმენით, რომლებზეც სტუდენტების აქტიურობა არის მაღალი. არსებული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება არის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი, რომლის მიღწევისკენ არის მიმართული დიდი ძალისხმევა.

-    როგორი იყო ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, რა რეკომენდაციები მიიღო მათგან უნივერსიტეტმა?
-    როგორც მოგახსენეთ, ექსპერტების დასკვნა დადებითი იყო. ჩვენ უნივერსიტეტს 6 წლით მიენიჭა ავტორიზაცია. ექსპერტებმა სტანდარტის ყველა მოთხოვნასთან მიმართებით გამოთქვეს მოსაზრებები. განსაკუთრებით, აქცენტი გააკეთეს ინტერნაციონალიზაციასა და კვლევითი მიმართულებების გაძლიერებაზე. უნივერსიტეტს თავადაც ჰქონდა გაანალიზებული საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, რაც სამოქმედო გეგმაში იყო ასახული. ამ ეტაპზე, ჩვენ გვაქვს სიტუაციის სრული სურათი და შეგვიძლია სწორი მიმართულებებით მივმართოთ ძალისხმევა.
ავტორიზაციის წარმატებით დაძლევა არის უნივერსიტეტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ეტაპი, თუმცა, წარმატებული მოღვაწეობა, თანამედროვე, კონკურენტულ გარემოში, დაკავშირებულია შემდგომ თავდაუზოგავ მუშაობასთან.
ვფიქრობ, რომ ქართულ უნივერსიტეტს აქვს ყველანაირი რესურსი, იმისთვის, რომ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ქართულ განათლების სივრცეში.

-    დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
-    გმადლობთ.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტოს ავტორი: ნუგზარ შონია