მენიუ

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტების კიდევ ერთი წარმატება

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი ახორციელებს სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლით პროგრამას, რომელთა მიზანი ევროპული ცოდნის მიღება და დასაქმების დონის ამაღლებაა. 

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი ახორციელებს სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლით პროგრამას, რომელთა მიზანი ევროპული ცოდნის მიღება და დასაქმების დონის ამაღლებაა. 


2019 წლის მარტში ქართულმა უნივერსიტეტმა კიდევ ერთი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, ამჯერად Campus Lions Club Tbilis-თან. ამით უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება მიეცათ ჩართულიყვნენ ევროკავშირის საგრანტო პროგრამა ERASMUS+, რომელიც ახორციელებს საინტერესო საგანმანათლებლო პროექტებს.


ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები: ელენე ციციშვილი, მარიამ თაღიაშვილი და გიგა ცერცვაძე 3-10 მარტის ჩათვლით Erasmus+ პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ რუმინეთში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდნენ პროექტში - Beyond Media Influence. 


მსოფლიოში განვითარევბული პანდემიის ფონზე როგორ ჩაიარა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტების რუმინულმა მოგზაურობამ და რამდენად ნაყოფიერი იყო პროექტში მონაწილეობა მათთვის გვესაუბრება ერთ-ერთი მონაწილე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის, საერთაშორისო ურთიერთობების და რეგიონალური პროცესების მიმართულების სტუდენტი ელენე ციციშვილი.

- მოგესალმები ელენე.
- მოგესალმებით.

- როგორ შეირჩა ERASMUS+ მონაწილეები და თქვენ როგორ ჩაერთეთ მასში?
- პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ უნივერსიტეტს და Campus Lions Club Tbilis, რომ არა მათი ურთიერთთანამშრომლობა, ვერ გავხდებოდი ERASMUS+ პროგრამის მონაწილე. მათ შორის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გამოცხადდა, რომ შეგვეძლო მონაწილეობის მიღება ERASMUS+ პროექტების წერაში და გვქონოდა ევროპის ქვეყნებში  წასვლის შანსი. ამ არაჩვეულებრივი სიახლის გამოცხადებისთანავე გადავგზავნე CV და გასაუბრების გავლის შემდგომ ჩავერთე ERASMUS+ პროექტების წერაში. შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა გქვონდა წავსულიყავით რუმინეთში ERASMUS+ ერთ-ერთ პროექტში მონაწილეობის მისაღებად. უნივერსიტეტმა დაიწყო მონაწილეების შერჩევა. გამოცხადდა კონკურსი, მაგრამ მე, როგორც ERASMUS+ პროექტების წერაში ჩართული სტუდენტი, კონკურსის გავლის გარეშე, ავტომატურად აღმოვჩნდი მონაწილეთა შორის, რომლებიც რუმინეთში უნდა გამგზავრებულიყვნენ. ესენი იყვნენ ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების სტუდენტები: მარიამ თაღიაშვილი და გიგა ცერცვაძე. მათ წარმატებით გაიარეს კონკურსი, რომელიც მოიცავდა ორ ეტაპს: სამოტივაციო წერილის გაგზავნას და გასაუბრების გავლას. 
მარიამი პირველი კურსის სტუდენტია, მე და გიგა კი მეოთხე კურსის სტუდენტები ვართ. წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით ჩვენ გავემგზავრეთ რუმინეთში 2 მარტს და იქ დავრჩით 12 მარტის ჩათვლით. ძალიან სასიამოვნო იყო მარიამსა და გიგასთან ერთად მგზავრობა და პროექტში მონაწილეობა.

- მსოფლიოში განვითარებული პანდემიის ფონზე თქვენი გამგზავრება საფრთხის შემცველი იყო, მაგრამ უკან არ დაიხიეთ...
- რა თქმა უნდა, გამგზავრება იყო საფრთხის შემცველი. რისკი ყველგან და ყოველთვის იარსებებს, თუ არ იქნა მიღებული შესაბამისი უსაფრთხოების ზომები. ჯგუფმა, რომელიც მივემგზავრებოდით საქართველოდან, ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება გამგზავრების შესახებ. მიმდინარე პროცესები ჩვენს ყოველდღიურობაზე არ ასახულა, არც პანიკა იყო იმ ქალაქში, სადაც ვიმყოფებოდით და ინფიცირებულთა ერთი შემთხვევაც კი არ იყო დაფიქსირებული იმ დროისთვის. ამის გამო ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა, უბრალოდ, უფრო მეტად ვიცავდით უსაფრთხოების ზომებს და ჰიგიენურ ნორმებს. ქართული უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ყოველდღიურად გვიკავშირდებოდა და ზრუნავდა ჩვენს უსაფრთხოებაზე. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი უნივერსიტეტს და მადლობელი ვარ იმის გამოც, რომ თანამშრომლობს ისეთ სანდო ორგანიზაციასთან, როგორიც არის Campus Lions Club Tbilisi. ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი, რატი ქირია, იყო ჩვენი გუნდის ლიდერი ამ პროექტში. ტრენინგის განმავლობაში იგი გამუდმებით ზრუნავდა ჩვენს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. საქართველოში დავბრუნდით 12 მარტს. ყველა მონაწილემ საზღვარზე გავიარეთ შემოწმება და სრულიად ჯანმრთელები დავბრუნდით ქვეყანაში. უსაფრთხოების პრევენციის მიზნით, ჩვენივე სურვილით, იმისდა მიუხედავად, რომ სახელმწიფოს არანაირი შეზღუდვა საზღვარზე შემოსვლის დროს არ დაუწესებია, გავიარეთ ორკვირიანი იზოლაცია და თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობთ. ასე რომ, არაჩვეულებრივად ჩაიარა პროექტმა და ჩვენმა რუმინულმა მოგზაურობამ. თვალს ვადევნებდით ჯანმოს რეკომენდაციებს და ვასრულებდით. იქ სადაც იცავენ წესებს, პანიკის საფუძველი არ არის!

- ახლა თვითონ პროექტის შესახებ გვიამბე. ERASMUS+ საგანმანათლებლო პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს, თქვენ რა პროექტში მონაწილეობდით?
- დიახ, ERASMUS+ უამრავი საგანმანათლებლო პროექტი აქვს. ჩვენ ვიმყოფებოდით რუმინეთში, ქალაქ რამნიცუ ვალჩეაში 3-10 მარტის ჩათვლით. საქართველოსთან ერთად ამ პროექტში მონაწილეობას იღებდნენ: რუმინეთი, უკრაინა, მაკედონია, თურქეთი და სხვა. სულ 36 აქტიური მონაწილე!  რაც შეეხება პროექტის თემას, ეს იყო მედიის გავლენა  ("Beyond Media Influence").
დღესდღეობით მედია ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.  ამიტომ ვთვლი, რომ საზოგადოების ყველა წევრმა უნდა იცოდეს რამდენად ხარისხიანად და სწორად გვაწვდის მედიასაშუალებები სხვადასხვა სახის ინფორმაციებს. ტრენინგ-კურსი ძირითადად დატვირთული იყო პრაქტიკული დავალებებით. გავეცანით ყალბი სიახლეების გავლენას საზოგადოებაზე, თუ როგორ ახორციელებს პროპაგანდას თითქმის ყველა სახელმწიფო მედიის საშუალებთ, როგორ შეიძლება შევქმნათ ყალბი ნიუსი ისე, რომ იყოს დამაჯერებელი, რა ბერკეტი გააჩნია საზოგადოებას მედიის ზეგავლენისგან თავის დასაცავად, როგორ ჩავწეროთ ინტერვიუ და მოვამზადოთ კარგი სტატია.

- როგორ მიმდინარეობდა თქვენი სამუშაო დღეები, თავისუფალ დროს რითი იყავით დაკავებული?
- ვერ ვიტყვი, რომ ბევრი თავისუფალი დრო გვქონდა. ტრენინგები დილის ათი საათიდან საღამოს შვიდ საათამდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა, ძირითადად დატვირთული იყო პრაქტიკული დავალებებით, რაც უფრო საინტერესოს ხდიდა ტრენინგის მსვლელობის პროცესს. თუმცა თავისუფალ დროს ყველა ქვეყნის მონაწილე ვატარებდით ერთად, ვსეირნობდით ქალაქში და ვეცნობოდით ისტორიას, სხვადასხვა გასართობ აქტივობებს ვაწყობდით და უკეთ ვეცნობოდით ერთმანეთს. ყოველდღე, ცხრა საათზე იმართებოდა ინტერკულტურული საღამო და თითოეული ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს ვაცნობდით ჩვენს ქვეყანას. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს დღე იყო ზეემოციური ყველასთვის. მონაწილეებმა შევასრულეთ ქართული ნაციონალური ცეკვა „აჭარული“, ვაჩვენეთ უამრავი ვიდეო რგოლი საქართველოს შესახებ და დავაგემოვნებინეთ ჩვენ მიერ მომზადებული ხინკალი, საქართველოდან ჩატანილი ქართული სამზარეულოს ნაირსახეობები, ლიმონათი, ჭაჭა და ასევე ქართული ღვინო, რომელიც ჩვენმა უნივერსიტეტმა ამ დღისთვის გვისაჩუქრა. ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეებს თვალებზე ცრემლი ჰქონდათ. იცით, რამდენს ჰყვარებია და შეუყვარდა საქართველო? ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ყველა ერთხმად აღიარებს: რუსეთი ოკუპანტია! 10 დღის განმავლობაში გვქონდა ერთი არასატრენინგო დღე, რომელიც დაეთმო რუმინეთის ყველაზე ძველ და ისტორიულ ქალაქ სიბიუში მოგზაურობას.

- როგორ შეაფასებ პროექტში მონაწილეობის შედეგად მიღებულ ცოდნას, რა გამოცდილება მიიღე, მომავალში როგორ გამოიყენებ მას?
- იმისდა მიუხედავად, რომ პროექტი იყო მოკლევადიანი და მოიცავდა 10 დღეს, საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა შეხვედრებმა. აღმოვაჩინე, რომ ის პრობლემები, რომლებიც არსებობს ჩემს ქვეყანაში, არსებობს სხვაგანაც. რეალურად ძნელია აკონტროლო მედია და იქ არსებული ინფორმაციები. თუმცა არსებობს ნიუანსები, რომლის ცოდნის შემდეგაც შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ ყალბი ნიუსების ზეგავლენის ქვეშ მოქცევა. სწორედ ამ საკითხებზე მიღებული ცოდნა დაგვეხმარება მე და ჩემს მეგობრებს, ვიცხოვროთ რეალურ სამყაროში და არა ილუზიურში, რომელსაც მასმედია ძალიან ხშირად ქმნის.
ეს იყო პროექტი, რომელმაც შემმატა ცოდნა, დამარწმუნა ჩემს შესაძლებლობებში და მაზიარა ხუთი ქვეყნის კულტურას. ფიზიკურად ვიმყოფებოდი რუმინეთში, მაგრამ ვირტუალურად ვმოგზაურობდი ხუთ ქვეყანაში. მედია ჩვენ ვართ! მას ვქმნით ჩვენ!
კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ქართულ უნივერსიტეტს და იმედი მაქვს ასეთი სახის პროექტები გაგრძელდება, რადგან არაფორმალური განათლება არის საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა გამოავლინონ და განავითარონ საკუთრი შესაძლებლობები.

- პროექტის სამივე მონაწილეს წარმატებებს გისურვებთ.
- დიდი მადლობა.

 


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
 

 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა