„პროფესიის სწორად არჩევა უდიდეს როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში. ადამიანმა უნდა გაარკვიოს, რა იზიდავს, რისი კეთება სიამოვნებს, რა საქმე მოსწონს. მთავარია, უყვარდეს და აინტერესებდეს ის საქმე, რომელსაც აკეთებს. თუ ეს ინტერესი გაჩნდა, ამ სფეროს თავს ვეღარ დაანებებს და ბედნიერი იქნება იმით, რომ საყვარელ საქმეს ემსახურება.“
SANGU-ს სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის ლექტორი, გოგა ჩიფჩიური თვლის, რომ როცა იურიდიულზე ჩააბარა, სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რეალურად რა ხდება სამართალში. თვლის, რომ გაუმართლა ცხოვრებაში და ახლა ზუსტად იმ პროფესიის წარმომადგენელია, რომელიც მისია და სწორედ იქ არის, სადაც უნდა ყოფილიყო.
SANGU-ს პრაქტიკოსი ლექტორი, თავის სტუდენტებს, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით უზიარებს იმ ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც არც წიგნებში წერია და არც კანონებში.
გოგა, მოგესალმები.
მოგესალმებით.
რამ განაპირობა პროფესიის არჩევანი, ოჯახის რეკომენდაციებმა, ახლობლების რჩევამ, გარემომ თუ პიროვნულმა ინტერესმა?
- არცერთმა მათგანმა. ჩავაბარე იმიტომ, რომ ეს ფაკულტეტი და ეს პროფესია იმ დროს პოპულარული იყო. მეც, როგორც იმ ახალგაზრდების უმეტესობამ, რომელიც იურიდიულზე აბარებს, გვიან გავიგე, რა ხდება სამართალში. რა თქმა უნდა, ზოგადად ვიცოდი, რა არის სამართალი, მაგრამ შეუძლებელია წინასწარ გქონდეს ინფორმაცია, სამართალი როგორ მოქმედებს, რას არეგულირებს, რა სფეროში მოგიწევს მუშაობა, რადგან ის, რაც პრაქტიკაში ხდება, დიდად განსხვავდება იმისგან, რაზეც შეიძლება წინასწარი შეხედულება გქონდეს და იმისგანაც, რასაც უნივერსიტეტში სწავლობ. მართალია, ახლა სწავლება დაახლოებულია პრაქტიკასთან, მაგრამ მაინც შეუძლებელია წინასწარ გქონდეს წარმოდგენა, როგორ მუშაობს სამართალი. ეს ცოდნა გვიან მოდის, ჩაბარების შემდეგ.
პირველი კურსიდანვე დამაინტერესა ისეთმა საგნებმა, როგორებიცაა: საჯარო სამართალი და კონსტიტუციური სამართალი. დამაინტერესა იმიტომ, რომ სახელმწიფო მმართველობას შეეხებოდა და მმართველობის განხორციელებას, ზოგადად სამართალს, რომელსაც იყენებს მმართველი. ეს ახლოს იყო პოლიტიკასთან, პოლიტიკა კი ბავშვობიდან მაინტერესებდა. ამიტომ სიამოვნებით ვსწავლობდი კონსტიტუციურ სამართალს, თუმცა დასაქმების და შემოსავლის თვალსაზრისით არ იყო პერსპექტიული, მაგრამ როდესაც იმ საქმეს ირჩევ, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა აკეთო, ვფიქრობ, ყველაფრის მიუხედავად, საყვარელი საქმე უნდა აირჩიო, რათა აკეთო ის, რაც გიყვარს.
როგორი იყო პირველი ნაბიჯები ამ სფეროში?
სამართალში ძალიან დიდი კონკურენციაა, ამიტომ არ არის საკმარისი მხოლოდ კარგად სწავლა და ბევრი მუშაობა. საჭიროა როგორც აკადემიურ, ისე პრაქტიკულ წრეში აქტიურობა. უნდა იტრიალო იმ წრეში, რომელშიც შემდეგ აპირებ მუშაობას, იქნება ეს სისხლის სამართალი თუ სხვა. საჭიროა ადრევე აირჩიო, რომელი მიმართულება გინდა და, რაც შეიძლება, მეტი კავშირი გქონდეს ამ პროფესიის წარმომადგენლებთან. კონფერენციებსა და განხილვებში მონაწილეობა, სტატიების გამოქვეყნება, თუნდაც სტუდენტის მიერ ინტერვიუს ჩაწერა, ეს არის პოტენციური დამსაქმებლების წრეში ტრიალი. მე ამ მხრივ გამიმართლა. საჭირო დროს გავახსენდი ჩემს ლექტორებს და ასე დავიწყე მუშაობა. ჩემი პირველი სამსახური იყო პარლამენტის თავმჯდომარის აპარატი.
რა პოზიციაზე მუშაობდით?
პარლამენტში რამდენიმე ადგილზე ვიმუშავე. თავიდან პარლამენტის თავმჯდომარის აპარატში, შემდეგ იურიდიულ კომიტეტში, პარლამენტის წარმომადგენლად საკონსტიტუციო სამართალში. პარლამენტში მუშაობა დიდ დროს და ენერგიას ითხოვდა, ყოველ შემთხვევაში, იურიდიულ კომიტეტში წარმოუდგენელია, რომ 7-ის ნახევარზე დაამთავრო მუშაობა, გვიან ღამემდე მიწევდა იქ ყოფნა. ამიტომ გადავედი იუსტიციის სამინისტროში. იქ შედარებით უკეთესი სამუშაო პირობები იყო. მუშაობასთან ერთად სხვა რამისთვისაც მრჩებოდა დრო.
სამეცნიერო საქმიანობის შესახებ რას გვეტყვით?
აი, ახლახან გამოვიდა შესავალი საკონსტიტუციო სამართალში, თანაავტორი ვარ. რამდენიმე წლის წინ გამოვიდა სამართლებრივი წერის სახელმძღვანელო, რომლის წერაშიც ასევე მივიღე მონაწილეობა. გარდა ამისა ვარ ოთხი კვლევის ავტორი და ახლა არის ჩაშვებული ნაშრომი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე, რომელიც წლის ბოლომდე გამოიცემა.
გოგა, თქვენ ძირითადად პრაქტიკოსი იურისტი ბრძანდებით და ახლა ბაკალავრებს უზიარებთ თქვენს პრაქტიკულ ცოდნას...
დიახ, პრაქტიკოსი ვარ და ვასწავლი იმას, რაც არც წიგნებში წერია და არც კანონებში. მაქვს იმის გამოცდილება, რომ გავუზიარო სტუდენტებს, როგორ დაიცვან ძირითადი უფლებები საკონსტიტუციო სასამართლოში და სხდომის მიმდინარეობისას, როგორ მოამზადონ იურიდიული დოკუმენტები, როგორ ხდება საპროცესო წარმომადგენლობა და სხვა.
ასევე ასწავლით მაგისტრატურაში
მაგისტრატურაში ვასწავლი არჩევით საგანს - ,,შედარებითი კონსტიტუციონალიზმი“. ვასწავლი, შედარებითი კვლევა როგორ ჩატარდეს. სამაგისტრო ნაშრომი შედარებითი კვლევის გარეშე ვერ იქნება და კვლევის მეთოდებს ვასწავლით. სტუდენტებს შევპირდი ექსკურსიას პარლამენტში და უზენაეს სასამართლოში. მათზეა დამოკიდებული, თუ მოიყრიან თავს, ყველა ერთად თუ გამონახავს დროს, აუცილებლად წავალთ.
რას ურჩევთ სამართლის სტუდენტებს, რა არის საჭირო წარმატებული იურიდიული მოღვაწეობისთვის?
მთავარია ინტერესი. უნდა იზიდავდეთ და უყვარდეთ საქმე, რომელსაც მერე მთელი ცხოვრება უნდა ემსახურონ და ეს სიყვარულის გარეშე ძნელია, მაგრამ ამ ინტერესის გაჩენა რთულია სამართალში. ლექტორმა უნდა დააინტერესოს. თუ ეს მოხდა, მერე ვეღარ დაანებებს თავს. შემდეგი, რაც მნიშვნელოვანია, არის შრომისმოყვარეობა. იურისპრუდენციას განსაკუთრებული ნიჭი არ სჭირდება, სჭირდება განსაკუთრებული შრომისმოყვარეობა. იურისტი ხდები მაშინ, როცა ხარ ძალიან შრომისმოყვარე.
დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
გმადლობთ.
მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტო: ნუგზარ შონია