მენიუ

ინტერვიუ სამართლის პროფესორ შალვა ქურდაძესთან

პროფესორმა შალვა ქურდაძემ, ავტორთა კოლექტივთან ერთად ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი“ გამოსცა

კიდევ ერთი შესანიშნავი გამოცემა შეემატა სამართლის სფეროს სამეცნიერო ლიტერატურას. საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა, შალვა ქურდაძემ, ავტორთა კოლექტივთან ერთად ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი“ გამოსცა. წიგნი, SANGU-ს ხელშეწყობით, გამომცემლობა ,,მერიდიანმა“ გამოსცა.

წიგნის შესახებ თავად ავტორი გვიამბობს.

ბატონო შალვა, მოგესალმებით!
მოგესალმებით.

გვიამბეთ, რა საკითხებია განხილული წიგნში და ვისთვის არის იგი განკუთვნილი?
ნაშრომი სამ წიგნად გამოიცემა: პირველ წიგნში, რომელიც ამჟამად შევთავაზეთ ფართო საზოგადოებას, განმარტებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზოგადი დებულებები, მეორე წიგნში განმარტებული იქნება ის ნორმები, რომლებიც შეეხება საქმის წარმოებას პირველი ინსტანციის სასამართლოებში, ხოლო მესამეში - ნორმები, რომლებიც შეეხება საქმისწარმოებას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში. ეს წიგნი გამოადგებათ პრაქტიკოს იურისტებს, მოსამართლეებსა და ადვოკატებს. ამავე დროს, იგი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რადგან იგი შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო სამართლის პირველი ნაწილის სილაბუსით გათვალისწინებულ საკითხებს. მასში იპოვიან პასუხს კოდექსის ყველა მთავარ, აქტუალურ და პრობლემურ საკითხზე. ჩვენ შევეცადეთ, წიგნი პირველ რიგში, სტუდენტებისთვის ყოფილიყო გამოსადეგი. ამიტომ მასში ურთულესი დებულებები გადმოცემულია მაქსიმალურად იოლად აღსაქმელი, მარტივი და ყველასთვის გასაგები ენით.

სტუდენტების საჭიროებამ განაპირობა ამ წიგნის გამოცემა?
არა მხოლოდ, რადგან საქართველოში ისეთი მნიშვნელოვანი დარგი, როგორიც არის სამოქალაქო საპროცესო სამართალი, სამწუხაროდ, არ არის ისე განვითარებული, როგორც სხვა დარგები.
ამას ჰქონდა თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები. ავტორთა მიზანი იყო შეევსო ის დანაკლისი, რომელიც ამ სფეროში - საპროცესო სამართალში - არსებობს ლიტერატურის თვალსაზრისით. არადა, ეს დარგი უაღრესად მნიშვნელოვანია. ის შეეხება იმ წესების სისტემას, რომელიც გამოიყენება სასამართლოების მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისას და მაშასადამე, წიგნი გამოადგებათ მოსამართლეებს, რომლებიც განიხილავენ როგორც სამოქალაქო, ისე ადმინისტრაციულ საქმეებს. ამ თვალსაზრისით წიგნი უაღრესად მნიშვნელოვანი ნაშრომია. ზემოაღნიშნული წესები არ წარმოადგენენ უბრალოდ პროცედურულ ნორმებს, ტექნიკურ დებულებებს, არამედ ეს გახლავთ წესები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, განაპირობებენ საქმეზე კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას და სამართლის სუბიექტების უფლებების სწორად დაცვას.

მკითხველისთვის რა სიახლის შემცველია ეს წიგნი?
აბსოლუტურად ყველა საკანონმდებლო სიახლე არის გათვალისწინებული დღიდან
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ძალაში შესვლისა. დღიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამოქმედებისა, მასში უამრავი სიახლე იქნა შეტანილი. ყოველი ნოვაციის შესახებ წიგნში ჩამოყალიბებულია ჩვენი ხედვა, ჩვენი განმარტებები, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული თითოეული ეს ნორმა და წესი, თუ როგორ უნდა იმუშაოს მან პრაქტიკაში. ნაშრომი მოიცავს ისეთ უმთავრეს და ცენტრალურ საკითხებს, რომლებიც ფართო მკითხველისთვისაც იქნება საინტერესო. როგორებიც არის: მტკიცებულებები, მხარეების უფლებები და მოვალეობები პროცესში, სასამართლოსთვის მიმართვის უფლება, შეჯიბრებითობის პრინციპი და საერთოდ, პროცესის და მართლმსაჯულების პრინციპები, სასამართლოების სისტემა, მათი ფუნქციონირების თავისებურებანი. ნაშრომში ასახულია სასამართლოს მიუკერძოებლობის და მხოლოდ კანონისადმი დამორჩილების საერთაშორისო სტანდარტები.

თუ აისახა ნაშრომში საერთაშორისო პრაქტიკა?
რა თქმა უნდა, ჩვენ უხვად ავსახეთ ნაშრომში საერთაშორისო პრაქტიკა. სახელდობრ, ადამიანთა უფლებების ევროპის სასამართლოების გადაწყვეტილებები თითოეულ იმ საკითხზე, რომლებიც კი ჩვენ განვიხილეთ ნაშრომში. წიგნში აისახა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებითაც ანტიკონსტიტუციურად არის ცნობილი რიგი საკანონმდებლო დანაწესები, აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა. ამ თვალსაზრისით ნაშრომი ძალიან მდიდარია.

ავტორთა კოლექტივის შესახებ რას იტყვით, ვინ არიან თანაავტორები?
ეს ნაშრომი პროფესიონალთა გუნდის მიერ არის შექმნილი. ესენი გახლავთ: ნინო ხუნაშვილი, მაია ახალაძე, მაია ცქიტიშვილი, მარიამ კუბლაშვილი, გიორგი ქურდაძე და თქვენი მონა-მორჩილი. ყველა მათგანს აქვთ როგორც თეორიული მეცნიერული მუშაობის, ისე პრაქტიკული საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. ნაშრომს ერთვის ავტორთა მონაცემები, რომლებშიც ასახულია მათ მიერ განვლილი გზა და მკითხველისთვის თვალსაჩინო ხდება, თუ როგორი დონის პროფესიონალები მუშაობდნენ ამ წიგნზე.

სტუდენტებისთვის უფრო მეტად პრაქტიკული ღირებულება ექნება თუ თეორიული, რამდენად გამოადგებათ მათ?
ეს ნაშრომი სტუდენტებისთვის ძალიან სასარგებლო წიგნია, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. ისინი ნახავენ მასში როგორც კანონის ტექსტს, ისე მის განმარტებებს. ფაქტობრივად, თეორიული და პრაქტიკული კომენტარია. ამდენად, წიგნს აქვს სტუდენტებისთვის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ღირებულება.

როდის გამოიცემა შემდეგი ნაწილები?
დაგეგმილია 2023 წლისათვის. ჯერ გამოიცემა მესამე წიგნი, რადგან იგი უკვე მომზადებულია გამოსაცემად, შემდეგ კი - მეორე წიგნი, რადგან მას დახვეწა და დამუშავება სჭირდება. ეს უკანასკნელი მოცულობითია და გამოიცემა ორ ტომად.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტო: ნუგზარ შონია

 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა