მენიუ

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

20 სექტემბერს SANGU-ში ახალი სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო

წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში 20 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო. უკვე მეორე წელია SANGU სწავლას ონლაინ რეჟიმში წარმატებულად ახორციელებს. ჩვენი მიზანია, მოცემულ პირობებში სასწავლო პროცესი საინტერესო, სტუდენტზე მორგებული და მრავალფეროვანი გავხადოთ.

 

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის პრორექტორი ლიკა გიორგაძე - მინდა მივესალმო ჩვენ სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციას და მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება.
გამორჩეულად მინდა მივულოცო SANGU-ს პირველკურსელებს, რომლებმაც გააკეთეს მნიშვნელოვანი არჩევანი და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს წარმატებისკენ.
ყოველი ახალი სასწავლო წელი ახალი გამოწვევაა და ახალი შესაძლებლობები მოაქვს.
მიმდინარე წელი გამორჩეულია SANGU-სთვისაც, რომელიც განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, მიუხედავად პანდემიისა, ახალი გეგმები დასახა და მნიშვნელოვან სასწავლო და ექსტრაკურიკულარულ აქტივობებს გეგმავს. მოხარულები ვართ, რომ სტუდენტებს საინტერესო პროცესებში ჩართვის შესაძლებლობას მივცემთ.
მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოება, ჩვენ ერთად ვქმნით სტუდენტზე ორიენტირებულ გარემოს და ვაყალიბებთ მძლავრ პლატფორმას, სადაც სტუდენტები იღებენ ყველაზე მნიშვნელოვანს - განათლებას, მხარდაჭერას და ყალიბდებიან პროფესიონალებად.
გასულმა წელმა პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესის მართვის კარგი გამოცდილება მისცა უნივერსიტეტს. სირთულეების გარეშე, წარმატებით დაინერგა ონლაინ სწავლება. წელს კიდევ უფრო მომზადებულები შევხვდით ამ გამოწვევას.
წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ და მაქვს იმედი, მალე შევხვდებით უნივერსიტეტში.

 

 


ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი პაატა გოგიშვილი - გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ქართული უნივერსიტეტი ყოველმხრივ მზად არის სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების შესათავაზებლად.
საქართველოს დღეს მრავალი გამოწვევა აქვს, ამ გამოწვევებთან საბრძოლველად ახალგაზრდის საუკეთესოდ აღჭურვის გზა, მათთვის განათლების მიცემაა. ძვირფასო სტუდენტებო, მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს პერიოდი და აუცილებლად იქნებით წარმატებულები. ეს წლები ოქროს წლებია თქვენთვის. გირჩევთ, ძირითად სპეციალობასთან ერთად, აუცილებლად დაეუფლოთ დამატებით სპეციალობასაც (ქართული უნივერსიტეტი ორივეს გთავაზობთ). ჩვენ ყველანაირ თანადგომას და ხელშეწყობას გპირდებით სწავლის პროცესში.
სასწავლო პროცესის უწყვეტობის კონტექსტში მოგახსენებთ, რომ უნივერსიტეტისთვის ამ მიმართულებით არ არსებობს სირთულეები, პანდემიის დროსაც სრულად ვინარჩუნებთ სწავლების ხარისხს. მეცადინეობების (მათ შორის ონლაინ მეცადინეობების) ჩატარების მაღალი დონე, ჩანაწერების და სხვა სასწავლო მასალების მიწოდების დროულობა, დამატებითი კონსულტაციები და კვლევებში სტუდენტების ჩართვა ყოველთვის იყო ჩვენი უნივერსიტეტის ძლიერი მხარე და წელსაც იქნება ყველანაირი რესურსი სრულად მობილიზებული ამ პროცესების უნაკლოდ წარმართვისთვის.
გვაქვს ახალი სასწავლო პროგრამები, და მრავალი საინტერესო ინიციატივა. გისურვებთ და გპირდებით თქვენი იმედების გამართლებას.

 

 

ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ქისტაური - ძვირფასო პირველკურსელებო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყებას - სტუდენტობას!
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა მხოლოდ მესამე წელია ფუნქციონირებს, თუმცა აქ უკვე ბევრ სასარგებლო სიახლეს ჩაეყარა საფუძველი. თანამედროვე სტანდარტების მიხედვით გადახალისდა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, სასწავლო კურსების წასაკითხად მოწვეულ იქნენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესორ-მასწავლებლები.
პანდემიის გამო, გამოწვევების წინაშე დადგა განათლების სისტემა, მაგრამ ჩვენი უნივერსიტეტი მოწინავე გახლდათ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში დისტანციური სწავლების უხარვეზოდ წარმართვის მხრივ. თანამედროვე ტექნიკური საშუალებები და ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ფლობა ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტობას საშუალებას აძლევს დისტანციურადაც ისევე სრულყოფილად ითანაშრომლონ ერთმანეთთან, როგორც აუდიტორიაში.
სადღეისოდ ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ბაკალავრიატში სწავლა მიმდინარეობს შემდეგ პროგრამებზე: ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, კომპიუტერული მეცნიერება, ტურიზმის ბიზნესი და ფსიქოლოგია; ხოლო მაგისტრატურაში: კომპიუტერული მეცნიერება, ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი), სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია, ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება. სამომავლოდ იგეგმება ბაზარზე მოთხოვნადი ახალი კონკურენტუნარიანი პროგრამების შემოღებაც. ბაკალავრიატში ამოქმედდა დამატებითი (minor) პროგრამები, რაც სტუდენტს საშულებას აძლევს ძირითად სპეციალობასთან ერთად და დამატებითი ანაზღაურების გარეშე, შეიძინოს მეორე სპეციალობაც. უნივერსიტეტის მიერ საქართველოს თუ უცხოეთის უნივერსიტეტებთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან დადებული მემორანდუმების ფარგლებში სკოლის სტუდენტები გადიან პრაქტიკას და თეორიულ ცოდნას პრაქტიკული უნარ-ჩვევებით ამდიდრებენ. უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახური ხელს უწყობს სტუდენტთა დასაქმებას. სკოლის სტუდენტებს საშულება აქვთ ხალისიანად გაატარონ სტუდენტური წლები უნივერსიტეტში არსებულ სპორტულ სექციებსა თუ სხვადასხვა წრეებში გაერთიანებით.
ასე რომ, ძვირფასო სტუდენტებო, გილოცავთ სასწავლო პროცესის დაწყებას და წარმატებულ, შინაარსიან, საინტერესო წლებს გისურვებთ.
ჩვენ თქვენს სამსახურში ვართ!

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი პაპუნა გურული - ძვირფასო სტუდენტებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ წარმატებულ სტუდენტობასა და ღირსეულ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას!
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სასწავლო პროცესი გავხადოთ მაქსიმალურად მორგებული სტუდენტზე, მის საჭიროებებზე. ვცდილობთ, გავუმკლავდეთ პანდემიიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებს ისე, რომ არ დავწიოთ სწავლის ხარისხი და, ამავდროულად, შევქმნათ სტუდენტისთვის კომფორტული პირობები. თუმცა, ამისთვის საჭიროა თქვენი მაქსიმალური ჩართულობა სასწავლო პროგრამების, ჩვენი სკოლისა და მთლიანად უნივერსიტეტის გაძლიერებისა და განვითარების პროცესში.


იყავით აქტიურები!
ერთად გავხადოთ SANGU-ში სწავლა უკეთესი!

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა