მენიუ

SANGU-ს სტუდენტები ივ. ჯავახიშილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო პროეწტის მუშაობაში ჩაერთვნენ

აღნიშნულ პროექტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის მიმართულების ბაკალავრიატის III-IV კურსის სტუდენტები გიორგი ჩანქსელიანი, ლევან აბრამიშვილი და ელენე ხაჭაპურიძე XIX-XX საუკუნეების პრესაში გამოქვეყნებულ მასალებზე იმუშავებენ

2026 წელს, ივანე ჯავახიშვილს 150 წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, „ივანე ჯავახიშვილის ცენტრმა“ დიდი ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის ნაშრომების ახალ, სრულ გამოცემაზე მუშაობა დაიწყო.

საკვლევი მასალის სიდიდის გამო ცენტრმა პროექტში სამეცნიერო საქმიანობით დაინტერესებული სტუდენტების ჩართვა გადაწყვიტა. პროექტის მუშაობაში SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის მიმართულების ბაკალავრიატის III-IV კურსის სტუდენტები გიორგი ჩანქსელიანი, ლევან აბრამიშვილი და ელენე ხაჭაპურიძე ჩაერთნენ.

ლევან აბრამიშვილი - „აღნიშნული პროექტის შესახებ, ინფორმაცია SANGU-ს ლექტორმა, ქალბატონმა რუსუდან დაუშვილმა მოგვაწოდა, რომელიც უშუალო კომუნიკაციაში იყო ამ დიდი საქმის სულისჩამდგმელებთან, ბატონ მიშა ქართველიშვილთან და ბატონ დავით სართანიასთან. სტუდენტებმა, თავიდანვე გამოვთქვით მზაობა აღნიშნულ პროექტში ჩასართავად, რაც დიდ შრომასთან და პასუხისმგებლობასთან იყო დაკავშირებული. საკითხის უკეთ გააზრების მიზნით, პირველი შეხვედრა, ბატონ დავით სართანიასთან და ქალბატონ რუსუდან დაუშვილთან ქართულ უნივერსიტეტში შედგა. შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ბატონმა მიშა ქართველიშვილმა გვიმასპინძლა. შეხვედრებზე განვიხილეთ ის ძირითადი საკითხები, რომლებიც მუშაობის პროცესში გამოგვადგებოდა. კომუნიკაცია დღესაც აქტიურად მიმდინარეობს და კითხვების არსებობის შემთხვევაში ვუკავშირდებით პროექტის ორგანიზატორებს“.

პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია სხვადასხვა გამოცემების მომზადება, ამიტომ სამუშაო ჯგუფი აგროვებს მასალებს, მეცნიერის ბიოგრაფიული მონაცემების, მისი მრავალმხრივი საქმიანობის და პირველი ქართული უნივერსიტეტის შესახებ. სტუდენტები მასალების ძიებას ცენტრალურ საისტორიო არქივში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სახელმწიფო და ლიტერატურულ მუზეუმებში და სხვადასხვა მნიშვნელოვან დაწესებულებებში შეეცდებიან.

გიორგი ჩანქსელიანი - „ჩვენ არ გვაქვს მსგავს პროექტებზე მუშაობის გამოცდილება. საკმაოდ შრომატევად საქმეში მოგვიწია ჩართვა, რადგან გვიწევს მუშაობა XIX-XX საუკუნეების პრესაში გამოქვეყნებულ მასალებზე. ვმუშაობთ როგორც საჯარო ბიბლიოთეკაში, ასევე ელექტრონული რესურსების გამოყენებით. არ გვინდა რაიმე მნიშვნელოვანი გამოგვრჩეს, ამიტომ გვიწევს დეტალურად შევისწავლოთ არსებული მასალები. ჩვენი მიზანია შევქმნათ ანალიტიკური ბიოგრაფია, რომლის მეშვეობითაც აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის შესახებ შესაძლებელი გახდება დაიწეროს მრავალტომეული წიგნი. თუ რამდენი ტომის შედგენა იქნება შესაძლებელი ამას დრო გვაჩვენებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დრომდე ვერ მოხერხდა მისი ნაშრომის დეტალური შესწავლა და თავმოყრა ერთ მთლიან წიგნად, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მკითხველისთვის, თუმცა სასიხარულოა, რომ აღნიშნულის განხორციელებაში მონაწილეობის შესაძლებლობა მომეცა“.

SANGU-ს სტუდენტებს პროექტში ჩართულობით მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ამ დიდ საქმეში და მცირედი წვლილი შეიტანონ ისტორიკოსების და ზოგადად, ქართული საზოგადოებისთვის ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის ივანე ჯავახიშვილის ბიოგრაფიისა და შემოქმედებითი საქმიანობის შესახებ არსებული მასალის მოძიებაში.

ელენე ხაჭაპურიძე - „ჩვენთვის, როგორც ბაკალავრის სტუდენტებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შანსის სწორად გამოყენება, განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობაა მსგავს კვლევაში ჩართვა ჩემთვის, როგორც პირველკურსელისთვის. ვფიქრობ, ამ პროექტში მონაწილეობა მომცემს დიდ გამოცდილებას სამომავლოდ, დიდი ნაბიჯია, როგორც კარიერულად, ასევე ინტერესის სფეროს განსავითარებლად. მოგეხსენებათ, პერიოდიკა დიდ ინფორმაციას შეიცავს, სწორედ ამიტომ, ჩემთვის სასიხარულო და სასარგებლოა ამხელა ინფორმაციის მიღება, მისი ისტორიულად გაანალიზება და კვლევის უნარების გამომუშავება“.

ელენეს, გიორგის და ლევანს ვულოცავთ პირველ ნაბიჯებს სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა