2025 წლის 31 მაისს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა ფიზიკის მასწავლებელთა მეორე ეროვნული კონფერენცია, რომლის ორგანიზატორი იყო საქართველოს ფიზიკის მასწავლებელთა ასოციაცია (PTA), ხოლო გენერალური სპონსორი - წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი (SANGU).
კონფერენციის თემა იყო: „ფიზიკის სწავლება და STEM განათლება“, და მასში მონაწილეობა მიიღეს ზოგადი განათლების სფეროს მასწავლებლებმა, მეცნიერებმა, ექსპერტებმა და STEM განათლებით დაინტერესებულმა პროფესიონალებმა მთელი საქართველოდან.
კონფერენცია დაიწყო დელეგატების რეგისტრაციითა და მისასალმებელი სიტყვით. კონფერენცია საზეიმოდ გახსნა ალექსანდრე თევზაძემ – ევგენი ხარაძის სახელობის ასტროფიზიკური სტრატეგიული განვითარების დირექტორმა, რომელმაც წარადგინა ლექცია თემაზე: „ფიზიკის სწავლება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: ეთიკა და ინსტიტუციური პოლიტიკა“.
მომდევნო ეტაპზე გაიმართა პანელური დისკუსია ფიზიკის სწავლების თანამედროვე გამოწვევებზე. პანელში მონაწილეობდნენ წამყვანი ექსპერტები განათლების სფეროდან: გიორგი ლომიძე, მარეხი მაზანაშვილი, ირმა ლორია და მერაბ კვირიკაშვილი, რომლებიც სხვადასხვა სკოლებსა და საგანმანათლებლო ინსტიტუციებს წარმოადგენენ.
კონფერენციის ფარგლებში მოეწყო სასტენდო და ზეპირი მოხსენების სესიები, სადაც ფიზიკის მასწავლებლებმა წარმოადგინეს პრაქტიკული გამოცდილებაზე და კვლევებზე დაფუძნებული ინოვაციური ხედვები. წარმოდგენილი თემები შეეხებოდა როგორც პრობლემაზე ორიენტირებულ სწავლების მოდელებს, ასევე ადგილობრივი კულტურის ინტეგრაციას სასწავლო პროცესში, მათ შორის - STEM და STEAM მიმართულებების გაძლიერების გზებს.
დღის ბოლოს კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, ხოლო საუკეთესო მოხსენებების ავტორები დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებით.
ღონისძიებას მხარს უჭერდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა, საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALIS და წამყვანი ქართული გამომცემლობები: დიოგენე, ინტელექტი და საქართველოს მაცნე.