საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა და ბრემენის გამოყენებითი მეცნიერებების უმაღლესი სკოლის (HSB Hochschule Bremen) თანამშრომლობის ფარგლებში, 2025 წლის 19 მაისს, ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტები: ლუკა ალიბეგაშვილი, ანა აბესაძე, გიორგი ჯიშიაშვილი და მედეა გოგილაშვილი, პროფესორ ნიკო კვარაცხელიას ხელმძღვანელობით გაემგზავრნენ გერმანიაში, ქალაქ ბრემენში.
ვიზიტის მიზანი იყო ბრემენის გამოყენებითი მეცნიერებების უმაღლესი სკოლისა და ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი საგრანტო (DAAD) პროექტის ფარგლებში, ბრემენის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან ერთად, მდგრადი ტურიზმის გამოკვლევის მეთოდებისა და კრიტერიუმების შემუშავება, რომელიც საქართველოში უკვე მე-4 წელია გრძელდება.
ქართველმა სტუდენტებმა გერმანელ კოლეგებსა და პროექტის ხელმძღვანელ პროფესორ რეინერ ჰარტმანსა და ასისტენტ პროფესორ იულია როსდოფს წარუდგინეს მოხსენება, რომელიც მოიცავდა კვლევის პროცესში ინსტიტუციურ, ეკონომიურ, ეკოლოგიურ და სოციო-კულტურულ განზომილებებს.
სამუშაო დღე მოიცავდა ლექციებს, პრაქტიკულ მეცადინეობასა და დამოუკიდებელ სამუშაოს. პირველ ლექციაზე პროფესორმა ჰარტმანმა და ასისტენტ პროფესორმა როსდორფმა ქართველ სტუდენტებს გააცნეს ვიზიტის მიზნები და პროგრამის სპეციფიკა. შემდგომ ქართველი სტუდენტები წარსდგნენ პრეზენტაციებით საქართველოზე და განსაკუთრებით – ქუთაისზე.
სამუშაო სემინარებზე აღინიშნა, რომ SANGU-ს სტუდენტთა მოხსენებები მნიშვნელოვნად დაეხმარა პროექტში ჩართულ გერმანელ მაგისტრანტებს ქუთაისის ისტორიის, ეკონომიკური მდგომარეობის, ეკოლოგიური ფონისა და რელიგიური მრავალფეროვნების უკეთ შესწავლაში. ამის შემდეგ სტუდენტები გადანაწილდნენ თემატურ ჯგუფებში (ინსტიტუციური, ეკოლოგიური, ეკონომიური და სოციო-კულტურული განზომილებები) კონკრეტული კვლევების ჩასატარებლად.
პროექტმა დადებითი უკუკავშირი მიიღო ორივე მხარისაგან. ერთობლივმა მუშაობამ წინ წასწია კვლევის პროცესს და გააძლიერა ინტერპერსონალური კავშირები სტუდენტებს შორის. პროექტი „ტურიზმის მდგრადი განვითარების შეფასება ქუთაისში“ გაგრძელდება უკვე საქართველოში.
ბრემენის უნივერსიტეტის გუნდი 3 ივნისს ჩამოდის საქართველოში, რათა განაგრძოს კვლევა ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად. მათ შეუერთდებიან ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტები პროფესორ ნიკო კვარაცხელიას ხელმძღვანელობით.