მენიუ

სტუდენტური დღიური

ჩემს ყველა კითხვას დადებითი პასუხი გასცა SANGU-მ

მე-7 კლასში დავიწყე ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორთან სიარული. მსურდა  უფრო კარგად შემესწავლა ეს საგანი. არაჩვეულებრივმა პედაგოგმა, ქალბატონმა ნელი ბედუკაძემ,  მთელ საგურამოს მხარეში ცოდნით და გონიერებით სახელგანთქმულმა ქალბატონმა, მშობლიური ენის  ისეთ სიღრმეებს მაზიარა, რომ  ერთ წელიწადში უკვე მტკიცედ გადავწყვიტე,   ქართული ენის ფილოლოგი  გავმხდარიყავი.

ამ სიყვარულით და ინტერესით მოვედი ქართულ უნივერსიტეტში, თუმცა მანამდე დიდხანს ვფიქრობდი, სად გამეგრძელებინა სწავლა, რომელ უნივერსიტეტზე შემეჩერებინა არჩევანი. სიმართლე რომ  ვთქვა, აბიტურიენტობის პერიოდი ჩემთვის საკმაოდ მძიმე და უამრავი კითხვის ნიშნით იყო სავსე: სად მოვხვდები? ვინ მასწავლის? გავხდები კი ის,  რაც მინდა, რომ ვიყო? რამდენად მარტივად შევძლებ ადაპტაციას გარემოსთან და  მრავალი სხვა კითხვა მაწვალებდა. ვინტერესდებოდი ყველა იმ საკითხით, რომლებიც უნივერსიტეტის არჩევასთან იყო დაკავშირებული, კერძოდ, სად რამდენი იყო  სწავლის საფასური, როგორი პროფესურა ჰყავდა ამა თუ იმ უნივერსიტეტს, როგორი იყო განათლების ხარისხი,  პასუხისმგებლობები...

ასე რომ, იოლად არ მოვსულვარ აქ. საქმე ისაა, რომ ჩემს ყველა კითხვას დადებითი პასუხი გასცა SANGU-მ.

2018 წლიდან, როგორც იტყვიან,  ,,თავი ქუდში მაქვს” და ვიცი, რომ იმ პლუს-მინუსებით, რომლებიც უნივერსიტეტს შეიძლება ჰქონდეს,  აქაურობა უფრო საინტერესოა  ჩემთვის.

ასე დავიწყე სწავლა. მეორე კურსი ჩემთვის დიდი გამოწვევა აღმოჩნდა... შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემები...

ერთი სემესტრით სწავლაც კი შევწყვიტე დედას გარდაცვალების გამო და არც კი ვიცოდი,  გავაგრძელებდი თუ არა...

მაგრამ საკუთარ თავში უკანასკნელი ძალების მოკრების შემდეგ თავიდან შევუდექი საქმეს.

ერთი წლის შემდეგ სტიპენდიანტიც გავხდი,   რაც სრულიად მოულოდნელი იყო. ამის შესახებ დაგვიანებით გავიგე, უკვე სავსებით იმედგადაწურულმა.

2021 წლის დეკემბერში  ჩატარდა სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები, სადაც ხმათა უმრავლესობით (39 ხმით) შევედი და გავხდი ვიცე-პრეზიდენტი, რისთვისაც მადლობას ვუხდი თითოეულ სტუდენტს.

თებერვლიდან გავიარე სამთვიანი სტაჟირება ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, რამაც დიდი გამოცდილება შემძინა და უფრო მეტად დამაახლოვა სტუდენტებთან და წიგნებთან, რა თქმა უნდა...

მიუხედავად იმისა, რომ ბაკალავრის დამამთავრებელ კურსზე ვარ, ვფიქრობ, რომ ისევ აქ გავაგრძელებ სწავლას, თუნდაც აქ არსებული გარემოს, აქ შეძენილი ადამიანების გამო...

დღეს იშვიათია  გარემოსა და განათლების ხარისხის დონის ისეთი თანხვედრა, როგორიც ჩვენს უნივერსიტეტშია.

რა თქმა უნდა, არ არსებობს უნაკლო უნივერსიტეტი, თუმცა სტუდენტებმა ეს ნაკლი დადებით მხარედ უნდა ვაქციოთ, მეტად მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავაფასოთ ის, რაც გვაქვს.

თუ ხდები სტუდენტი, შენი პასუხისმგებლობები, ვალდებულებები, საჭიროებები იზრდება, მაგრამ თუ ამ ყოველივეს უნივერსიტეტი სხვა თვალით დაგანახვებს, გაგიადვილდება როგორც ადგილის დამკვიდრება, ისე შენი პროფესიის კარგად შესწავლაც.

კარგი იქნებოდა, რომ სტუდენტობის წლები დიდხანს  გრძელდებოდეს,  რადგან ცოდნასთან ერთად,  მეტ მოგონებებს დავაგროვებდით, მეტ ადამიანს გავიცნობდით, სწავლით მეტ სიამოვნებას მივიღებდით  და უკეთ შევიცნობდით საკუთარი თავს. ეს უკანასკნელი კი ცხოვრების მთავარი მიზანია.

მთავარია ადამიანს უყვარდეს ის საქმე,  რომელსაც აკეთებს. ეს კი სრულიად საკმარისია მისი, და არა მხოლოდ, წარმატების,  ბედნიერებისა და უკეთესი მომავლისათვის!

ასე რომ, გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ, სადაც აკეთებთ და ეცადეთ, თითოეული დღე გამოიყენოთ იმისათვის, რომ გახდეთ უკეთესი,  ვიდრე იქამდე იყავით.

 

ევა შამხალაშვილი,  SANGU-ს სტუდენტი

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა