მენიუ

გამოვლინდნენ გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიანტები

გამოვლინდნენ 2019 წლის გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიანტები. როგორ მოვიდნენ აქამდე, რამდენად გააზრებულად აირჩიეს პროფესია და რა პასუხისმგებლობას აკისრებთ სტიპენდიანტობა, გვესაუბრებიან ფილოლოგიის პროგრამის სტიპენდიანტები მარიამ კოტრიკაძე და ნინო აღდგომელაშვილი

სტუდენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ მთავარი ცოდნაა და არა ქულები. მართლაც, ისინი ცოდნის შეძენაზე არიან ორიენტირებული, მაგრამ თუ ამ პროცესში მაღალი ქულებიც დააგროვეს, მაშინ უკვე სხვებისგან სტიპენდიანტობა გამოარჩევთ, რომელიც დიდი სტიმული და პასუხისმგებლობაა.
უკვე გამოვლინდნენ 2019 წლის გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიანტები. იმის შესახებ, თუ როგორ მოვიდნენ აქამდე, რამდენად გააზრებულად აირჩიეს პროფესია და რა პასუხისმგებლობას აკისრებთ სტიპენდიანტობა, გვესაუბრებიან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართული ფილოლოგიის პროგრამის სტიპენდიანტები მარიამ კოტრიკაძე და ნინო აღდგომელაშვილი.

-    წარჩინებული სტუდენტის ცხოვრება სხვებისთვისაც საინტერესოა, გვიამბე, რა იყო მნიშვნელოვანი შენს ცხოვრებაში უნივერსიტეტში მოსვლამდე?
-    მარიამ კოტრიკაძე - სკოლაშიც აქტიური მოსწავლე ვიყავი. თითქმის ყველა სახის ღონისძიებასა და აქტივობაში ვიღებდი მონაწილეობას. სწორედ ჩემმა სკოლამ შემძინა დიდი ადამიანური ფასეულობები და, რა თქმა უნდა, საფუძვლიანი განათლება. ბავშვობიდანვე მომწონდა ქართულ ენასთან და ლიტერატურასთან ურთიერთობა. თუმცა, ეს ყველაზე უკეთ აბიტურიენტობისას გავაცნობიერე და შეიძლება ითქვას, სწორედ, აბიტურიენტობა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პერიოდი. 
-    ნინო აღდგომელაშვილი - უნივერსიტეტში მოსვლამდე იყო სკოლა. სკოლაში სწავლის პერიოდი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში. ვცდილობდი მესწავლა კარგად, რათა მიმეღწია დასახული მიზნისთვის, გავმხდარიყავი სტუდენტი. სწავლასთან ერთად მონაწილეობას ვიღებდი სასკოლო ოლიმპიადებში და სპორტულ აქტივობებში, ასევე დავდიოდი  ქართულ ცეკვაზე. სკოლა წარჩინებით დავამთავრე და რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე წარმატებით ჩავაბარე ერთიანი ეროვნული გამოცდები.
-    სტიპენდიანტობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. როგორ იაზრებ ამ პასუხისმგებლობას, რას გავალებს იგი?
-    მარიამ კოტრიკაძე - სტიპენდიანტობა ნამდვილად უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომელსაც, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ ვგრძნობ. იგი მოითხოვს აქტიურობას ნებისმიერ სტუდენტურ საქმიანობაში და არა მხოლოდ სწავლაში. ჩემთვის სტიპენდიანტობა დიდი სტიმულია, რომელიც საუკეთესო შეგრძნებებს უკავშირდება. უკვე მეორედ ვატარებ ამ სტატუსს, მაგრამ ზუსტად ისეთივე სიხარულს ვგრძნობ, როგორც პირველად. წინა სემესტრში სტიპენდიანტებმა ერთი კეთილი საქმე გავაკეთეთ, სტიპენდიიდან გაღებული თანხით დავეხმარეთ უპოვარ ოჯახს, რამაც ჩემი სიხარული კიდევ უფრო გააძლიერა. მადლობას ვუხდი უნივერსიტეტს ამ შანსისთვის.
-    ნინო აღდგომელაშვილი - იყო საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი და, ამავდროულად, სტიპენდიანტი, მართლაც, დიდი პასუხისმგებლობაა. სტიპენდიანტობა, გამორჩეულ სწავლასთან ერთად, მავალდებულებს სხვადასხვა სახის კონფერენციების და აქტივობების დაგეგმვას და ჩატარებას, რაც საშუალებას მომცემს უკეთ განვავითარო საკუთარი თავი და ხელი შევუწყო სხვა სტუდენტების აქტიურობას. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია სისტემატიური სახე მიეცეს საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარებას.
-    სტიპენდიანტობა სწავლის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მოითხოვს, რისთვის გრჩება დრო სწავლის გარდა?
-    მარიამ კოტრიკაძე - ყოველთვის ვცდილობ, დრო სწორად გადავანაწილო და მეტ-ნაკლებად ყველაფერს დავუთმო. ჩვენი უნივერსიტეტი სტუდენტებს ბევრ საინტერესო ღონისძიებაში ჩართულობის შანსს გვაძლევს. ერთ-ერთი ასეთი არის ტრენერთა ლაბორატორია, რომელიც წარმატებით გავიარე. მან საკმაოდ ბევრი უნარი გამომიმუშავა, რომელთაც მომავალში აუცილებლად გამოვიყენებ. ხშირად ვესწრები საჯარო ლექციებსა და საღამოებს, რომლებიც ახლოსაა ჩემს სფეროსთან. მომწონს წერა. ხშირად ვწერ ჩანახატებს, მაგრამ ისინი ჯერჯერობით მხოლოდ ჩემთვისაა ხელმისაწვდომი. ბუნებრივია, ამ ეტაპზე ყველაზე დიდ დროს ისევ და ისევ სწავლას ვუთმობ. სამომავლოდ დიდი გეგმები მაქვს განსახორციელებელი, ამისთვის კი ყოველდღიური განვითარებაა საჭირო.
-    ნინო აღდგომელაშვილი - სწავლასთან განსაკუთრებული დამოკიდებულების მიუხედავად, მაინც მრჩება თავისუფალი დრო ვაკეთო ჩემთვის საყვარელი სხვა საქმე: შევხვდე მეგობრებს, ვიკითხო ლიტერატურა, ვიარო ცეკვაზე, დავხატო, ვიზრუნო მიუსაფარ ცხოველებზე და ა.შ.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

ფოტოს ავტორი: ნუგზარ შონია
 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა