მენიუ

SANGU-ს კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა დაიწყო

ყველა სტუდენტის სწავლის სრული დაფინანსებით SANGU დებს ინვესტიციას, რომ ქვეყნისთვის მომზადდეს კიბერუსაფრთხოების კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა (SANGU) და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (NKU) კიბერუსაფრთხოების ერთობლივ საერთაშორისო ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა დაიწყო.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და აკადემიური პერსონალი შეხვდა კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს.

ყველა სტუდენტის სწავლის სრული დაფინანსებით SANGU დებს ინვესტიციას, რომ ქვეყნისთვის მომზადდეს კიბერუსაფრთხოების კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრები.

პროგრამის კურსდამთავრებულს მიენიჭება კიბერუსაფრთხოების მაგისტრის ორმაგი, ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი.

ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის აღნიშნული პროგრამა უნიკალურია თავისი არსით და ითვლება მოწინავედ კიბერუსაფრთხოების სფეროში. ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში კი ასეთი ტიპის პროგრამა პირველი და ერთადერთია.

პროგრამის სტუდენტები მოსაზრებებს გვიზიარებენ:

 

გიორგი ბასილაძე, ხალიკ ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მთავარი მენეჯერი - იმ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სადაც ინფორმაციის 95-97% ელექტრონული სახით ცირკულირებს, იქმნება ამ ინფორმაციის დაზიანების, მოპარვის, მითვისების, არალეგალური გამოყენების საფრთხე. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პროგრამა მაძლევს შანსს, რომ მე, როგორც ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტმა, ტექნიკური კუთხით კვალიფიკაცია ავიმაღლო.
კურსი შედგენილია ისე, რომ გამორიცხავს სტუდენტის პასიურობას, შესაბამისად, ყველა სტუდენტი ჩართულია სწავლების პროცესში. არის როგორც თეორიული, ისე ლაბორატორიული და სადისკუსიო ნაწილი, ხოლო დამატებითი შეფასებისთვის არის კითხვარიც, რომელიც სრულად ფარავს სალექციო კურსს.
აღნიშნული კურსი აუცილებლად დამეხმარება, რათა მიღებული ცოდნა გამოვიყენო ჩვენი ქვეყნის ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვისათვის და კრიტიკული ინფორმაციის არალეგალურად გამოყენების აღმოსაფხვრელად. იმედი მაქვს, გავიზრდები პროფესიულად და შემეძლება სხვდასხვა კუთხით დავინახო ესა თუ ის პრობლემა ჩემივე მიმდინარე სამუშაოებში. ასევე, მიღებულ ცოდნას გავუზიარებ და გადავცემ ჩემს სტუდენტებს და შევეცდები ტექნიკური მიმართულებით უკეთესი პრაქტიკული უნარები განვუვითარო მათ.


თამარ ბურჯანაძე, ქართულ-ჩინური სამედიცინო ცენტრ „GCMC”-ის ჩინური ენის თარჯიმანი - სკოლის ასაკიდან მოყოლებული, ძალიან მაინტერესებდა ეს სფერო, ვცდილობდი სხვადასხვა წყაროდან თუ კურსებიდან გამეგო მეტი, მაგრამ ეს მაინც არ იყო საკმარისი. მაგისტრატურაზე ჩაბარებისას ავირჩიე ამ სფეროსთან მაქსიმალურად მიახლოებული ფაკულტეტი, სადაც ცალკე საგნად ისწავლებოდა კიბერუსაფრთხოება. მაგრამ მალევე გავიგე SANGU-ს ამ სიახლის შესახებ და დაუფიქრებლად შემოვიტანე საბუთები. ნამდვილად იშვიათია ასეთი შანსი ცხოვრებაში.
სწავლის პროცესი ძალიან საინტერესო და ინფორმაციულია, პროფესორები ყოველთვის მზად არიან უპასუხონ დასმულ კითხვებს და გაგზავნილ მეილებს. მასალები ძალიან კარგად არის შედგენილი და ორგანიზებული, დავალებები საინტერესოა, შეფასებები კი - ყოველთვის სამართლიანი. ორ კვირაში უკვე შევძელი ახალი უნარების გამომუშავება და ცოდნის შეძენა.
კიბერუსაფრთხოების სფეროში მუშაობა ყოველთვის იყო ჩემი მიზანი. ვიცოდი, საკუთარი ძალებით მიღებული ცოდნით დასაქმება გრძელვადიანი პროცესი იქნებოდა, მაგრამ მაინც არ ვკარგავდი იმედს და არ ვზოგავდი ძალისხმევას. ახლა ეს მიზანი ბევრად რეალურია და ეს, რა თქმა უნდა, SANGU-ს და ჩკუ-ს დამსახურებაა. იმედი მაქვს, მიღებული ცოდნა დამეხმარება განვითარებაში და ამ სფეროში არაერთი წარმატების მიღწევაში.


მამუკა ანჯაფარიძე, სან დიეგოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, 2G დეველოპმენტ-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი - საქართველო ყოველთვის იყო და არის უდიდესი პოტენციალის მატარებელი ქვეყანა, არა მხოლოდ გეოპოლიტიკური კლიმატითა და ლოკაციით, არამედ თავისი სიპატარავით. ცნობილია, რომ ახალ-ახალი ტექნოლოგიები ყველაზე მარტივად სწორედ პატარა, კომპაქტურ ქვეყნებში იკიდებს ფეხს და ვითარდება, ამას შეიძლება ინოვაციების ინკუბატორიც კი ვუწოდოთ. რომ გადავხედოთ წარსულ სტატისტიკას და შედეგებს, დავინახავთ, რომ ძალიან ბევრი იდეა, სტარტაპი და წარმატებული კომპანია სწორედ საქართველოში დაინერგა პირველად. გავიხსენოთ Pulsar AI-ის წარმატება, დეველოპერული ჰაბების აჩქარებული ზრდა, საერთაშორისო ბაზარზე ქართველ პროფესიონალებზე გაზრდილი მოთხოვნა, ასევე Fintech-ი და ციფრული ბანკინგი, რომელშიც დღემდე პირველ ადგილზე ვართ მსოფლიო მასშტაბით. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო პოტენციური საბადოა, რომლის მისაგნებად მხოლოდ წარმოსახვის უნარი და კარგი იდეაა საჭირო.
მოხარული ვარ, რომ SANGU ჩაერთო ამ შესანიშნავ პროგრამაში. ეს არის თანამედროვეობის იდეალურად მორგება. სწავლა საინტერესო და უფრო მოქნილია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ონლაინ სწავლა უკვე ძალიან კომფორტული გახდა. ასეთ გარემოში სწავლა ფუფუნებაა, რომელზეც ბევრს არ მიუწვდება ხელი. მოხიბლული ვარ როგორც სალექციო მასალებითა და აქტივობებით, ასევე პროფესორების პროფესიონალიზმით.
მოგეხსენებათ, მსოფლიო და ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება, ჩვენს ცხოვრებაში სულ უფრო და უფრო დიდ ადგილს იჭერს ელექტრონული მოწყობილობები, ინტერნეტსივრცე ჩვენი ყოველდღიურობისგან განუყოფელი გახდა. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ამასთან ერთად იზრდება უსაფრთხოების რისკები. კიბერსივრცე იქნება აქტუალური, სანამ ცივილიზაცია დამოკიდებული იქნება ტექნოლოგიებზე.

 

ვულოცავთ ჩვენს მაგისტრანტებს სწავლის დაწყებას, ვუსურვებთ ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო წელს.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა