2025 წლის 30 იანვარს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და „ქონსორთ ჯორჯია“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სანგუს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა და „ქონსორთ ჯორჯია“-ს დირექტორმა, მარიამ გელაშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „ქონსორთ ვორლდ“-ის გენერალური დირექტორი, კამილ მატა, სანგუს მასწავლებლის მომზადების პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ ბერია, სპეციალური მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, ასისტენტ-პროფესორი ნათია ნიაური, ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი კოორდინატორი მარიამ სილაგაძე და საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი დავით გორგიაშვილი.
„Consort World“ და „Consort Georgia“ მომხმარებლებს სთავაზობს დამხმარე ტექნოლოგიების სრულ სპექტრს, რომელიც კომუნიკაციის სხვადასხვა ტიპის შეზღუდვების მქონე პირებს ეხმარება. მათი პროდუქცია მოიცავს კომუნიკაციის დამხმარე მოწყობილობებს, კომპიუტერული წვდომის ხელსაწყოებს, სპეციალურ გადამრთველებს, გარემოს კონტროლის ერთეულებსა და ფიზიკური მხარდაჭერის სხვადასხვა ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს.
მემორანდუმი მიზნად ისახავს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას. თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის საფუძველზე მომავალი სპეციალური მასწავლებლები ისწავლიან თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას სწავლა-სწავლების პროცესში, რაც გაზრდის შშმ ან/და სსსმ მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას და უზრუნველყოფს მათი დამოუკიდებლად ფუნქციონირების ხარისხის გაზრდას.