მენიუ

ქართული უნივერსიტეტის მასშტაბით აკადემიური მოსწრების ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტი (99.66)

ინტერვიუ ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის მე-7 სემესტრის სტუდენტთან თამარ ტაბატაძესთან
kartuli-universitetis-masshtabit

როგორც მათემატიკოსი, მოკლე, მაგრამ ზუსტი პასუხებით გამოჩეული, საქმიანი, ბეჯითი... მისი საუბრიდან იკვეთება წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საუნივერსიტეტო სტიპენდიის მფლობელი სტუდენტის პასუხისმგებლობითა და თავდაუზოგავი შრომით აღსავსე ცხოვრება და მიზანდასახულობა.

წარმოგიდგენთ ინტერვიუს ქართული უნივერსიტეტის, ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის მე-7 სემესტრის სტუდენტ, თამარ ტაბატაძესთან.

მოგესალმები, თამარ.

მოგესალმებით.

წმიდა ანდრია პირველწოდებულის, ზოგადად, წმინდანის სახელობის სტიპენდიანტობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. როგორ იაზრებ ამ პასუხისმგებლობას, რას გავალებს იგი?

რასაკვირველია, წმინდანის სახელობის სტიპენდია ნებისმიერი სტუდენტისთვის   ორმაგ პასუხისმგებლობას წარმოადგენს.Aამავეს ვგრძნობ მეც, თუმცა ჯერ თითქოს ვერც ვიაზრებ ბოლომდე. წმიდა ანდრია პირველწოდებულისადმი ყოველთვის დიდი სიყვარულით და მოკრძალებით ვიყავი განმსჭვალული, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ დადგებოდა ჩემს ცხოვრებაში დრო, როცა მე მისი სახელობის სტიპენდიანტი მერქმეოდა. უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა მაქსიმალურად გამომეყენებინა რესურსები და ჩემი უნარები, ამიტომაც უნვერსიტეტის წინაშე ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას.  ვეცდები, რომ ყოველთვის ვიყო წარმატებული.

წარჩინებული სტუდენტის ცხოვრება სხვებისთვისაც საინტერესოა, გვიამბე, რა იყო მნიშვნელოვანი უნივერსიტეტში მოსვლამდე?

უნივერსიტეტში მოსვლამდე ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლე ვიყავი. ვოცნებობდი სტუდენტობაზე, რის გამოც აბიტურიენტობის პერიოდი მქონდა ორმაგად დატვირთული და საპასუხისმგებლო. იყო თავდაუზოგავი შრომა. მქონდა მიზანი ჩამებარებინა საატესტატო და შემდეგ ეროვნული გამოცდები. ძალიან მინდოდა გავმხდარიყავი ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი, მე ეს ოცნება ავიხდინე.

სტიპენდიანტი ვერ გახდები მხოლოდ ბეჯითი შრომით, ის გამორჩეულ ნიჭსა და უნარებსაც გულისხმობს, რისთვის გრჩება დრო სწავლის გარდა?

სტიპენდიანტობა დიდ შრომას და სისტემურ მეცადინეობას მოითხოვს. ამის გამო თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს. თუმცა ვცდილობ მაინც გამოვნახო თავისუფალი დრო და მას იმისთვის ვიყენებ, რომ ჩემი ცოდნა სხვებსაც გავუზიარო, მყავს მოსწავლეები მათემატიკაში, რომლებსაც ჩემი თავისუფალი დროის გარკვეულ ნაწილს ვუთმობ. დროის ძალიან მცირე ნაწილს კი შეძლებისდაგვარად დასვენებისთვის ვიყენებ.

რამდენად გრძნობ უნივერსიტეტის მეგობრულ და თბილ ატმოსფეროს, ზრუნვას და რა არის შენთვის ქართული უნივერსიტეტი?

პირველივე დღიდან გამაოცა უნივერსიტეტის გარემომ, სწავლების მაღალმა დონემ, ინფრასტრუქტურამ, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია მზრუნველი და თბილი გარემო. ქართულ უნივერსიტეტში არის ყველა ძალიან მეგობრული: ლექტორები, სტუდენტები, ზოგადად, თბილი გარემოა, თითქოს თვითონ უნივერსიტეტის შენობის კედლებიდანაც კი რაღაც საოცარი სითბო იღვრება. ეს არის ადგილი, სადაც იზრდები, ყალიბდები, ვითარდები. ქართული უნივერსიტეტი სხვა დიდ უნივერსიტეტებთან შედარებით უფრო მცირე მოცულობის არის, მაგრამ გამორჩეულია თავისი დიდი შესაძლებლობებით და მიზნებით.

თუ გაქვს სხვა ფაკულტეტების სტიპენდიანტებთან ურთიერთობა, თუ ტარდება შეხვედრები ან ერთობლივი ღონისძიებები, გარდა სამეცნიერო კონფერენციებისა?

სხვა ფაკულტეტის სტიპენდიანტებთან მაქვს ურთიერთობა და საკმაოდ კარგი, ერთობლივი კონფერენციებიც გვქონია. შეხვედრებიც ხშირად ეწყობა და ყოველთვის ვცდილობ დავესწრო. გარდა ამისა, ყოველ წელს ეწყობა ექსკურსია წარჩინებული სტუდენტებისთვის, რომელიც უკვე იქცა ტრადიციად ჩვენს უნივერსიტეტში და მისი ერთ-ერთი მიზანი სწორედ წარჩინებულ სტუდენტთა დაახლოება, მათ შორის ურთიერთობის განმტკიცებაა. მე სიხარულით ვიღებ მონაწილეობას ასეთ ღონისძიებებში და, შესაბამისად, ახლო ურთიერთობა მაქვს სხვა სტიპენდიანტებთან.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა