მენიუ

SANGU-ს სტიპენდიანტები

დღევანდელი რუბრიკის სტუმარია ფონდ “იავნანას სტიპენდიანტი სოფიო მინდაძე

დღევანდელ რუბრიკაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის მრავალგზის სტიპენდიანტს, ამჯერად კი ფონდ "იავნანას" სტიპენდიანტ სოფიო მინდაძეს გაგაცნობთ.

სოფიო, მოგესალმები!
მოგესალმებით.

იყო ფონდ ,,იავნანას” სახელობის სტიპენდიანტი, ნიშნავს იყო ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი მთელ საუნივერსიტეტო სივრცეში, ალბათ, ძალიან ამაყი ხარ? გვიამბე, როგორ ახერხებ ყველა საგანში იყო უკონკურენტო, სწავლის გამო რაღაცეებზე უარის თქმაც გიწევს?
განვლილი სემესტრების მანძილზე ოთხჯერ ვიყავი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სტიპენდიანტი, თუმცა პირველად მერგო ბედნიერება მომეპოვებინა ფონდ ,,იავნანას“ სახელობის სტიპენდია. რა თქმა უნდა, საამაყოა, რადგან ამ დროს კონკურენციას არა მხოლოდ ჰუმანიტარებს უწევ, არამედ მთელ უნივერსიტეტს. ჩემთვის განსაკუთრებით რთული იყო, მქონოდა უმაღლესი აკადემიური მოსწრება, რადგან, სწავლის გარდა, ვმუშაობ ორ სამსახურში და ყველაფერს, რასაც ვახერხებდი და ვახერხებ, მხოლოდ კომფორტის ზონიდან გამოსვლის ხარჯზე და ბევრ რამეზე უარის თქმით ვაღწევ, იქნება ეს დასვენება, გართობა თუ სხვა რამ. ჩემი ხასიათიც ხელს მიწყობს ყოველივეში - ვარ მაქსიმალისტი და საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი. ყოველთვის ვცდილობდი დავსწრებოდი ლექცია-სემინარებს, რათა ლექტორებისგან მიმეღო ის ცოდნა, რის შესაძლებლობასაც მაძლევდა უნივერსიტეტი. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანიც ზუსტად ესაა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ მონიჭებული დრო იმისათვის, რომ შევიმეცნოთ, რაც შეიძლება, მეტი ახალი რამ.

საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე სწავლობ, რატომ აირჩიე ეს პროფესია, რა გეგმები გაქვს მომავალში?
თავდაპირველად, როცა ვაბარებდი, არანაირი ინტერესი არ მქონდა ამ სფეროს მიმართ, რადგან ვიყავი აპოლიტიკური ადამიანი. ქართულ უნივერსიტეტში მხოლოდ ჩინური ენის სასწავლებლად ჩავაბარე, ვიცოდი, რომ ძალიან კარგი სპეციალისტები გყავდათ. შემდგომში, დროდადრო, რაც უფრო ღრმად გავეცანი ამ მიმართულებას, ჩემში აღძრა ინტერესი და მივხვდი, რომ დღესდღეობით შეუძლებელია იყო აპოლიტიკური, თან ისეთ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა. ამ ყოველივეს გაცნობიერების შემდგომ უკვე უშუალოდ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებისადმი გამიჩნდა ინტერესი და მივხვდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მომავალშიც ვფიქრობ, ჩემი თავის ამ სფეროში განვითარებას, თუმცაღა გეგმებზე საუბარს ყოველთვის თავს ვარიდებ.

როგორია შენი დღევანდელობა SANGU-ში, გარდა სწავლისა, კიდევ რა აქტივობებში ხარ ჩართული?
დღევანდელობა წინა სემესტრებთან შედარებით მეტად შრომატევადია, რადგან ამ სემესტრში ვამთავრებ უნივერსიტეტს და ვმუშაობ საბაკალავრო ნაშრომზე, აგრეთვე გავდივარ პრაქტიკას თომას ჯეფერსონის კვლევით ცენტრში, რაც საკმაოდ დიდ გამოცდილებასა და ცოდნას მმატებს. ამ ყოველივეს გარდა, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად ვმუშაობ პროექტზე, რომელსაც სულ მალე გაგაცნობთ.

როგორ ფიქრობ, რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად?
უდავოდ შრომა. ვფიქრობ, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ წარმატების მისაღწევად. რაც უფრო მეტს ვიშრომებთ, მით უფრო მივუახლოვდებით წარმატებას. აგრეთვე მნიშვნელოვანია, ვიყოთ გათვითცნობიერებული ჩვენს მიზნებში, კონცენტრირებული და დარწმუნებული საკუთარ თავში.

რას უსურვებ SANGU-ს ახლანდელ და მომავალ სტუდენტებს?
თითოეულ სტუდენტს ვუსურვებ წარმატებას და იმ მიზნების განხორციელებას, რომლისთვისაც მუხლჩაუხრელად შრომობენ.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტო: ნუგზარ შონია

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა