მენიუ

ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტები

დღევანდელ რუბრიკაში გაგაცნობთ ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ეკონომიკის მიმართულების სტიპენდიანტს, ბექა ზაქარიაშვილს

 

დღევანდელ რუბრიკაში გაგაცნობთ ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ეკონომიკის მიმართულების სტიპენდიანტს, ბექა ზაქარიაშვილს, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან აფასებს უნივერსიტეტამდე განვლილ გზას, იხსენებს იმ ადამიანებს, რომლებმაც მის პიროვნულ ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინეს და საუბრობს იმის შესახებ,  თუ რამდენად იპოვა მან თავი არჩეულ პროფესიაში.

გვიამბე შენ შესახებ, რა იყო SANGU-მდე?
ქართულ უნივერსიტეტში მოსვლამდე იყო სკოლა. სკოლის პერიოდმა შეიძლება ითქვას, ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. ჩემი სკოლის პედაგოგების დამსახურებით მივიღე სათანადო განათლება და ჩამოვყალიბდი პიროვნებად. სკოლა ხომ იგივე მეორე სახლია, იქ ხომ ჩვენ მთელი 12 წლის განმავლობაში ნახევარ დღეს ვატარებთ. შემდეგ კი ჩემი მეორე სახლი გახდა ქართული უნივერსიტეტი. პირადად დავრწმუნდი იმაში, რომ SANGU გამოირჩევა სწავლების ძალიან მაღალი ხარისხით, მას ჰყავს გამოცდილი, მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები. არ შეიძლება, არ აღინიშნოს ის მზრუნველი, თბილი და მეგობრული გარემო, რომელიც არის უნივერსიტეტში. მე დღეს ვიცი, რომ ნამდვილად გავაკეთე ერთ-ერთი სწორი და ღირსეული არჩევანი, როდესაც ავირჩიე 145.

როგორც ვიცი, მრავალმხრივი ინტერესები გქონდა და საბოლოოდ აირჩიე ის პროფესია, რომელსაც დღეს ეუფლები. რამ  განაპირობა ეს არჩევანი, რა მოგწონს ყველაზე მეტად შენს პროფესიაში?
ბავშვობიდანვე ძალიან მსურდა გავმხდარიყავი ექიმი, მესწავლა ძალიან კარგად, მიმეღო შესაბამისი ცოდნა, მიმეღწია მაქსიმუმისთვის და შემდეგ უკვე ჩემი პროფესიით დავხმარებოდი ადამიანებს. მინდოდა მეც შევერთებოდი იმ გამოცდილი ექიმების რიგს, ვინც მკურნალობდა, ეხმარებოდა და გადაარჩენდა ადამიანების სიცოცხლეს, რადგან ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თუმცა შემდეგ სამედიცინო სფეროსადმი ჩემი შიშის გამო მივხვდი, რომ ამ პროფესიის დაუფლება, სამწუხაროდ, არ გამომივიდოდა. ძალიან მსურდა, აგრეთვე, პედაგოგობაც. თუმცა ბოლოს არჩევანი შევაჩერე ეკონომიკაზე, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკური პრობლემები უკვე დიდი ხანია არსებობს ჩვენს ქვეყანაში და ეს პრობლემები მუდმივად იჩენს ხოლმე თავს. სამწუხაროდ, ამას ახლა კიდევ დაემატა COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისი. ავირჩიე ეკონომიკა და გადავწყვიტე მესწავლა და მიმეღო ისეთი განათლება, რომლითაც მომავალში გამოვადგებოდი ჩვენს ქვეყანას. შეიძლება ითქვას, რომ ჩემს სპეციალობაზე შეყვარებული ვარ. ყოველდღიურად ვცდილობ მოვიპოვო ყველანაირი ინფორმაცია ეკონომიკურ სიახლეებზე. ვაკვირდები მოვლენებს, ვაანალიზებ და ვცდილობ ჩემეული დასკვნები გამოვიტანო. 

სად წარმოგიდგენია თავი სწავლის დასრულების შემდეგ?
მე მაქვს ძალიან ბევრი და, შეიძლება ითქვას, შორსმჭვრეტელი გეგმები. რამდენად შევძლებ ჩემი ყველა გეგმის განხორციელებას, ამას ვერ გეტყვით, თუმცა გეტყვით იმას, რომ აუცილებლად ვიბრძოლებ ბოლომდე, რათა ჩემი მიზნები სისრულეში მოვიყვანო. ამჟამად, ჩემი მთავარი მიზანი არის ის, რომ უფრო მეტად დავეუფლო ჩემს პროფესიას და ავიმაღლო კვალიფიკაცია. მსურს წარმატებით დავამთავრო უმაღლესი სწავლების სამივე საფეხური. შემდეგ კი, ჩემი ძალიან დიდი სურვილია, გავხდე ლექტორი. მინდა, მიღებული ცოდნა მაქსიმალურად გადავცე სტუდენტებს, რათა უფრო მეტად დავეხმარო, იყვნენ წარმატებულები. ჩემი დიდი სურვილია ხალხის სამსახურში ყოფნა და წვლილის შეტანა ქვეყნის განვითარებაში, არა ბრძოლით და იარაღით, არამედ ცოდნით. დღევანდელ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე „ძლიერი იარაღი“, რომელიც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, ხომ ცოდნა არის.

იყო სტიპენდიანტი, ნიშნავს...
ვიყო სტიპენდიანტი, ნიშნავს, რა თქმა უნდა, დიდ სტიმულს, ბედნიერებას, წარმატებას, მაგრამ, ამავე დროს - დიდ პასუხისმგებლობას. იყო ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტი, ეს ნამდვილად არ არის მარტივი. ჩემი მრავალწლიანი შრომა SANGU-ში დამიფასდა სწორედ სტიპენდიანტობით. სტიპენდიანტობა და ზოგადად მიღწეული თითოეული წარმატება ნამდვილად არ მაძლევს მოდუნების საშუალებას. სტიპენდიანტი ხომ მაგალითის მიმცემი უნდა იყოს სხვებისთვის. სტიპენდიანტობა ყველაზე მეტად მინდოდა იმისთვის,  რომ ჩემი სტუდენტობის პერიოდში მეც შევერთებოდი საუკეთესო სტუდენტების რიგს და დავრჩენილიყავი ქართული უნივერსიტეტის ისტორიაში, როგორც სტიპენდიანტი. მე ეს ოცნება ავისრულე. რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით გავხდებოდი კიდევ სტიპენდიანტი, მაგრამ უკეთესი იქნება, თუკი ახლა ჩემ მაგივრად სხვა მოინდომებს, ისწავლის კარგად და ნამდვილად დამსახურებულად გახდება სტიპენდიანტი და ისიც გამოცდის იმ ბედნიერებას, რაც მე გამოვცადე.

გაიხსენე, ყველაზე მეტად რამ ან ვინ მოახდინა შთაბეჭდილება შენზე უნივერსიტეტში?
უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო ქართული უნივერსიტეტის უდიდესი დამსახურება, რადგან მან მომცა შესაძლებლობა, რომ ჩემი რესურსები და უნარები გამომეყენებინა მაქსიმალურად. ამაში კი უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩემს უსაყვარლეს ლექტორებს, რომელთაგან ვერცერთს ვერ გამოვყოფ, რადგან ისინი ერთმანეთზე უკეთესი არიან. მათი ლექცია-სემინარები ყოველთვის მემახსოვრება, როგორც საუკეთესო სტუდენტობის პერიოდი. მინდა მადლობა გადავუხადო ქართულ უნივერსიტეტს, რომ სტუდენტს აძლევს საშუალებას სრულყოფილად დაეუფლოს თავის პროფესიას, აძლევს სტიმულს, რომ აიმაღლოს მოტივაცია, ისწავლოს მთელი მონდომებით და, ამავდროულად, გამოირჩეოდეს მაღალი აკადემიური მოსწრებითაც. ჩემი მიზანი SANGU-ში მოსვლის პირველივე სემესტრიდანვე არ ყოფილა მხოლოდ 81 ქულის მიღება თითოეულ საგანში, რომ ამეღო 100%-იანი გრანტი დაფინანსებისთვის. ჩემი მიზანი იყო, მიმეღო შესაბამისი ცოდნა, გამომემუშავებინა საჭირო უნარ-ჩვევები, მქონოდა უმაღლესი აკადემიური მოსწრება და, ამავდროულად, გავმხდარიყავი სტიპენდიანტი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფერს უკვე მივაღწიე.

რა არის შენი წარმატების ფორმულა?
როდესაც რაიმე კონკრეტულ საქმეს ვაკეთებ, ან მსურს რაიმე მიზნის განხორციელება, ყოველთვის ვცდილობ, რომ მას მოვეკიდო მთელი პასუხისმგებლობით და გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნამდვილად მეხმარება, რადგან ასეთ დროს შედეგიც მაქვს ყოველთვის საუკეთესო. ამიტომაც, მოვუწოდებ ყველას, რომ ისინიც თავიანთ საქმეს მიუდგნენ მთელი მონდომებითა და პასუხისმგებლობით, რათა მიაღწიონ მაღალ შედეგებს. ამავდროულად, მე ყოველთვის ვაცნობიერებდი იმას, რომ მქონოდა მაღალი აკადემიური მოსწრება. ეს ჩემგან მოითხოვდა დიდ შრომას ყოველდღიურად და აგრეთვე ბევრ რაღაცაზე უარის თქმასაც. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მე ეს გზა ავირჩიე. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, არის ის, რომ მეგობრებთან ერთად ვატარებ ძალიან მცირე დროს. რადგან ჩემი დროის უმეტეს ნაწილს ვუთმობ სწავლას. როგორც ზემოთ აღვნიშნე, დავისახე მიზნები და მათ  მისაღწევად მე არ დავიშურე არც დრო, არც ძალა და არც ენერგია. ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ მე ნამდვილად გავიზარდე, როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად. დღითიდღე უფრო და უფრო მეტად ვხვდები და სრულიად ვაცნობიერებ იმას, თუ  რამდენად მნიშვნელოვანია ცოდნა. 
ახლა ვინც ამას კითხულობს, მინდა მივმართო ძალიან დიდი თხოვნით და მოვუწოდო ყველა იმ სტუდენტს, რომ გამოიყენონ საკუთარი რესურსები მაქსიმალურად, ისწავლონ კარგად, არ დაიშურონ ამისათვის დრო და დამერწმუნეთ ეს ცოდნა, გამოცდილება, რასაც სტუდენტობის პერიოდში მიიღებთ აუცილებლად დაგიფასდებათ და გამოგადგებათ მომავალში. არასოდეს დანებდეთ და არ თქვათ უარი საკუთარ მიზნებზე, იბრძოლეთ ბოლომდე ამ მიზნის მისაღწევად და თქვენი შრომა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ქართული უნივერსიტეტი ჩემთვის ასოცირდება მუდმივ ზრდასთან და განვითარებასთან. ამიტომაც, არასოდეს შეწყვიტოთ სწავლა, განვითარება და საკუთარ თავზე მუშაობა.

დიდი მადლობა ბექა, წარმატებებს გისურვებ.
მადლობა თქვენ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ასეთ რთულ ვითარებაში ყველას ვუსურვო ჯანმრთელობა. დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დავუბრუნდებით ჩვენს ჩვეულ ცხოვრებას.

მოამზადა ნინო აბრამიშვილ

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა