მენიუ

SANGU-ს კურსდამთავრებულები

ჩემს ცხოვრებაში შემიძლია რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი გამოვყო, მათგან ერთ-ერთი უნივერსიტეტში ჩაბარება და იქ გატარებული წლებია. ვფიქრობ, ჩემი პიროვნული და კარიერული განვითარება დიდწილად SANGU-ს დამსახურებაა

სტუდენტობა, ძიებების, დაუვიწყარი შთაბეჭდილებების, პიროვნებად ჩამოყალიბების, საკუთარი თავის შეცნობის და ცხოვრებაში საკუთარი ადგილის განსაზღვრის არაჩვეულებრივი პერიოდია, ცხოვრების ხანმოკლე, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ეტაპია და სამუდამოდ იბეჭდება ადამიანის მეხსიერებაში.
გადის წლები და შორიდან უკეთ მოჩანს, რა შეგძინა ამ წლებმა როგორც განათლების და ინტელექტის, ისე ურთიერთობების, ლამაზი მოგონებების მხრივ.
SANGU-ს კურსდამთავრებული მარიამ გიგუაშვილი ახალი გადასახედიდან აფასებს სტუდენტობის წლებს და მათ დიდ მნიშვნელობაზე საუბრობს.

- მარიამ, მოგესალმები.
- მოგესალმებით.

- რა არის შენთვის SANGU?
- ადგილი, რომლის გახსენებაც ჩემში დადებით ემოციებს იწვევს.

- რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად და რატომ?
- SANGU ცხოვრების ახალი საფეხური იყო. ამიტომ აქ გატარებული თითოეული წუთი, ლექტორებთან, ადმინისტრაციასთან, სტუდენტებთან ურთიერთობა ჩემთვის თავიდან უჩვეულო აღმოჩნდა, რადგან სკოლაში გატარებული პერიოდის შემდეგ უნივერსიტეტში ფეხის დადგმა აბსოლუტურად განსხვავებულ სისტემაში შებიჯებას ჰგავდა. სკოლისგან განსხვავებით, აქ ადამიანური ურთიერთობების გარდა, სწავლის პროცესიც ძალიან განსხვავებული იყო. თუ დავფიქრდები, ალბათ, პირველი დღე და ლექცია ყველაზე სამახსოვრო იყო ჩემთვის. ამ დროს აანალიზებ, რომ გარდა ბიოლოგიური წლების მომატებისა, ფსიქოლოგიურადაც იზრდები და ვითარდები.

- როგორ გაიხსენებ სტუდენტურ ცხოვრებას?
- ჩემს ცხოვრებაში შემიძლია რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი გამოვყო, მათგან ერთ-ერთი უნივერსიტეტში ჩაბარება და იქ გატარებული წლებია. ვფიქრობ, ჩემი პიროვნული და კარიერული განვითარება დიდწილად SANGU-ს დამსახურებაა, რადგან, პირველ რიგში, უნივერსიტეტი ზრუნავს, რომ მისმა სტუდენტებმა ცოდნა მაღალკვალიფიციური პროფესორებისაგან მიიღონ და ასევე ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ჩაბარების შემდეგ ადაპტირება მარტივია. სწავლის პერიოდში გრძნობ, რომ შენი, როგორც სტუდენტის აზრი მნიშვნელოვანი და დაფასებულია. უნივერსიტეტი მაქსიმალურად ცდილობს მოერგოს სტუდენტთა ინტერესებს და გაითვალისწინოს მათი სურვილები.

- შენი სტუდენტობის პერიოდი დაემთხვა პანდემიას. სტუდენტები ზოგჯერ ამის გამო წუხან, რომ ბევრი რამ დააკლდათ.
- დიახ, ჩემი სწავლის ბოლო პერიოდი მსოფლიოში გავრცელებულ პანდემიას დაემთხვა, მიუხედავად იმისა, რომ სწავლის გარკვეული პერიოდი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, ლექტორები და ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობდა ზედმიწევნით კარგად შეესრულებინა ოფიციალურად დამტკიცებული სილაბუსის გეგმა. არასოდეს ჩაშლილა ლექცია თუ სემინარი აბსურდული მიზეზის გამო. ხარისხის შენარჩუნება საკმაოდ რთული იყო მსოფლიო არეულობის ჟამს, მაგრამ ჩემმა უნივერსიტეტმა ამის მარტივად დაძლევა შეძლო, ისე რომ მიღებული ცოდნის ნაყოფიერება გატოლებოდა სააუდიტორიო ლექცია/სემინარებს.

- SANGU-ს სამართლის პროგრამაზე სწავლის დროს, გარდა თეორიული ცოდნისა, კიდევ რა უნარები განავითარე პროფესიული მიმართულებით?
- SANGU-ში სწავლის პერიოდში, თეორიული ცოდნის გარდა, უამრავი პრაქტიკული უნარ-ჩვევა შევიძინე, მეტად კომუნიკაბელური და აქტიური გავხდი. გამოვიმუშავე კრიტიკული აზროვნების და ჯგუფური მუშაობის უნარი, დეტალებზე დაკვირვება, პრეზენტაბელურობა და ა.შ. ეს უნარები იურისტისათვის აუცილებელია, რათა მან შეძლოს საზოგადოებასთან ეფექტური და სწორი კომუნიკაციის დამყარება, სხვისი აზრის მოსმენა და გათვალისწინება, ემოციების მართვა, და ა.შ. ამიტომაც, თუ ჩვენ საწყის ეტაპზე აღნიშნულ უნარ-ჩვევებს არ გამოვიმუშავებთ, შემდგომ არა მარტო კარიერული წარმატება, არამედ სხვადასხვა აქტივობაში ჩართვა და საზოგადოებაში თავის დამკვიდრებაც გაგვიჭირდება.

- სტუდენტობის წლები და სტუდენტური ცხოვრება ის საფუძველიც არის, რომელიც ცხოვრების შემდეგ ეტაპებზე წარმატებას და წინსვლას განსაზღვრავს. როგორ გამოიყენე უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა, რა ეტაპები განვლე პროფესიული მიმართულებით და ახლა სად ხარ დასაქმებული?
- რა თქმა უნდა, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე მიღებული ცოდნა და საკუთარ თავზე მუშაობა გეხმარება იმაში, რომ პროფესიულად შემდგარი ადამიანი იყო. იურიდიულ სფეროში განსაკუთრებით საჭიროა ბევრი იმუშაო, რათა გახდე საუკეთესოთა შორის საუკეთესო. სწორედ ამიტომ ახლაც მაგისტრატურის საფეხურზე ვაგრძელებ სწავლას. ასევე, ისეთ პროექტებში მაქვს მონაწილეობა მიღებული, როგორებიცაა: საქართველოს არბიტრთა ასოციაციის I ეროვნული შეჯიბრი “კომერციულ არბიტრაჟში”; “SAKPATENTI”-სა და “World intellectual property organization”-ის ერთობლივი პროექტი “ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი”; კავკასიის აკადემიის ტრენინგი “Offenders anatomy and body language”; ასევე “Youth agency”-ისა და “UNYD”-ის ერთობლივი პროექტის “ქალთა თანასწორობის ფორუმის” დელეგატი გახლდით. ასევე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს (LEPL National Food Agency) სტაჟიორ- იურისტი. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტროს“ 6 თვიანი სახელმწიფო სტაჟირების პროგრამის მონაწილე; ELSA -ს (ევროპის იურისტ-სტუდენტთა ასოციაცია) ორგანიზატორი და მენეჯერი “ISIE”-ში (ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა); ამ ეტაპზე, სულ ერთი თვეა, რაც მუშაობა დავიწყე სასჯელაღსრულებაში და დარწმუნებული ვარ, რომ საჯარო მოხელედ მუშაობა უდიდესი გამოცდილება იქნება ჩემთვის, როგორც დამწყები იურისტისთვის.

- რას უსურვებ მათ, ვინც ახლა გადის ცხოვრების იმ ეტაპს, რომელიც შენ საკმაოდ წარმატებულად გაიარე?
- მოქმედ სტუდენტებს, ვუსურვებ წარმატებას და წინსვლას კარიერაში, რადგან პიაჟეს თეორიის მიხედვით, ადამიანების გარკვეული ნაწილი თვითიდენტიფიკაციას სწორედაც რომ კარიერაში ახდენს, ხოლო ეს ადამიანის, როგორც შინაგანი, ასევე ფსიქოლოგიურ-მენტალური განვითარების საყრდენია. ცუდი ცხოვრებისეული გაკვეთილები, უარის მიღება, შრომის არდაფასება, ნეგატივი უფრო კარგად გვამახსოვრდება, ვიდრე დადებითი ენერგია, ამიტომ შეეცადეთ ეს ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ გამოიყენოთ და თითოეული რთული წამი თქვენი მიზნების მიღწევის საშუალებად აქციოთ.

- მარიამ, წარმატებებს გისურვებ.
- დიდი მადლობა.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა