მენიუ

“წინსვლა თუ კომფორტის ზონაში დარჩენა”

“ჩემთვის წარმატება ნებისყოფის გამოცდაა, თუ ორჯერ არ გაგიმართლათ, ეს იმას ნიშნავს, რომ მესამეჯერ აუცილებლად უნდა სცადოთ”

უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ჩემი ცხოვრება სრულიად სხვანაირი იყო, გულწრფელად რომ ვთქვა, სკოლაში არ გამოვირჩეოდი აკადემიური მოსწრებით. საშუალო მოსწავლე ვიყავი. როდესაც გავაცნობიერე, რომ პროფესია უნდა ამერჩია და ცხოვრების ახალ ეტაპზე უნდა გადავსულიყავი, დიდი პასუხისმგებლობის წინაშე დავდექი, ჯერ საკუთარი თავის წინაშე, შემდეგ კი ოჯახის.

ჩემმა ერთ-ერთმა ახლო ადამიანმა მირჩია ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი და მითხრა, რომ ეს ის ადგილია, სადაც ჩემი ყოველი ძალისხმევა, მონდომება და წარმატება დაფასებული იქნებოდა. როდესაც საკუთარი პროფესიის დაუფლება დავიწყე და დღითი დღე ვხვდებოდი, რომ მე იქ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი, მივხვდი იმასაც, რომ აღარ მინდოდა საშუალო დონის "მოსწავლეობა". მაღალი დონის მისაღწევად კი გაცილებით მეტი შრომა და საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო. ყველაფრის თავიდან დაწყება მომიწია, რადგან მე არ ვიყავი მიჩვეული საკუთარ სურვილებზე უარის თქმას სწავლის გამო.

3 წლის განმავლობაში ამ უნივერსიტეტმა ცოდნასთან და თავდაჯერებულობასთან ერთად, ძვირფასი ადამიანები შემძინა, რომლებიც მუდმივად გვერდში მიდგანან მარცხის თუ წარმატების დროს. ეს კი ბევრს ნიშნავს, როცა უნივერსიტეტს შეუძლია ცოდნასთან ერთად ადამიანური ურთიერთობებიც გასწავლოს, რაც უშუალოდ კავშირშია ჩემ პროფესიასთან. ფსიქოლოგიის არჩევა საკუთარი ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე მოხდა. მუდმივად ვცდილობ აქტიური ვიყო უნივერსიტეტშიც და მის გარეთ, მუდმივად ახალი გამოცდილებისკენ მივისწრაფი, ჩართული ვარ სტუდენტურ კონფერენციებში, აქტიური წევრი ვიყავი ჩვენს უნივერსიტეტში არსებული: "ტრენერთა ლაბორატორიის".

ყველანაირად ვცდილობ უნივერსიტეტში კარგი სტუდენტი ვიყო, უნივერსიტეტის გარეთ კი სოციალურად აქტიურიც, რაც მოიაზრებს მეგობრებთან დროის გატარებას და უბრალოდ იმის კეთებას, რაც მსიამოვნებს. თუმცა არ არის მარტივი ყველაფერს თანაბრად დაუთმო დრო, შენც კმაყოფილი დარჩე და გარშემომყოფებიც. ასეთ სიტუაციებში საკუთარი თავისთვის ბევრჯერ მითქვამს, რა გინდა, ახლა ერთია და რა გჭირდება გარკვეული მიზნის მისაღწევად, მეორე. ვთვლი, რომ დროის გადანაწილებაც პრიორიტეტების საკითხია. ზოგჯერ უბრალოდ, რაც თავს კარგად მაგრძნობინებდა იმ მომენტში იმას ვაკეთებდი.

მუდმივად წარმოვიდგენდი როგორი იქნებოდა, სტიპენდიანტის ამპლუაში ყოფნა, როცა რეალობის წინ აღმოვჩნდი, გახარებულთან ერთად დაბნეული ვიყავი. წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სტიპენდიანტობა ერთის მხრივ, ძალიან საპასუხისმგებლო აღმოჩნდა ჩემთვის, მუდმივად ვცდილობ უფრო ორგანიზებული, მოტივირებული და მიზანდასახული ვიყო, მეორეს მხრივ, თავდაჯერებულობა მომემატა. გავიგე რა გამომდის კარგად და რას უნდა დავუთმო მეტი დრო, რომ იმ უნარებსაც კარგად ვფლობდე. მთელი ამ პროცესის განმავლობაში გავაცნობიერე, რომ პასუხისმგებლობა ტვირთი არასდროს არაა, თუ კი იმ გარემოში აკეთებ იმ საქმეს, რაც ძალიან გიყვარს.

ჩემთვის წარმატება ნებისყოფის გამოცდაა, თუ რამდენჯერ შეგიძლია რომ სცადო ერთი და იგივე, სანამ არ მიიღებ იმ შედეგს, რაც გინდა, რომ გქონდეს. თუ ორჯერ არ გაგიმართლათ, ეს იმას ნიშნავს, რომ მესამეჯერ აუცილებლად უნდა სცადოთ.

ყოველთვის გვაქვს არჩევანი წინსვლასა და კომფორტის ზონაში დარჩენას შორის, მთავარია შენ რას ირჩევ!

თამარ კურატაშვილი
ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტი

ფოტოს ავტორი: ნუგზარ შონია
 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა