მენიუ

ვახტანგ გურულის ახალი მონოგრაფიის "მეფე ერეკლე და რუსეთი" წარდგინება

2018 წელს გამომცემლობა "ქართული უნივერსიტეტის" გრიფით გამოვიდა პროფესორ ვახტანგ გურულის მონოგრაფია "მეფე ერეკლე და რუსეთი"

2018 წლის 19 დეკემბერს წმ. ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, ვახტანგ გურულის ახალი მონოგრაფიის "მეფე ერეკლე და რუსეთი" წარდგინება.

ნაშრომის წინასიტყვაობას ავტორი ასე ამთავრებს: "პროფესორმა ვალერიან მაჭარაძემ, ადამიანმა, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში, რთული ოპერაციის წინ მითხრა: ,,ძალიან მინდა ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიის ურთიერთობის გეორგიევსკის ტრაქტატის შემდგომი პერიოდის ისტორიის შესწავლა. მე, ალბათ ამას ვეღარ შევძლებ, მინდა ის ნაშრომები დავამთავრო, რომლებიც დაწყებული მაქვს (ეს ნაშრომები მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა ვ.გ.), იქნებ შენ გამოიკვლიო ეს ეპოქა. ეს ძალიან დიდი და ძნელი საქმეა, მაგრამ აუცილებელია". მასწავლებლის სურვილის შესრულებას ძალზედ დიდხანს მოვუნდი, თუმცა ახლაც არ ვიცი, შევასრულე კი დანაპირები, არის კი წინამდებარე ნაშრომი ის, რასაც ჩემგან მოელოდა ადამიანი, რომელიც უკვე აშკარად გრძნობდა ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულის მოახლოებას". თამამად შეიძლება ითქვას ბატონმა ვახტანგმა პირნათლად შეასრულა მასწავლებლის სურვილი და თავის დაბადების 66-წლისთავი ამგვარად აღნიშნა. 

წიგნის მეცნიერულ ღირებულებებზე ვრცლად ისაუბრეს: ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, წიგნის რედაქტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ჯიქიამ, ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ, პროფესორებმა ბეჟან ხორავამ, თეიმურაზ გვანცელაძემ, დავით მერკვილაძემ.

რექტორმა კიდევ ერთხელ მიულოცავ დაბადების დღე და საჩუქრად გადასცა საქართველოს ეკლესიის ისტორიის ორტომეული (ქართულ და ინგლისურ ენაზე).
პროფესორმა ვახტანგ გურულმა მადლობა მოახსენა საზოგადოებას და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.  

დამატებითი ინფორმაცია მონოგრაფიის შესახებ:

2018 წელს გამომცემლობა „ქართული უნივერსიტეტის“ გრიფით გამოვიდა პროფესორ ვახტანგ გურულის მონოგრაფია „მეფე ერეკლე და რუსეთი“. წიგნის რედაქტორია პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, რეცენზენტები - ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია და ისტორიის დოქტორი ბეჟან ხორავა. წიგნი დაიბეჭდა გამომცემლობვა „მერიდიანის“ სტამბაში.

მონოგრაფია ეყრდნობა ქართულ და რუსულ ენებზე გამოქვეყნებულ საარქივო დოკუმენტებსა და მასალებს, პრობლემისადმი მიძღვნილ ნაშრომებს. წიგნი ექვსი თავისაგან შედგება: თავი პირველი - „წყაროებისა და ლიტერატურის მიმოხილვა“, თავი მეორე - „რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო დაზვერვის ცნობები ქართლ-კახეთის სამეფოს შესახებ გეორგიევსკის ტრაქტატის დადების დროისათვის (XVIII საუკუნის 80-იანი წლების შუა ხანები)“, თავი მესამე - „ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიის ურთიერთობა 1782-1784 წლებში“, თავი მეოთხე - „ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიის ურთიერთობა 1783-1787 წლებში“, თავი მეხუთე - „ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიის ურთიერთობა 1787-1797 წლებში“, თავი მეექვსე - „ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიის ურთიერთობა აღა მაჰმად ხანის ლაშქრობის წინ და ლაშქრობის შემდეგ (1791-1797 წწ.)“

მონოგრაფიაში წარმოდგენილია რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა ისტორიოგრაფიის შეხედულებების კრიტიკა, სამეცნიერო მიმოქცევაშია შემოტანილი ისეთი დოკუმენტები და მასალები, რომელთაც წინათ არ ექცეოდათ ყურადღება. ავტორმა მთელ რიგ შემთხვევებში ახლებურად ახსნა რუსეთის კავკასიური პოლიტიკა გეორგიევსკის ტრაქტატის დადების მიზნები, როგორც ქართული ისე რუსული მხრიდან და ტრაქტატის შედეგები ქართლ-კახეთის სამეფოსათვის.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა