მენიუ

მარადისობაში გადაინაცვლა

ქართული უნივერსიტეტის საინფორმაციო დაფაზე გამოკრული განცხადება რაგბის შიდასაუნივერსიტეტო ტურნირის გამართვის შესახებ სამძიმრის ფურცელმა ჩაანაცვლა, რომელიც ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ტურიზმის ბიზნესის სტუდენტის, ლაშა მღებრიშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებას იუწყებოდა.
maradisobashi-gadainatsvla

ქართული უნივერსიტეტის საინფორმაციო დაფაზე გამოკრული განცხადება რაგბის შიდასაუნივერსიტეტო ტურნირის გამართვის შესახებ სამძიმრის ფურცელმა ჩაანაცვლა, რომელიც ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ტურიზმის ბიზნესის სტუდენტის, ლაშა მღებრიშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებას იუწყებოდა.

29 ოქტომბრის დილას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები სიხარულით ემზადებოდნენ რაგბის შიდასაუნივერსიტეტო ტურნირზე წასასვლელად და გუნდის წევრებივით უხაროდათ მისი ჩამოყალიბება. ფიზკულტურის ინსტიტუტის რაგბის სტადიონზე ბიჭების საგულშემატკივროდ მთელი უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები შეიკრიბნენ, მაგრამ მოხდა ტრაგედია - პირველი ტაიმის შემდეგ ლაშა მოულოდნელად დაეცა და მალევე გარდაიცვალა...

ეს დღე უმძიმესი იყო ქართული უნივერსიტეტის თითოეული თანამშრომლის თუ სტუდენტისთვის, სიხარული უდიდეს ტკივილად რამდენიმე წუთში გადაიქცა.

ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორ-მასწავლებლები  და მეგობრები ასე იხსენებენ ლაშა მღებრიშვილს:

სერგო ვარდოსანიძე - ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი. სამი წლის წინ საქართველოს ისტორიის გაერთიანებულ ლექციაზე ჩემი ყურადღება ერთმა ახალგაზრდამ მიიპყრო. ინტერესით ისმენდა, შემდეგ კითხვაც დამისვა, გამოვკითხე ვინაობა, ტურიზმის მიმართულების სტუდენტი ლაშა მღებრიშვილი აღმოჩნდა... “ძალიან მაინტერესებს საქართველოს ისტორია, თუ შეიძლება დამატებითი ლიტერატურა დამისახელეთ”. ასე დაიწყო ჩემი ურთიერთობა ლაშასთან. ყოველი შეხვედრის დროს სახე გაუნათდებოდა და დიდი პატივისცემით მხვდებოდა. ერთხანს ვეღარ ვხედავდი, მოვიკითხე, მითხრეს, სხვა სასწავლებელში გადავიდაო. რამდენიმე კვირის წინ მეორე სართულზე შევხვდი - “სად წახვედი ლაშა-მეთქი”, ვუსაყვედურე, ისევ აქ ვარ, აღარსად აღარ წავალ, აქ რომ სითბო და ყურადღებაა, ის სხვაგან არ არისო, მიპასუხა...

როდესაც სტადიონზე ეს უბედურება მოხდა, რამდენიმე წუთში იქ გავჩნდი, ექიმები თავს დასტრიალებდნენ, შემდეგ სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს... იყო მცირე იმედებიც, მაგრამ...

დღეს უკვე ლაშა მღებრიშვილზე წარსულში გვიხდება საუბარი, მშვიდობით, ჩემო ვაჟკაცო, ნათელი დაადგეს შენს უკვდავ სულს, ამინ.

ნიკო კვარაცხელია - ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი. ლაშა ჩვენს ფაკულტეტზე ტურიზმის ბიზნესის მიმართულებით სწავლობდა, ძალიან წესიერი, მოწესრიგებული და გულისხმიერი იყო. მასთან სამი წლის ნაცნობობა მაკავშირებდა და ცუდი არაფერი მახსენდება, არც მეგულება მასზე განაწყენებული ადამიანი. ძალიან გახსნილი და კომუნიკაბელური იყო, საოცარი აურა ჰქონდა, მუდმივად იღიმებოდა, მის სახეზე ღრუბელი არასდროს გვინახავს. ექსკურსიებზე და სპორტულ შეჯიბრებებში ყოველთვის აქტიური და გამორჩეული იყო.

წელს ზაფხულში ქობულეთში შევხვდით, ძალიან გაუხარდა ჩემი ნახვა, ფოტოც კი გადავიღეთ ერთად, რომელიც სოციალურ ქსელში განუთავსებია წარწერით ,,ჩემი უსაყვარლესი ლექტორი”.

ლაშას გარდაცვალებამ ძალიან მატკინა გული. ამ საზარელი დღის შემდეგ სახლში ავტობუსით ვბრუნდებოდი და უნებლიეთ შევნიშნე, რომ ვტიროდი, ასე დიდი ხანია არაფერი განმიცდია.

გიორგი შონია - ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი, ლაშას მეგობარი - უკვე რამდენიმე დღე გავიდა, რაც ლაშა აღარ არის. მისმა გარდაცვალებამ ყველას დაგვწყვიტა გული, ჯერაც ვერ ვიჯერებ იმას, რომ ვეღარასდროს ვნახავ მის ღიმილიან სახეს.

ჩემი და ლაშას ურთიერთობა დაიწყო 2 წლის წინ, როდესაც ქათული უნივერსიტეტის რექტორის, ბატონ სერგო ვარდოსანიძის ინიციატივით დავიწყეთ მუშაობა გარკვეულ სამეცნიერო საკითხებზე. რამდენიმე ხნის შემდეგ ლაშა იძულებული გახდა შეეწყვიტა მუშაობა, რადგან მას ძალზე დატვირთული გრაფიკი ჰქონდა. მოგეხსენებათ, ძიუდოისტი იყო და დიდ დროს ატარებდა სპორტულ დარბაზში, თუმცა უნივერსიტეტში თითქმის ყოველ დღე ვხვდებოდი.

ლაშა იყო არაჩვეულებრივი, მეგობრული, მოაზროვნე და მომავალზე ორიენტირებული ადამიანი, რომლის სახეზე ვერ შეამჩნევდით ნაღველს. მისგან მხოლოდ დადებითი ემოციები მოდიოდა. ვერ ვიხსენებ ვერავის, ვისაც ლაშასთან რაიმე კონფლიქტი ჰქონდა, პირიქით, ყველასთან თავმდაბალი და გამგებიანი იყო.

ბოლო პერიოდში ძალიან დავახლოვდით, თითქმის ყოველ დღე გვქონდა მიმოწერა სოციალურ ქსელში. მალე შიდასაუნივერსიტეტო რაგბის ტურნირი იწყებოდა და სურდა, მეც მეთამაშა, დავთანხმდი და ერთ გუნდში მოვხვდით. თამაშის დღეს მის სახეზე უჩვეულო განწყობა შევნიშნე, თუმცა მაშინ ამაზე ყურადღება არ გამიმახვილებია, რადგან კაცი მისი საყვარელი ადამიანის დაკარგვის შემდეგ იაზრებს ბევრ რამეს და უფიქრდება მის თითოეულ სიტყვასა და ნაბიჯს. ამას წინათ ლაშას სტატუსი გამოუქვეყნებია ფეისბუქზე: „სიკვდილით ყველაფერი არ მთავრდება, სიკვდილით იწყება“.

მე ვარ ერთ-ერთი, ვინც ბოლო წუთებში ლაშასთან იყო. იმ დღეს საშინელება დაგვატყდა თავს, მთელი უნივერსიტეტი თვალს ადევნებდა თამაშს, მათ შორის, ლაშას და გვანცაც. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, ვერც კი გავიაზრე, რა ხდებოდა. ყველანი შოკში ვიყავით, ახლოს მივედი, მუხლებზე დავეცი და ვტიროდი, ვტიროდი და ღმერთს ვევედრებოდი, რომ ყველაფერი კარგად დასრულებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა.

ახლა ყველაზე მეტად ლაშას ოჯახს სჭირდება მხარდაჭერა და გვერდში დგომა. სტუდენტები ვიყავით ჩასული კახეთში, ლაშას მშობლიურ სოფელში სამძიმარზე.  მამამისმა საუბრისას გვითხრა, ძალიან მინდოდა ლაშას ქორწილში შემეკრიბეთო...

ეს არის უდიდესი ტრაგედია, ყველანი ძალიან განვიცდით და ყველას გვტკივა ლაშას ამქვეყნიდან წასვლა. სამწუხაროა, კეთილსინდისიერი და გულანთებული ახალგაზრდები რომ გვტოვებენ.

დაჩი ჩიქოვანი - ლაშას ჯგუფელი. ლაშას გარდაცვალება დაუჯერებელია დღემდე, როგორც ჩემთვის, ისე ჩვენი სტუდენტური ოჯახისთვის. ის იყო ერთგული, თბილი, მოსიყვარულე და გამორჩეული ჩვენს ჯგუფში. ალბათ, საკუთარმა ინტუიციამ ან უფლის კარნახით, რაღაც წინასწარმა ხედვამ უკარნახა, რა ახლოს იყო ჩასაფრებული სიკვდილი. უფალს ვთხოვთ, დაუმკვიდროს მას ცათა სასუფეველი, ჩვენ კი, მის მეგობრებს, ძალიან გაგვიჭირდება მასთან განშორება, ის მარად იცოცხლებს ჩვენს გულებსა და მოგონებებში, როგორც კეთილშობილი, ლაღი, მუდამ მომღიმარი ძმა და მეგობარი!

მახსენდება პირველი დღე ქართულ უნივერსიტეტში და ლაშას გაცნობა. ძალიან დაბნეული ვიყავი იმ დღეს, რადგან არავის ვიცნობდი. საინფორმაციო შეხვედრაზე ლაშას გვერდით აღმოვჩნდი. მან პირველმა გამომიწოდა ხელი და გამეცნო, ჩვენ ძალიან ადვილად შევედით კონტაქტში და დავახლოვდით, თუმცა მას არ უთქვამს, რომელ ფაკულტეტზე ჩააბარა. მოგვიანებით გავიგე, რომ ის ჩემს სპეციალობაზე სწავლობდა და ძალიან გამიხარდა, რადგან მეყოლებოდა ისეთი კურსელი, როგორიც იყო ლაშა მღებრიშვილი.

დღეს ყველაზე მეტად თანადგომა მის ოჯახს სჭირდება, რათა მისი სიკვდილით გამოწვეული ტკივილი ცოტათი მაინც განუქარვდეთ, თუმცა, მისი გარდაცვალება ყოველთვის იქნება ჭრილობა, რომელიც გვემახსოვრება და არასოდეს შეხორცდება.

გიორგი ჩაჩიბაია - ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი. ლაშა ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, რომელიც ყოველთვის გვერდში მედგა და მეხმარებოდა. იგი იყო ადამიანი, რომელიც არასოდეს მოგცემდა იმის უფლებას, რომ მოგეწყინა, სულ მომღიმარი და პოზიტივით სავსე იყო.   მახსოვს კურსელებთან ერთად გამოვთქვით სურვილი ყაზბეგში წავსულიყავით, მაგრამ ისე მოხდა, რომ მარტო მე და ლაშა წავედით ერთად ტურზე, სადაც არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. არასოდეს მეგონა, რომ ლაშასთან გატარებული დრო და მოგონებები ჩემთვის დიდ ტკივილად დარჩებოდა.

მიჭირს იმაზე ფიქრი, რომ ის აღარ არის, მაგრამ ჩემს გულში ყოველთვის ცოცხალი იქნება. ამ მძიმე დროს ვუსამძიმრებ და ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. იმით ვინუგეშოთ გული, რომ ლაშას სული უფალმა მიიბარა და უფალთან არის.

ძალიან წესიერი, გულისხმიერი, მეგობრული, მოსიყვარულე, მოაზროვნე, მომავალზე ორიენტირებული... ეს ის თვისებებია, რომლებითაც ლაშა მღებრიშვილს მეგობრები გამოარჩევდნენ.

იმ საბედისწერო დღის შემდეგ ქართულ უნივერსიტეტში თითქოს ყველაფერმა ხალისი დაკარგა. სტუდენტთა ღიმილიანი სახეები ტრაგიკულმა განწყობამ შეცვალა. დაკრძალვის წინა დღეს ქართული უნივერსიტეტის წმიდა მეფე დავით აღმაშენებელის სახელობის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილმა სტუდენტებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს და პატივი მიაგეს სიცოცხლით სავსე, მუდამ მომღიმარ და ყველასთვის საამაყო ბიჭს, ხოლო დაკრძალვის დღეს მთელი უნივერსიტეტი მის მშობლიურ ჩომლაყში სევდით და ტკივილით დაემშვიდობა ლაშა მღებრიშვილს, რომელმაც უკვე მარადისობაში გადაინაცვლა.

 

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა