პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტისა და ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის ერთობლივი ფონდ CERGE-EI-სა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 28 ოქტომბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის 13-მა სტუდენტმა ინგლისურ ენაზე მოისმინა 5 კრედიტიანი თავისუფალი სასწავლო კურსი „შრომის ეკონომიკა“.
ლექცია-სემინარული მეცადინეობები მიმდინარეობდა ონლაინ რეჟიმში და ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ლექციების პროცესში ჩართული იყვნენ სტუდენტები ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. სემინარული მეცადინეობები დაყოფილი იყო ორ ეტაპად. პირველ ეტაპს ატარებდნენ ჩეხი სპეციალისტები, ხოლო მეორე ეტაპის მუშაობაში, რომელიც ეხებოდა სალექციო ნაწილის განხილვას, ტესტებზე მუშაობას, ამოცანების განხილვას, დავალებების შესასრულებლად მომზადებას და შემდეგ აღნიშნული დავალებების მომზადებას და ა.შ. ჩართული იყვნენ ქართული უნივერსიტეტის პროფესორები ნინო დამენია და იზა გიგაური.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართული უნივერსიტეტის სტუდენტმა წარმატებით ჩააბარეს როგორც შუალედური, ისე დასკვნითი გამოცდები და მიიღეს სერტიფიკატი, რაშიც პროფესორებს ნინო დამენიასა და იზა გიგაურს, უდავოდ დიდი წვლილი მიუძღვის.
ასეთი სახის სასწავლო კურსის ჩაბარების პრეცენდენტი უნივერსიტეტს არ ჰქონია. ვულოცავთ ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტებს CERGE-EI-ს სერტიფიკატის მოპოვებას და ვიმედოვნებთ, რომ თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება, უფრო და უფრო მეტ სტუდენტს გაუჩნდება სურვილი ჩაერთოს აღნიშნულ პროექტში, პროგრამის ფარგლებში გაიაროს 5 კრედიტი მოცულობის სასწავლო კურსი და მოიპოვოს საერთაშორისო სერტიფიკატი.