მენიუ

პროფესორ სერგო ვარდოსანიძის საჯარო ლექცია

3 დეკემბერს, ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა რექტორის, პროფესორ სერგო ვარდოსანიძის საჯარო ლექცია თემაზე „ერთიანი სახელმწიფოებრივი და ეკლესიური ცნობიერების პრობლემა პროვინციებად დაშლილ საქართველოში (XV-XIX ს.ს.)“.

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ტრადიციად იქცა ყოველი წლის 3 დეკემბერს რექტორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, თეოლოგიის დოქტორის პროფესორ სერგო ვარდოსანიძის მიერ საჯარო ლექციის წაკითხვა ამა თუ იმ აქტუალურ და პრობლემატურ საკითხზე (3 დეკემბერი პროფესორ სერგო ვარდოსანიძის დაბადების დღეა).  ამჟამად საჯარო ლექციის თემად შეირჩა დღევანდელი რეალობისთვის უაღრესად აქტუალური თემა: „ერთიანი სახელმწიფოებრივი და ეკლესიური ცნობიერების პრობლემა პროვინციებად დაშლილ საქართველოში (XV-XIX ს.ს.)“. 

ბევრჯერ ყოფილა საქართველოს წარსულში მრავალრიცხოვან მტრებთან უთანასწორო ბრძოლაში დამარცხების მაგალითები, თუმცა ყველაზე მტკივნეული ერისთვის ერთიანობის  განცდის არარსებობა იყო. ეს კარგად ჰქონდათ გათვითცნობიერებული საქართველოს მტრებს, შესაბამისად პირველ დარტყმას ისინი ერის ერთიანობის წინააღმდეგ ახორციელებდნენ. პოლიტიკურად დანაწევრებული საქართველოს მორჩილებაში ყოლა ადვილი იყო.  პოლიტიკურად დაშლილ საქართველოში ქართული ეკლესია რჩებოდა ერის შემკრებად და გამაერთიანებლად. შესაბამისად მტერი ანალოგიურად ახორციელებდა დარტყმას ეკლესიური ერთობის დასარღვევად. 

მეცხრამეტე საუკუნეში ილია ჭავჭავაძე დამწუხრებული აცხადებდა: „აბა დაიძახე: ქართველო-თქო, თუ შავის ზღვიდამ მოყოლებული კასპიის ზღვამდე მარტო ღიპ-გადმოგდებულის ქართველის მეტმა (ე.ი. გორის მაზრაში მცხოვრებელმა) შემოგხედოს ვინმემ, და თუ გაჭირდა, იქნება კახელმაც თავისი სხვილი კისერი შენკენ მოიღრიჯოს, სხვანი კი ყურსაც არ გათხოვებენ, თითქო ამათ არ ეძახიო, თითქო ისინი კი ქართველები არ არიანო“. 

საბედნიეროდ ყველა საუკუნეში იყვნენ ეროვნული ცნობიერების მატარებელი მოღვაწენი: გიორგი ბრწყინვალე, ბაგრატ მესამე, ლუარსაბ პირველი, სვიმონ პირველი, ერეკლე მეორე, ილია ჭავჭავაძე და სხვები. მათმა საღმა, სწორმა ორიენტირმა, მტერს ხელი შეუშალა მიზნის მიღწევაში. მტერმა ვერ ამოშანთა ქართველის მეხსიერებიდან ეროვნული ცნობიერება. არანაკლები გამოწვევები დაუდგა ქართველ ერს მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეებშიც. ამ გამოწვევებს დღევანდელმა ახალგაზრდობამ უნდა უპასუხოს.
ლექციის დასასრულს პროფესორ სერგო ვარდოსანიძეს დაბადების დღე მიულოცეს, მადლობა გადაუხადეს საინტერესო ლექციისთვის და შეკითხვები დაუსვეს პროფესორებმა: მინდია უგრეხელიძემ, დიმიტრი ნადირაშვილმა, ვახტანგ გურულმა, ტარიელ ფუტკარაძემ, თეა გოგოტიშვილმა და სხვებმა.

პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ უპასუხა დასმულ კითხვებს და მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და კეთილი სურვილებისთვის. 


 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა