4 დეკემბერს, პროფესორ მარინა ჩხარტიშვილის ორგანიზებით, SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის წარმომადგენლები და სტუდენტები საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ.
ისინი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდნენ, რომელმაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ესაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე.
მაკა ბოჭორიშვილი სტუდენტებს ევროკომისიის მიერ გაცემულ დადებით რეკომენდაციებზე და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინებზე ესაუბრა. მან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. საუბარი ასევე შეეხო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობას და საქართველოს პარლამენტის როლს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.
ინტერაქციული შეხვედრის მონაწილე სტუდენტებმა დასვეს შეკითხვები, როგორც სასამართლოს რეფორმის, ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების და დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ. მაკა ბოჭორიშვილმა დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.
დასასრულს სტუდენტებს ,,ევროკავშირთან ასოცირების საკანონმდებლო საფუძვლების (2014-2023)“ კრებული გადაეცათ, რომელიც ნათლად წარმოაჩენს ცხოვრების ევროპული ხარისხის დანერგვის მიზნით 2014 წლიდან დღემდე
განხორციელებულ რეფორმებს.