მენიუ

ინტერვიუ სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელთან

SANGU-ში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა “სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია“ მაგისტრანტებს სთავაზობს კომპლექსური თეორიული ცოდნის მიღებას სოციალური და განწობის ფსიქოლოგიის სფეროში.

SANGU-ში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა “სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია“ მაგისტრანტებს სთავაზობს კომპლექსური თეორიული ცოდნის მიღებას სოციალური და განწობის ფსიქოლოგიის სფეროში. სტუდენტები შეისწავლიან როგორც ქართული სკოლის, ასევე უცხოური სკოლების კვლევებს ამ მიმართულებით. სწავლის პროცესში ისინი დაეუფლებიან ექსპერიმენტული ტექნიკის გამოყენებას თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კვლევების ჩასატარებლად.

პროგრამის წარმატებულად წარმართვაში ჩართულნი არიან დარგის პროფესიონალი წარმომადგენლები. პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელია ევროპაში აკრედიტებული გენშტალტ თერაპევტი, პროფესორი თეა გოგოტიშვილი. ქალბატონი თეა ფსიქოლოგიით 27 წლის ასაკში დაინტერესდა. ამ დროს უკვე მიღებული ჰქონდა პირველი უმაღლესი განათლება: მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი, სადაც მუშაობდა კიდეც ფოლკლორის კათედრაზე. ამ მიმართულებით სადისერტაციო თემაზე მუშაობასაც გეგმავდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, უკმარისობის განცდა ჰქონდა, თავს ვერ გრძნობდა რეალიზებულად და ეძებდა ახალ ინტერესს. მეგობრები და ახლობლები ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ მას ჰქონდა მოსმენის, გაგების, ემოციური მხარდაჭერის და პოზიტიური მიმართების დამყარების ისეთი უნარი, რომელიც დადებითად მოქმედებდა ადამიანებზე. ამ ფონზე გაუჩნდა მოთხოვნილება, შეესწავლა ადამიანის ბუნება, ფსიქიკური კანონზომიერებები და ძალიან კონკრეტულად იგრძნო მისწრაფება, გამხდარიყო ფსიქოთერაპევტი. მას კარგად ესმოდა, თუ რა ხანგრძლივი და რთული გზა უნდა გაევლო ამ დარგში სპეციალისტად დადგომისათვის, მაგრამ სურვილი, სწრაფვა იმდენად ძლიერი იყო, რომ შეუდგა ახალი პროფესიული სფეროს კიბეზე სვლას და დღეს იგი ერთ-ერთი წარმატებული დარგის სპეციალისტია.

რას შეისწავლიან სტუდენტები აღნიშნულ პროგრამაზე სწავლის პერიოდში და რა უპირატესობები აქვს SANGU-ს სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამას, ამის შესახებ გვესაუბრება ქალბატონი თეა გოგოტიშილი.

ქალბატონო თეა, რა განსაკუთრებული ნიჭი და უნარებია საჭირო ამ სფეროში წარმატებული საქმიანობისთვის?
ყველა ადამიანს აქვს განსაკუთრებული ნიჭი და ტალანტი, რომელიც შესაბამის უნარებში ვლინდება. მაგალითად, სახვით ხელოვნებაში ნიჭის მქონე ადამიანს „ეხერხება“ ხატვა, მათემატიკაში ნიჭიერს - ანგარიში და ამოცანების ამოხსნა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას, ვისაც ესა თუ ის საქმე ადვილად არ გამოსდის, არ აქვს ამის უნარი. ნებისმიერი უნარის განვითარება და გამომუშავებაა შესაძლებელი. მთავარია ინტერესი, მონდომება და მაღალი მოტივაცია. ფსიქოლოგიაში ადამიანის ბუნების, მისი ფსიქიკისა და ორგანიზმის სპეციფიკის შესწავლის, გაგებისა და წვდომის ინტერესია ამოსავალი წერტილი, მაგრამ თუ სტუდენტი არ იქნა ბეჯითი, შრომისმოყვარე, მეცადინეობისა და წიგნზე მუშაობის მოყვარული, მისგან სპეციალისტი ვერ დადგება.

რა პერსპექტივები აქვთ სტუდენტებს, რომლებიც SANGU-ს სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამას ირჩევენ, ამ პროგრამის რომელ უპირატესობებს გამოყოფდით?
ჩვენს სამაგისტრო პროგრამაში სტუდენტები შეისწავლიან სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის სფეროში არსებულ თანამედროვე მიღწევებს, გამოიმუშავებენ უნარებს გამოიყენონ მიღებული ცოდნა პრაქტიკულ საქმიანობაში და კვლევითი მიმართულებით. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება განწყობის ფსიქოლოგიური კანონზომიერებების, სოციალურ-ფსიქოლოგიური გავლენის სპეციფიკის დაუფლებაზე, ადამიანური რესურსების სხვადასხვა მიმართულებით წარმატებით გამოყენებისა და რეალიზების შესაძლებლობების ათვისებაზე. ჩვენი პროგრამის კურსდამთარებულები წარმატებით საქმდებიან და ნაყოფიერად იყენებენ მიღებულ ცოდნას თავიანთ სამუშაო ადგილებზე.

თქვენი აზრით, რა არის ის აუცილებელი თვისება, რომელიც ზოგადად ყველა დარგის ფსიქოლოგს უნდა ჰქონდეს იმისათვის, რომ კარგ სპეციალისტად ჩამოყალიბდეს?
ფსიქოლოგიის მეცნიერება მოიცავს სხვადასხვა მიმართულებებს: სოციალურ ფსიქოლოგიას, პიროვნების ფსიქოლოგიას, ბავშვისა და განვითარების ფსიქოლოგიას, განათლების ფსიქოლოგიას, შრომის ორგანიზაციის ფსიქოლოგიას, კლინიკურ ფსიქოლოგიას. ამ მიმართულებებს კიდევ აქვს ქვე-დარგები, რომლებიც სპეციალიზაციის სფეროებს წარმოადგენს და შესაბამის პროფესიულ მომზადებას საჭიროებს. საბაკალავრო საფეხურზე სტუდენტი უნდა ეზიაროს ამ მიმართულებებს, „გემო გაუგოს“ ყოველ მათგანს და იგრძნოს, რომელი იზიდავს ყველაზე მეტად. ფსიქოლოგიაში ნებისმიერი დარგის სპეციალისტად დადგომისათვის, ჩემი აზრით, პირველ რიგში, საჭიროა ადამიანის სიყვარული და მისი შინაგანის სამყაროს გაგების ძლიერი სურვილი, სიღრმისეული ცოდნის მიღების ინტერესი, რაც შეიძლება მეტის გაგებისა და შემეცნებისკენ მისწრაფება, წიგნზე მუშაობის სიყვარული, სიბეჯითე და შრომისმოყვარეობა, ინფორმაციის მიღებისა და გააზრების წყურვილი და აქტიურობა სწავლაში.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა