მენიუ

ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტები

წარმოგიდგენთ გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიანტს, ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის პროგრამის IV კურსის სტუდენტ სალომე ნებიერიძეს

წარმოგიდგენთ გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიანტს, ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის პროგრამის IV კურსის სტუდენტ სალომე ნებიერიძეს, რომელიც სტიპენდიანტობის მიუხედავად, თვლის, რომ არცერთი ახალგაზრდა არ უნდა უთმობდეს დროის მთლიან ნაწილს მხოლოდ მეცადინეობას. - “რაც უფრო გავიხალისებთ ცხოვრებას, მით უფრო წარმატებულები და ბედნიერები ვიქნებით”.

მისი ისტორიით გატაცება ბავშვობას უკავშირდება, როგორც იგი იხსენებს, ისტორიით დაინტერესებაში ძალიან დიდი წვლილი დედას მიუძღვის, რომელიც ასევე ისტორიის პედაგოგია და რომელმაც ისე შეაყვარა ისტორია, რომ ამ მიმართულებაზე შემთხვევით მოხვედრის მიუხედავად, იგი სერიოზულად მოეკიდა პროფესიის შესწავლას და წარჩინებული სტუდენტის სტატუსის შემდეგ სტიპენდიანტიც გახდა.

სალომე მოგესალმები.
მოგესალმებით.

გვიამბე, რა იყო მნიშვნელოვანი უნივერსიტეტში მოსვლამდე, როგორ მიიღე ისტორიის ფაკულტეტზე ჩაბარების გადაწყვეტილება?

2015 წელს გავხდი ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი და ამ მოვლენამ ჩემი ცხოვრება საგრძნობლად შეცვალა. ქართულმა უნივერსიტეტმა საკმაოდ დიდძალი ცოდნა და გამოცდილება შემმატა, თუმცა ამ კუთხით ჩემს ცხოვრებაში არანაკლები გავლენა სკოლამ და ოჯახმა მოახდინა. ისტორია ყოველთვის მიყვარდა, რაშიც უდიდესი წვლილი დედაჩემს მიუძღვის, რომელიც ასევე ისტორიის მასწავლებელია. ინტერესის გამო სკოლაშიც საკმაოდ კარგად ვსწავლობდი ამ საგანს, თუმცა ამ მიმართულებაზე ჩაბარება ჩემს სურვილს არ წარმოადგენდა. 2015 წელს შემთხვევით მოვხვდი ამ ფაკულტეტზე და ინტერესის გამო სწავლა განვაგრძე, თუმცა მერე ისე მომეწონა სწავლის პროცესი და უნივერსიტეტის გარემო, რომ სწავლა არ შევწყვიტე და როგორც ხედავთ დღეს სტიპენდიანტიც ვარ...

სტიპენდიანტობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, როგორ იაზრებ ამ პასუხისმგებლობას, რას გავალებს იგი?
ჩემთვის ეს მართლაც რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და სიხარულია, თუმცა არ ვთვლი, რომ ამის გამო სხვებისგან გამორჩეული ვარ. ჩემს ფაკულტეტზე ძალიან ბევრი წარჩინებული სტუდენტია, რომლებიც ძალიან კარგად სწავლობენ და შრომობენ, თუმცა სტიპენდიანტები ვერ გახდნენ. სტიპენდიანტობა არ ნიშნავს იმას რომ წარჩინებულ სტუდენტზე მშრომელი, ჭკვიანი ან ნიჭიერი ხარ, უბრალოდ ვიღაცის შრომა მეტად ფასდება, ვიღაცის ნაკლებად და სწორედ ეს გვანიჭებს სტიპენდიანტებს უფრო მეტ პასუხისმგებლობას. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა შევეცადოთ უნივერსიტეტის ცხოვრება სტუდენტისთვის უფრო საინტერესო, კომფორტული გავხადოთ. უნდა შევეცადოთ, რომ სამაგალითო სტუდენტები ვიყოთ და ჩვენი აქტიურობა მხოლოდ სემინარებითა და გამოცდების ჩაბარებით არ შემოიფარგლებოდეს.

გარდა სწავლისა უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ რა აქტივობებში ხარ ჩართული?
ყოველთვის ვცდილობ დავესწრო და მონაწილეობა მივიღო უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა კონფერენციაში. განსაკუთრებით საინტერესოა უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საჯარო ლექციები. ასევე ვარ უნივერსიტეტის ფან კლუბის წევრი.

სტიპენდიანტობა სასწავლო პროცესში განსაკუთრებულ ჩართულობას მოითხოვს, რისთვის გრჩება დრო გარდა სწავლისა, როგორ ატარებ თავისუფალ დროს?
იმის მიუხედავად, რომ სწავლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის ვცდილობ დროის მთლიანი ნაწილი მას არ დავუთმო. ქართულ უნივერსიტეტში სრულიად შესაძლებელია თან კარგად ისწავლო და თან აქტიური ცხოვრებით მცხოვრები ახალგაზრდა იყო. ვფიქრობ, რომ არცერთი ახალგაზრდა არ უნდა უთმობდეს დროის მთლიან ნაწილს წიგნების კითხვასა და კონსპექტების კეთებას, პირიქით, რაც უფრო გავიხალისებთ ცხოვრებას, მით უფრო წარმატებულები და ბედნიერები ვიქნებით. თავისუფალ დროს ძირითადად მეგობრებთან ერთად ვატარებ ხოლმე. ასევე ვმონაწილეობ სხვადასხვა ტრენინგებში, ვუყურებ ფილმებს, ვკითხულობ წიგნებს და ა.შ.

როგორია შენი ერთი დღე უნივერსიტეტში და მის გარეთ?
პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ქართულ უნივერსიტეტში ძალიან კომფორტული გარემოა. უკვე მეოთხე წელია დროის დიდ ნაწილს უნივერსიტეტში ვატარებ და ვთვლი, რომ სწავლის დასრულების შემდეგ ეს პერიოდი, მეგობრული გარემო ძალიან მომენატრება. ქართულ უნივერსიტეტში ძალიან ბევრი კარგი ლექტორის გაცნობის ბედნიერება მხვდა წილად, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ სტუდენტს დაეხმარონ ცოდნის გაღრმავებაში. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი კი ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობს სტუდენტების დახმარებას და მათი პრობლემების გაზიარებას. ხშირად ვტუმრობ უნივერსიტეტის კაფეტერიას. უნივერსიტეტის მერე კი მეგობრებთან ერთად ვატარებ დარჩენილ დროს.

რამდენად ხშირად მიმართავ ბიბლიოთეკას სამეცადინოდ და სოციალურ ქსელს თუ იყენებ უახლესი ინფორმაციის მოსაპოვებლად?
დიახ, რა თქმა უნდა, ძალიან ხშირი სტუმარი ვარ ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკითაც საკმაოდ ხშირად ვსარგებლობ. ისტორიკოსისთვის უახლეს ინფორმაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სწორედ ამიტომ სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი ვარ.

პოტენციურად ისტორიის მომავალი მკვლევარი ხარ. ისტორიის სწორად გაგებისა და გააზრებისთვის მნიშვნელოვანია ისტორიული წყაროების ცოდნა, თუ ეცნობი საარქივო მასალებს და მუშაობ პირველწყაროზე?
ისტორიის სწორად გაგებისთვის მნიშვნელოვანია სწორი აზრის და შეხედულების ჩამოყალიბება. ამიტომ ისტორიკოსისთვის პირველწყაროს შეუცვლელი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, ამა თუ იმ წყაროს განხილვის წაკითხვამდე ყოველთვის ვცდილობ წყაროს გაცნობას და გააზრებას, რაც ისტორიული მოვლენის უკეთ აღქმაში მეხმარება.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.
გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტოს ავტორი: ნუგზარ შონია

 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა