ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების 17-ე სიმპოზიუმი
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (SANGU) და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (NKU) კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, აშშ-ში ჩასულმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს NKU-ს კამპუსში გამართულ 17-ე ყოველწლიურ კიბერუსაფრთხოების სიმპოზიუმში - #Cyber17. ეს ღონისძიება ერთ-ერთი წამყვანია აშშ-ში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, სადაც იკრიბებიან ინდუსტრიის წამყვანი ექსპერტები და ინოვატორები, რათა განიხილონ სფეროში არსებული ტენდენციები, ახალი საფრთხეები და საუკეთესო პრაქტიკები.
სიმპოზიუმის ფარგლებში, SANGU-ს სტუდენტები დაესწრნენ სემინარებს, პანელურ დისკუსიებს და პრაქტიკულ ვორქშოფებს. ღონისძიების მთავარი თემები მოიცავდა ხელოვნურ ინტელექტს (AI), მანქანურ სწავლებას, ფიშინგის შეტევებს და მობილურ უსაფრთხოებას. მთავარი სპიკერი იყო ცნობილი კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, ქ-ნი ტერეზა პეიტონი.
SANGU-ს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სიმპოზიუმის პანელურ დისკუსიაში, სადაც განიხილეს საქართველოს კიბერუსაფრთხოების გარემო, საჯარო და კერძო სექტორის გამოწვევები, საქართველოს ეროვნული CERT-ის (Computer Emergency Response Team) როლი, SOC-ის (Security Operation Center) ფუნქციები ინციდენტებზე რეაგირებისთვის, კიბერუსაფრთხოებაში ქალების როლი და არსებული სტერეოტიპები.
პანელური დისკუსიის შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, სადაც დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ, საქართველოს კიბერუსაფრთხოების სფეროსა და ზოგადად ქვეყნის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღოთ.
სემინარებისა და პრაქტიკული სამუშაოების გარდა, SANGU-ს სტუდენტები გაეცნენ ამერიკის კულტურას, რაც მათ საერთაშორისო გამოცდილებას ამდიდრებს და უქმნით უნიკალურ შესაძლებლობას, გაიზიარონ მსოფლიო დონის სპეციალისტების საუკეთესო პრაქტიკები.
SANGU-სა და NKU-ს ერთობლივი ორმაგი სამაგისტრო პროგრამა კიბერუსაფრთხოებაში ინოვაციური ნაბიჯია საქართველოსთვის, რომელიც სტუდენტებს აძლევს მსოფლიო დონის განათლების მიღების შესაძლებლობას SANGU-ს სრული დაფინანსებით. ამ პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტებს ენიჭებათ კიბერუსაფრთხოების მაგისტრისა და ინფორმაციის ტექნოლოგიების უსაფრთხოების ორმაგი, ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი.
მსგავსი სიახლეები
შეხვედრა მაგისტრანტებთან სამაგისტრო ნაშრომის მომზადების საკითხებზე
მაგისტრანტებისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე სამაგისტრო კვლევის დაგეგმვის, ნაშრომის მომზადებისა და დაცვის მოთხოვნები და პრაქტიკული რეკომენდაციები განიხილ...
დაჩი მხეიძე სტუდენტური მობილობით ბრნოს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში იმყოფება
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი დაჩი მხეიძე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ბრნოს ტექნოლოგ...
