მენიუ

ზაურ ქობალიას წიგნის „დაბრუნება დაბადებაში“ განხილვა

20 დეკემბერს წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის, ბატონ ზაურ ქობალიას წიგნის „დაბრუნება დაბადებაში“ განხილვა.

2018 წლის 20 დეკემბერს წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის, ბატონ ზაურ ქობალიას წიგნის „დაბრუნება დაბადებაში“ განხილვა. 

შეხვედრა გახსნა პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ, რომელმაც ისაუბრა ზაურ ქობალიაზე როგორც დიდებულ ქართველზე, ერთგულ მეგობარზე, ნიჭიერ პოეტზე და  შესანიშნავ მწერალზე; ყურადღება გაამახვილა მისი ტანჯული ცხოვრების (ჯერ რუსული კატორღა, მცირე ხნით - წარმატება; შემდეგ ისევ დევნილობა და ციხე...) სიმძიმეზე. მან სინანულით აღნიშნა, რომ სასამართლო წესით დღემდე შეფასებული არ არის 1991-1992 წლების პუტჩი, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა და სხვა თანამდევი მოვლენები. თუნდაც ის, რომ დამოუკიდებლობის გამომცხადებელი საქართველოს პატრიოტი დეპუტატები „გაასამართლა“ კრიმინალურმა ხუნტამ „სამშობლოს ღალატის“ ბრალდებით. პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის თხოვნით დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო იმ გმირებს, ვინც საქართველოს შეეწირა.  

საზოგადოებას მიესალმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი პროფესორი ლევან ჯიქია, რომელმაც  ყურადღება გაამახვილა საქართველოს ავბედით პერიოდზე და 9 აპრილის მნიშვნელობაზე. აღნიშა, რომ 9 აპრილი უნდა გამოცხადდეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ. ბატონმა ლევანმა კიდევ ერთხელ გამოხატა უდიდესი მოწიწება უზენაესი საბჭოს დეპუტატების მიმართ, მადლობა გადაუხადა ედემ კვირტიას ზაურ ქობალიას წიგნის „დაბრუნება დაბადებაში“ გამოცემის გამო და უნივერსიტეტის სახელით საჩუქარი გადასცა.

ზაურ ქობალიას ცხოვრებაზე, მის ჩანაწერებსა და პოეზიაზე ვრცლად ისაუბრა წიგნის რედაქტორ-შემდგენელმა ედემ კვირტიამ. მწერლის შემოქმედებაზე ისაუბრეს ასევე: ლიტერატურათმცოდნე ლევან ბებურიშვილმა; სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, პოეტმა ლაშა გვასალიამ.
ზაურ ქობალიას ღვაწლი და მისი ცხოვრების მძიმე პერიოდი დამსწრე საზოგადოებას გააცნეს: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრმა რობერტ პეტრიაშვილმა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრმა ნუგზარ შავთვალაძემ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრმა და მწერალმა ჯემალ შონიამ,  პუბლიცისტმა სერგი საჯაიამ, საბჭოთა პერიოდის დროინდელმა დისიდენტმა გურამ გოგბაიძემ.

საღამოს ესწრებოდა ზაურ ქობალიას ქალიშვილი მაია ქობალია, რომელმაც მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს, ღონისძიების ორგანიზატორს პროფესორ ტარიელ ფუტკარაძეს, გამომსვლელებს, დამსწრე საზოგადოებას და სიხარულით აღნიშნა ის ფაქტი, რომ ზაურ ქობალიას  სახელი დავიწყებას არ მიეცა.  

სტუდენტებისთვის საინტერესო აღმოჩნდა გამომსვლელთა მიერ წაკითხული ზაურ ქობალიას ლექსები, ემოციური მოგონებები და ის მძიმე ფაქტები უახლესი წარსულიდან, რომელიც უხვად არის წარმოდგენილი ბატონი ზაურ ქობალიას წიგნში. 
 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა