მენიუ

SANGU-ს სტუდენტურ თვითმმართველობას გვანცა ტაბაღუა უხელმძღვანელებს

SANGU-ს სტუდენტურ თვითმმართველობას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. იგი ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტია

SANGU-ს სტუდენტურ თვითმმართველობას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. იგი ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტია და უნივერსიტეტის თვითმმართველობაში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. ის გასულ წელს ლაშქრობა-ექსკურსიის დეპარტამენტს წარმატებულად ხელმძღვანელობდა. საინტერესოა, როგორია მისი, ახლა უკვე, როგორც პრეზიდენტის ხედვა და სამომავლო გეგმები.

გვანცა, მოგესალმები და გილოცავ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას.

დიდი მადლობა!

SANGU-ს სტუდენტებმა თავიანთი არჩევანით ნდობა გამოგიცხადეს, რომელსაც გამართლება სჭირდება, რამდენად ხარ მზად ამისთვის?
პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომელთაც ნდობა გამომიცხადეს. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ თითოეული მათგანის წინაშე. ვეცდები, გავამართლო სტუდენტთა იმედები. რაც შეეხება მზადყოფნას, რა თქმა უნდა, მეც და და ჩემი თანაგუნდელებიც ამ პასუხისმგებლობისთვის მზად ვართ.

ვინ იქნებიან ვიცე-პრეზიდენტები, გაგვაცანი.
თვითმმართველობას ჰყავს ორი ვიცე-პრეზიდენტი: შოთა ბითაძე და ქეთევან კაცელაშვილი. პრეზიდენტს შესაძლებლობა აქვს თავად დანიშნოს პირველი ვიცე-პრეზიდენტი. ამ შემთხვევაში პირველ ვიცე-პრეზიდენტად შოთა ბითაძე დაინიშნა, მეორე ვიცე-პრეზიდენტად კი შიდა არჩევნების შედეგად თვითმმართველობის წევრებმა ავირჩიეთ ქეთევან კაცელაშვილი.
ორივე მათგანი მუშაობდა წინა მოწვევის თვითმმართველობაში. ქეთევანი პირველი ვიცე-პრეზიდენტი იყო, შოთა კი - სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

არც შენთვის არის ახალი სტუდენტური თვითმმართველობა, გასულ წელს საკმაოდ წარმატებულად ხელმძღვანელობდი ლაშქრობა-ექსკურსიის დეპარტამენტს. ვის გადააბარე აღნიშნული კლუბი და რომელი კლუბები განაგრძობენ წელს აქტიურ საქმიანობას?
მართალია, წინა წელსაც ვიყავი თვითმმართველობაში და ვხელმძღვანელობდი ლაშქრობა-ექსკურსიის დეპარტამენტს. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, რადგანაც პირველ კურსზე ვსწავლობდი, ამასთან, პანდემიის გამო სტუდენტების ნაწილი არ დადიოდა უნივერსიტეტში, რამაც ხელი ნაწილობრივ შეგვიშალა, თუმცა ექსკურსიებმა სტუდენტები ერთმანეთთან დააახლოვა და სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი. ლაშქრობა-ექსკურსიის დეპარტამენტს ამჟამად ორი ხელმძღვანელი ჰყავს, ესენი არიან: ნიკოლოზ კოკაია და მარიამ ყურუა. ნიკოლოზი კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტია, მარიამი კი - ისტორიის მესამე კურსის. მარიამი წინა მოწვევის თვითმმართველობაში საქველმოქმედო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ნიკოლოზი კი წელს პირველადაა თვითმმართველობაში. ვფიქრობ, რომ ორივე კარგად გაართმევს თავს საქმეს. ამ დეპარტამენტის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, რადგან მე ვხელმძღვანელობდი და დათმობაც კი გამიჭირდა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ სანდო ადამიანებს გადავაბარე და მთელი გულით წარმატებებს ვუსურვებ.
რაც შეეხება დეპარტამენტებს, ვგეგმავთ, რომ ახალიც ჩამოვაყალიბოთ, მეტად აქტიური და საინტერესო სტუდენტებისთვის. ამის შესახებ დროთა განმავლობაში მივაწვდით ინფორმაციას სტუდენტებს ჩვენი თვითმმართველობის გვერდის საშუალებით, კერძოდ, instagram, facebook და Tik-Tok გვერდებიდან.

რა სიახლეებს შეიტანთ შენ და შენი გუნდი ახალი სტუდენტური თვითმმართველობის მუშაობაში?
ჩვენს გუნდს დიდი სურვილი აქვს, რომ სხვადასხვა ღონისძიებები ჩავატაროთ როგორც უნივერსიტეტში, ისე მის გარეთ SANGU- ს სახელით. რაც შეეხება სიახლეებს, ვგეგმავთ, რომ მეტი კომუნიკაცია გვქონდეს სტუდენტებთან და მათი საჭიროებიდან გამომდინარე გაკეთდეს ყველაფერი. რამდენიმე დღის წინათ სტუდენტებთან გვქონდა საინფორმაციო შეხვედრა, სადაც მათ შეეძლოთ ესაუბრათ თავიანთ სურვილებსა და საჭიროებებზე. სამომავლოდაც იგეგმება მსგავსი შეხვედრები, რათა გავიგოთ მათი საჭიროებების შესახებ. ჩვენც, თვითმმართველობის წევრებიც, ვართ სტუდენტები და ისეთ ღონისძიებას ან აქტივობას არ დავგეგმავთ, როგორიც ჩვენ არ გაგვიხარდებოდა, ამიტომ ვცდილობთ, სტუდენტების სურვილები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ.

უახლოეს პერიოდში დაგეგმილ ღონისძიებებზე რას გვეტყვი?
თვითმმართველობის ორგანიზებით უნივერსიტეტში ჩატარდა საახალწლო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ SANGU-ს სტუდენტები. მოსამზადებელი პერიოდი საკმაოდ შრომატევადი იყო, ყოველ დღე მიმდინარეობდა აქტიური რეპეტიციები. სტუდენტები ძალიან მონდომებული იყვნენ, თითოეულ ნომერში ძალიან დიდ შრომა ჩადეს და, მართლაც, ძალიან კარგი, სიურპრიზებით აღსავსე ღონისძიება გამოვიდა.

რას ურჩევ მათ, ვინც არ არის ჩართული აქტიურად სტუდენტურ ცხოვრებაში?
ჩვენი სურვილია, რომ აქტიური სტუდენტური ცხოვრება გვქონდეს, ამის შესაქმნელად ბევრს ვშრომობთ, თუმცა, სამწუხაროდ, სტუდენტთა ნაწილი არაა აქტიურად ჩართული ამ საქმიანობაში. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, პოსტპანდემიური პერიოდია, რადგან კოვიდის პერიოდში გაჩერებული იყო ყველაფერი. ამ ყველაფერმა კი მათ დააკარგვინა სტუდენტური ცხოვრების მიმართ ინტერესი. ამიტომ მინდა ვთხოვო მათ, ვინც ჯერ კიდევ არ მონაწილეობს სტუდენტურ ღონისძიებებში, რომ ჩაერთონ ამ აქტივობებში, რადგან ეს ყველაფერი მათთვის კეთდება, არ დაივიწყონ, რომ სტუდენტური პერიოდი აღარ დაბრუნდება. არა მარტო მათ, არამედ ჩვენც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო. თუ რომელიმე სტუდენტს რაიმე დააინტერესებს ან რაიმე იდეით მოვა, რომლის განხორციელებაშიც ჩვენი დახმარება დასჭირდება, მათთვის ჩვენი ოთახის კარი მუდამ ღიაა!

როგორია შენი რეზიდენტული ერთი დღე SANGU-ში?
ჩემი დღე იწყება დილით ლექციებით, ფსიქოლოგიაზე ვსწავლობ და მაქვს ლექცია-სემინარები. სალექციო დროის დასრულების შემდეგ თვითმმართველობის წევრები ერთმანეთს ვხვდებით და განვიხილავთ სხვადასხვა თემებს. თუ რაიმე ღონისძიებაა - ყველა ვართ ჩართული. ჩვეულებრივ დღეებში კი სტუდენტები ვართ ერთად ხან 112-ში, ხან სტუდენტურ სივრცეში, ხანაც აღმაშენებლის დარბაზში, სადაც ვმღერით, ვცეკვავთ და ვუყურებთ ხოლმე ფილმებს. დღის დასრულების შემდეგ კი ვბრუნდები სახლში, ვმეცადინეობ და ვემზადები შემდეგი დღისთვის.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.
გმადლობთ.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტო: ნუგზარ შონია

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა