მენიუ

SANGU-ს სტიპენდიანტები

"იყო სტიპენდიანტი, ნიშნავს იყო გამორჩეული და მუდმივად ცდილობდე ამ გამორჩეულობის შენარჩუნებას" - ინტერვიუ წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სტიპენდიანტ ნათია სიყმაშვილთან

როდესაც სტუდენტი ცოდნის შეძენასა და ცხოვრებაში მის გამოყენებაზეა ორიენტირებული, მიზანდასახულია და იბრძვის ამ მიზნების განხორციელებისთვის, წარმატებაც თითქოს თავისით მოდის, მაგრამ რამდენი შრომა და საკუთარ თავთან ბრძოლაა ამ წარმატებისა და გამორჩეულობის მიღმა, ამის შესახებ გვესაუბრება SANGU-ს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სტიპენდიანტი ნათია სიყმაშვილი.

ნათია, მოგესალმები.
მოგესალმებით.

მიზნების განხორციელების მთავარი ეტაპი უნივერსიტეტში იწყება, როგორ დაიწყო და გრძელდება შენთვის ეს ეტაპი SANGU-ში?
მიზნების ზუსტად განსაზღვრა საინტერესო და წარმატებული ცხოვრების წინაპირობაა. მჯერა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ჩვენი მიზნების გარშემო ტრიალებს - მომავალთან დაკავშირებული გეგმა იქნება ეს თუ ხედვა, ყველაფერი, რაც გვსურს. როდესაც SANGU-ში ჩავაბარე, პირველივე დღიდან დავიწყე ჩემი მიზნების რეალურად განხორციელებაზე ზრუნვა. თავიდანვე ორიენტირებული ვიყავი, რომ სტუდენტობის წლები მაქსიმალურად ნაყოფიერად გამომეყენებინა, მაქსიმალურად ბევრი უნარი განმევითარებინა და ბევრი რამ ამეთვისებინა. სწავლის პირველივე სემესტრში წარჩინებულმა სტუდენტებმა გამიჩინეს სურვილი, რომ მეც მათთვის მიმებაძა და ერთ-ერთი მათგანი გავმხდარიყავი, რასაც თავდაუზოგავი შრომის შედეგად მალევე მივაღწიე. თუმცა უნივერსიტეტამდე ამაში სკოლაც დამეხმარა. ის ჩემთვის აღმოჩნდა დასახული მიზნების მისაღწევი საშუალება, რადგან საკუთარი შესაძლებლობები სწორედ აქ აღმოვაჩინე და გავიაზრე. ჩემთვის უდიდესი სტიმული იყო სკოლაში ჯილდოდ გადმოცემული ლეპტოპი, სკოლის დასრულებისას კი - ოქროს მედალი. უკვე მეოთხე წელია, რაც SANGU-ს სტუდენტი და ამასთანავე სტიპენდიანტი ვარ, ამ ეტაპზე კი საუნივერსიტეტო სტიპენდია მაქვს. ყოველ სემესტრში წარჩინებულ სტუდენტთა შორის საკუთარი თავის ხილვა ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა, თუმცა დღესაც განსაკუთრებით მახსოვს ის ემოცია, რაც მაშინ დამეუფლა, როცა პირველად აღმოვჩნდი სტიპენდიანტთა შორის, უცბად ავტირდი კიდეც, თუმცა ვიცოდი, რომ ეს სიხარულის ცრემლები იყო. დავრწმუნდი, რომ სწორი მიზნები მქონდა დასახული და ვხვდებოდი, რომ სწორ გზას ვადექი - ოცნებები ასრულებას იწყებდნენ. დღესაც ძალიან ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე და ვცდილობ SANGU-თან ერთად ყოველდღე გარკვეული ნაბიჯი გადავდგა დასახული მიზნების მიღწევისკენ.

სამართლის პროფესიით რა ასაკში დაინტერესდი და რატომ აირჩიე SANGU ამ სფეროს შესასწავლად?
მთელი ჩემი გააზრებული ცხოვრება იურისტობა მინდოდა, ვერასოდეს წარმომედგინა თავი სხვა სფეროში და ვერც ახლა წარმომიდგენია. როდესაც უნივერსიტეტში ვაბარებდი, ბევრი არ მიფიქრია, თუ რა მიმართულებით გამეგრძელებინა განათლების მიღება. ვიცოდი, რომ კარგ და წარმატებულ იურისტად ჩამოყალიბება ძალიან რთული და, ამასთანავე, ძალიან შრომატევადი იყო, მაგრამ იურიდიული სფეროს სრულყოფილად შესწავლის სურვილი იმდენად დიდი მქონდა, რომ მზად ვიყავი ყველანაირი სირთულე გადამელახა. ვიცოდი, რომ SANGU დამეხმარებოდა კარგ იურისტად ჩამოყალიბებაში. SANGU-ში ჩაბარება თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, ვინაიდან აღნიშნული უნივერსიტეტი მრავალფეროვან შესაძლებლობებს მთავაზობდა: გამორჩეული პროფესორ-მასწავლებლები, საინტერესო სტუდენტური გარემო, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიები, ეს რეალურად ის, იყო რაც მჭირდებოდა პროფესიული განვითარებისთვის. რეალობამ კი მოლოდინს გადააჭარბა, პირველი ლექციის შემდეგ უკვე მივხვდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, ვხვდებოდი, SANGU-თან ერთად წინ ძალიან რთული, თუმცა საინტერესო წლები მელოდა. წელს უკვე დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ვარ, ამიტომ გარკვეული ნოსტალგია თითქოს უკვე მაქვს, ვცდილობ დარჩენილი დრო და სწავლის ის შესაძლებლობები, რომლებსაც SANGU მთავაზობს, მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენო და არც ერთი წამი არ დავკარგო ზედმეტად.

უკვე მეოთხე სემესტრია, ღირსეულად ინარჩუნებ სტიპენდიანტის სტატუსს, რასაც განსაკუთრებულად დიდი ძალისხმევა სჭირდება, როგორ ახერხებ?
მართლაც, უკვე მეოთხე სემესტრია, რაც სტიპენდიანტის წოდებას ვატარებ, ეს კი უდიდესი პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში, ჩემი თავის და შემდეგ უკვე პროფესორ-მასწავლებლებისა და უნივერსიტეტის წინაშე. ამასთანავე, დიდი სტიმულია, ჩვეული ტემპით განვაგრძო სწავლა და შევინარჩუნო სტიპენდიანტის სახელი. იყო სტიპენდიანტი, ნიშნავს იყო გამორჩეული და მუდმივად ცდილობდე ამ გამორჩეულობის შენარჩუნებას, რაც ნამდვილად არაა ადვილი და ძალიან დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს. ბევრი გათენებული, უძილო ღამე მახსენდება ამდენი წლის მანძილზე, თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ სწავლობ და შრომობ იმისთვის, რომ საბოლოოდ ღირსეულ იურისტად ჩამოყალიბდე. ყოველთვის ორიენტირებული ვარ იმაზე, რომ რაც შეიძლება ბევრი ვისწავლო, წავიკითხო, აღმოვაჩინო, გავიგო, ამდენ შრომას კი ავტომატურად მოჰყვება სტიპენდიანტის სტატუსი. ვატარო სტიპენდიანტის სახელი, ნიშნავს ვიყო გამარჯვებული ამ პატარა ბრძოლაში, რომელიც შემდგომ უფრო დიდ ასპარეზზე გასვლაში დამეხმარება. აღნიშნული სტატუსი მაძლევს ძალას, კიდევ უფრო მეტი ვიშრომო განვითარებისთვის და კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო, რაც, ვთვლი, რომ SANGU-ს დახმარებით ნამდვილად შესაძლებელია. ვფიქრობ, ერთ-ერთი კარგი თვისება, რაც მაქვს და მეხმარება სტიპენდიის შენარჩუნებაში ისაა, რომ ყოველთვის ჩემი თავის კონკურენტად ჩემივე თავს აღვიქვამ, საკუთარ თავზე გამარჯვება ყველაზე დიდი გამარჯვება მგონია, თუმცა ძალიან რთულია გაიმარჯვო შენს თავზე და შენივე უარყოფით თვისებებზე, ამიტომ მუდმივად იმაზე უნდა იყო ორიენტირებული, რომ აღმოაჩინო რა სისუსტე გაქვს, იმუშაო მის აღმოფხვრაზე, რაც კიდევ უფრო გაახლოებს დასახულ მიზანთან და ხდები იმაზე უკეთესი, ვიდრე გუშინ იყავი. ჩემი ერთ-ერთი ოცნება ისაა, რომ სტიპენდიანტობა ჩემს ცხოვრებაში დიდი წარმატების პატარა დასაწყისი აღმოჩნდეს. საბოლოო მიზანი კი განათლებულ, რეალიზებულ და წარმატებულ იურისტად ჩამოყალიბებაა, რასაც ჩემი შრომითა და SANGU-ს დახმარებით, ვფიქრობ, აუცილებლად მივაღწევ.

როგორ ფიქრობ, რა არის საჭირო და მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად?
ვფიქრობ, წარმატების ასე ჩამოყალიბებული ფორმულა არ არსებობს, ჩემი აზრით, მთავარი მაინც შრომისმოყვარეობაა. პირველ რიგში, უნდა გიყვარდეს შენი პროფესია და მაქსიმალურად ბევრი იშრომო წარმატებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არ გეშინოდეს წარუმატებლობის, ჩემს შემთხვევაშიც ყოფილა ბევრი სირთულე, პატარ-პატარა წარუმატებლობები, მაგრამ უნდა შეგვეძლოს, რომ ეს სირთულეებიც ჩვენი წარმატების მიღწევისთვის, ჩვენივე დასახული მიზნების განხორციელებისთვის გამოვიყენოთ. დანებება ყოველთვის ადვილია, თუმცა რთულია, მიუხედავად ყველაფრისა, იმაზე მეტი იშრომო ვიდრე ადრე და დაუმტკიცო ყველას და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საკუთარ თავს, რომ შეუძლებელი არაფერია და წარუმატებლობაც ისევ ჩვენი მიზნებისათვის და განვითარებისთვის არის საჭირო. ამ პერიოდში მივხვდი, რომ ფსიქოლოგიური სიძლიერის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა. მნიშვნელოვანია რთულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნება და მუდმივად ფიქრი იმაზე, რომ მთავარი წარმატება ცხოვრებაში ჯერ კიდევ წინაა. წარმატებულ იურისტად ჩამოყალიბებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის გრძნობა და თავდაჯერებულობა, რაც ნელ-ნელა, ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, ყალიბდება. ჩვენივე უნარებში, შესაძლებლობებში უნდა ვიყოთ დარწმუნებული და გვჯეროდეს, რომ თუ რაღაც ძალიან გვინდა და ამ მიზნის მისაღწევად ძალიან, ძალიან ბევრს ვიშრომებთ, ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია. მთავარია მონდომება, ყოველთვის მჯეროდა, რომ შეუძლებელია, რაღაც ძალიან გინდოდეს და მას ვერ მიაღწიო, თუ მის მისაღწევად იმაზე მეტს იშრომებ, ვიდრე შეგიძლია. რაც მთავარია, არ უნდა გვეშინოდეს ცვლილებების და მუდმივად უნდა ვცდილობდეთ, რომ ჩვენი თავის საუკეთესო ვარიანტები გავხდეთ. თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, წარმატებაც არ დააყოვნებს და ოცნებები რეალობად იქცევა.

წარმატებებს გისურვებ.
დიდი მადლობა

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა