2 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ორი დიდი წმინდანის - წინასწარმეტყველი ელია თეზბიტელის და ილია მართლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ქართველ ერს გვაქვს შესაძლებლობა, ანგელოზის დღე მივულოცოთ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია II-ეს.
ღვთისგან მიმადლებული მრავალმხრივი ნიჭის წყალობით, არ არსებობს სფერო, რომელთა განვითარებაში, დიდი წვლილი მის უწმინდესობას და უნეტარესობას არ მიუძღოდეს.
მომავალი თაობების სულიერ და ინტელექტუალურ აღზრდას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საგანმანათლებლო სივრცის განვითარებაზე განსაკუთრებული ზრუნვით ეხმიანება.
დღეისათვის მისი დიდი ძალისხმევის შედეგად 4 უნივერსიტეტი, 8 სასულიერო სემინარია, 6 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, 22 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, 12 გიმნაზია, 8 პანსიონი, რამდენიმე სამრევლო-საგანმანათლებლო სკოლა, 13 საგანმანათლებლო კვლევითი და ახალგაზრდული ცენტრი ფუნქციონირებს.
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით და ძალისხმევით დაარსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებათაგან ერთ-ერთია, რომელიც დაარსების დღიდან ღირსეულად ცდილობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაიცვას ქართული მეცნიერების საეკლესიო ტრადიციები და მემკვიდრეობა.
თქვენო უწმინდესობავ!
ქართული უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი მადლიერებით და სიყვარულით გილოცავთ ანგელოზის დღეს.
თქვენი მფარველი წმინდანების - წმიდა ელია თეზბიტელის და წმიდა ილია მართლის მეოხებით მოგმადლოთ ღმერთმა ჯანმრთელობა, მშვიდობა და კურთხევა თქვენს მწყემსმთავრულ მსახურებაში.
გისურვებთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემწეობას, სულიერ სიხარულსა და სიმხნევეს.
ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე, მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ! ამინ!