მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
მაგისტრანტობის კანდიდატს მოეთხოვება საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება (გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისათვის განსაზღვრული ტიპის ტესტით და კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის მინიმალური ზღვარის გადალახვა;
მაგისტრანტობის კანდიდატი უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს იმ შემთხვევაში, თუ ის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს.
გამოცხადებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა გაიხსნება იმ შემთხვევაში, თუ მასზე ჩასარიცხ კანდიდატთა რაოდენობა იქნება არანაკლებ 5-ისა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვის წესი
საგანმანათლებლო პროგრამაზე საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე ჩარიცხვა ხორციელდება „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების შესაბამისად.
მობილობა
საგანმანათლებლო პროგრამაზე, ასევე, დაიშვებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 2 თებერვლის ბრძანება №10/ნ-ით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენტები.
საგანმანათლებლო პროგრამაზე, ასევე, შესაძლებელია, შიდა მობილობის წესით ჩარიცხვა. ვადები, პროცედურები და შესაბამისი, დამატებითი საკითხები განისაზღვრება უნივერსიტეტის რექტორის აქტით და შიდა მობილობის პროცედურების დაწყებამდე გონივრული ვადით ადრე თავსდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, ასევე, შესაძლებელია, უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში, რომელიც განთავსებულია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
წინაპირობები პროგრამების მიხედვით:
ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება
სამაგისტრო პროგრამით სწავლის უფლება აქვთ ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირებს, ფსიქოლოგიის მაგისტრებს და ფსიქოლოგიის დოქტორებს, ასევე სოციალური მეცნიერების ბაკალავრს, მაგისტრს ან დოქტორს, დიპლომირებულ ფსიქიატრს, რომელიც ამავდროულად საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი, ფსიქოთერაპიის სხვადასხვა მოდალობის(გეშტალტთერაპიის, კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპიის, ფსიქოსინთეზის, სხეულზე ცენტრირებული თერაპიის, ბიოსინთეზის, ბიოენერგეტიკული ანალიზი, ფსიქოანალიზი და სხვა), პოსტდიპლომური განათლების პროგრამის კურსდამთავრებული ან მინიმუმ მე-2 კურსის სტუდენტია. ზემოთ ჩამოთვლილ პირებს მოეთხოვებათ წარმატებით ჩააბარონ საერთო სამაგისტრო და უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული მისაღები გამოცდები სპეციალობასა და ინგლისურ ენაში - B2 დონეზე. ქულათა წილობრივი გადანაწილება გამოცდებისთვის - სპეციალობა -70, უცხო ენა-30) გამოცდა სპეციალობაში გულისხმობს: დარგის შესაბამის პროფესიულ ესეს; ბაკალავრიატის GPI შეფასებას; პროფესიით დასაქმებულობის მაჩვენებლის შეფასებას. უცხო ენაში გამოცდისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც წარმოადგენს ენის დონის ფლობის საერთაშორისო სერთიფიკატს ან რომელსაც ინგლისურ ენოვან პროგრამაზე მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, რაც დასტურდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტით.
სამართალი
სამართლის სამაგისტრო პროგრამით სწავლის უფლება აქვთ სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირებს, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ საერთო სამაგისტრო და უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მისაღებ გამოცდებს სპეციალობასა და უცხო ენაში (ინგლისური/გერმანული,საჭირო დონე - B 2). უცხო ენაში გამოცდისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც წარმოადგენს შესაბამისი ენის ცოდნის დონის ფლობის დამადასტურებელ საერთაშორისო სერთიფიკატს. ასევე, კანდიდატი, ვისაც ინგლისურ/გერმანულ ენაზე გავლილი აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სრული ან არასრული კურსი.
საჯარო მმართველობა
სამაგისტრო პროგრამით სწავლის უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირებს, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ საერთო სამაგისტრო და უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მისაღებ გამოცდებს სპეციალობასა და ინგლისურ/გერმანულ ენაში - B2 დონეზე. უცხო ენაში გამოცდისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც წარმოადგენს შესაბამისი ენის დონის ფლობის საერთაშორისო სერთიფიკატს ან რომელსაც შესაბამისენოვან პროგრამაზე მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, რაც დასტურდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტით.
სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია
საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვთ არანაკლებ ბაკალავრის ან კანონმდებლობით მასთან გათანაბრებული დიპლომის მფლობელ პირებს. საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველს მოეთხოვება რუსული ან ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა (თუ აპლიკანტს აქვს ენის შესაბამისი დონის დამადასტრურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი, თავისუფლდება გამოცდიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, აბარებს საუნივერსიტეტო მისაღებ გამოცდას უცხო ენაში).საუნივერსიტეტო მოთხოვნების გარდა, მომავალმა მაგისტრანტებმა აუცილებელია წარმოადგინონ სამოტივაციოს წერილი, რომელშიც ასახული იქნება აპლიკანტის მოლოდინი, ხედვა, თუ რატომ აბარებს ის კონკრეტულად ამ სპეციალობაზე. აპლიკანტს შეუძლია დამატებით წარმოადგინოს ნებისმერი ინფორმაცია, რომელიც ასახავს მის სამეცნიერო, თუ პრაქტიკულ გამოცდილებას.
საქართველოს ისტორია
სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვსბაკალავრს,რომელიც ჩააბარებს საერთო სამაგისტრო და უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მისაღებ გამოცდებს სპეციალობასა და უცხო ენაში B2 დონეზე (რუსული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული).საუნივერსიტეტო გამოცდაში სპეციალობის კოეფიციენტი 70, ხოლო უცხო ენის - 30.უცხო ენაში გამოცდისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც წარმოადგენს შესაბამისი ენის დონის ფლობის საერთაშორისო სერთიფიკატს (სერთიფიკატის აღიარება მოხდება უნივერსიტეტის უცხო ენის ცენტრის მიერ) ან რომელსაც შესაბამისენოვან პროგრამაზე მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, რაც დასტურდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტით.
ქართული ფილოლოგია
ქართული ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე საქართველოს მოქალაქეების ჩარიცხვის წინაპირობაა: ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ნებისმიერი მიმართულებით, წერითი გამოცდა სპეციალობაში. საქართველოს განათლებისა და შრომის ბაზრის თავისებურებების გათვალისწინებით, სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვებიან ნებისმიერი მიმართულების კურსდამთავრებულები, მაგრამ წერითი გამოცდა სპეციალობაში ადგენს მაგისტრანტობის კანდიდატების მზაობას სწავლა განაგრძონ ქართული ფილოლოგიის მიმართულებით. კერძოდ, გამოცდა სპეციალობაში ამოწმებს რამდენად იცნობს მაგისტრანტობის კანდიდატი ქართულ ლიტერატურასა და ქართველურ ენათმეცნიერებას.
წერითი გამოცდის ბილეთი მოიცავს სამ თეორიულ საკითხს ქართული ლიტერატურის მოდულისთვის და ორ თეორიულ და ერთ პრაქტიკულ საკითხს ქართველური ენათმეცნიერებისათვის.
კომპიუტერული მეცნიერება
- ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხი;
- საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება;
- არანაკლებ 5 ECTS კრედიტის არსებობა მინიმუმ საბაკალავრო დონეზე რომელიმე აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში უმაღლესი მათემატიკის მიმართულებით.
- არანაკლებ 5 ECTS კრედიტის არსებობა მინიმუმ საბაკალავრო დონეზე რომელიმე აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში დაპროგრამების მიმართულებით.
- ინგლისურის ცოდნა B2 დონეზე. ინგლისურში გამოცდისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც წარმოადგენს ენის დონის ფლობის საერთაშორისო სერთიფიკატს ან რომელსაც ინგლისურენოვან პროგრამაზე მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, რაც დასტურდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტით.
- გამოცდა სპეციალობაში.
გამოცდაზე მოწმდება დაპროგრამების ფუნდამენტური კონსტრუქციების და ალგორითმების ცოდნა, ასევე მოწმდება C++-ის და SQL-ის ცოდნა. თუ ჩაბარების მსურველს უდასტურდება C++-ის ცოდნა, მაშინ მას დაკმაყოფილებული აქვს პროგრამაში არსებული სავალდებულო სასწავლო კურსის „არარელაციური მონაცემთა ბაზების“ წინაპირობა. თუ არ დასტურდება C++-ის ცოდნა, მაშინ ასეთ მაგისტრანტს 2 (სულ 7) სავალდებულოდ უწესდება სასწავლო კურსი ინტენსიური C++. ასევე, გამოცდის დროს მოწმდება კონკურსანტის ცოდნა SQL-ში. სათანადო ცოდნის არ დადასტურების შემთხვევაში მას განემარტება, რომ თუ მოისურვებს პროგრამაში არსებული არჩევითი კურსის PL/SQL-ის გავლას, მან წინასწარ უნდა გაიაროს სასწავლო კურსი - „ინტენსიური SQL“.