მენიუ

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის 2018-2019 სასწავლო წლის შემაჯამებელი სხდომა

2019 წლის 8 ივლისს, ქართულ უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის 2018-2019 სასწავლო წლის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა.

2019 წლის 8 ივლისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის 2018-2019 სასწავლო წლის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა. სხდომა გახსნა დეკანმა ისტორიის დოქტორმა ლევან ჯიქიამ, რომელმაც დეტალურად ისაუბრა სკოლის მიერ სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებზე. როგორც ისტორიის დოქტორმა ლევან ჯიქიამ აღნიშნა წარმატებით განხორციელდა საბაკალავრო პროგრამების „ისტორია“, „ქართული ფილოლოგია“, „სამართალი“, სადოქტორო პროგრამების „საქართველოს ისტორია“, „ფილოლოგია“, სამაგისტრო პროგრამის „საქართველოს ისტორია“ აკრედიტაცია. გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, განსაკუთრებით სასიხარულოა საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების მეოთხე კურსის სტუდენტის გიორგი გაბრიჩიძის მონაწილეობა ვესტმისტერის უნივერსიტეტში გამართულ სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაში. 
რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც აღმოჩნდა ქართული უნივერსიტეტი. განათლების სისტემა მოგეხსენებათ მუდმივ განახლებად რეჟიმშია, აღნიშნა მან, პრიორიტეტები იცვლება, შესაბამისად უნდა ავუწყოთ ფეხი ახალ რეალობას. მოგეხსენებათ, ჩვენი უნივერსიტეტისათვის სერიოზული გამოწვევა იყო რამდენიმე სპეციალობის დაფინანსება სახელმწიფო უნივერსიტეტებში. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აღმოჩნდა არჩევანის წინაშე: ან უარი ეთქვა ისტორიის, ფილოლოგიისა და სხვა სპეციალობებზე ან თავად უნდა დაეფინანსებინა ისინი. უნივერსიტეტმა თავის თავზე აიღო ამ სპეციალობების სრულად დაფინანსება. რა შეიძლება ითქვას დღევანდელი გადმოსახედიდან? სამწუხაროდ ამ სტუდენტების სწავლის საფასურში გადახდილი თანხა არ არის მიღებული რეზულტატის უკუპროპორციული. აქედან გამომდინარე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მომავალი სასწავლო წლიდან ამ სპეციალობებზე ჩარიცხული სტუდენტები არ დაფინანსდებიან უნივერსიტეტის მხრიდან. ეს იქნება სერიოზული გამოწვევა ჩვენთვის და გვჭირდება მუშაობის გააქტიურება ამ მიმართულებით.
მთელმა რიგმა უნივერსიტეტებმა შეიმუშავეს ე. წ. 300 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლის კურსდამთავრებული უთანაბრდება მაგისტრს და ენიჭება მასწავლებლის კვალიფიკაცია. აუცილებელია დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით და შევქმნათ ანალოგიური პროგრამები, წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოვჩნდებით არათანაბარ პირობებში სხვა უნივერსიტეტებთან.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ: პროფესორი ვახტანგ გურული, პროფესორი ევა გოცირიძე, პროფესორი მინდია უგრეხელიძე, პროფესორი ეკა დუღაშვილი, პროფესორი ქეთევან შენგელია, ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი პროფესორი პაატა გოგიშვილი. გამომსვლელებმა აქცენტი გააკეთეს შემდეგ საკითხებზე: დოქტორანტურაში მიზნობრივი პრინციპის დანერგვის აუცილებლობაზე, სტუდენტთა პრეზენტაციების კომპონენტის გაძლიერების აუცილებლობაზე, უნივერსიტეტში საჯარო ლექციების უფრო მეტი სიხშირით ჩატარების აუცილებლობაზე,  სტუდენტთა შუალედური და დასკვნითი ნამუშევრების სავალდებულოდ განხილვის დანერგვაზე და სხვ.
დასასრულს, რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ წამოაყენა ინიციატივა, სემესტრის განმავლობაში სპეციალობების მიხედვით დაინერგოს მსგავსი შეხვედრები, ხოლო სასწავლო წლის ბოლოს შემაჯამებელ სხდომაზე პროგრამის ხელმძღვანელებმა წარმოადგინონ ანგარიშები.


 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა