მიტროპოლიტი თადეოზი ( იორამაშვილი ) » რექტორის სვეტი » ქართული უნივერსიტეტი
რექტორის სვეტი

მიტროპოლიტი თადეოზი ( იორამაშვილი )

2015 წლის 19 იანვარს ღვთივ განისვენა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის წევრმა, მარაბდელმა მიტროპოლიტმა თადეოზმა.

მიტროპოლიტი თადეოზი, ერისკაცობაში მირიან გაიოზის ძე იორამაშვილი, დაიბადა 1946 წლის 12 ოქტომბერს გორის რაიონ სოფელ ფლავში. 1966 წელს დაამთავრა გორის რაიონის სოფელ ქვეშის საშუალო სკოლა. 1968-1973 წლებში სწავლობდა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილო­ლოგიის ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ 1973-1974 წლებში მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად გორის რაიონის სოფელ ქვეშის საშუალო სკოლაში. 1974-1977 წლებში სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. სკოლის ახალგაზრდა პედაგოგის მცხეთის სასულიერო სემინარიაში წასვლა მტკივნეულად აღითქვა მაშინდელმა ხელისუფლებამ. "ახალგაზრდა კომუნისტმა" არაერთი წერილი მიუძღვნა ამ ფაქტს და მკაცრად გააკრიტიკა როგორც გორის ბარათაშვილის სახელობის ინტიტუტის ხელმ­ძღვანელობა, ასევე სოფლის სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, სადაც გაზეთის აზრით იდეოლოგიური მუშაობა არ იყო სათანადო დონეზე. 1977 წლის 2 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარე­სის დავით V-ის ლოცვა-კურთხევით ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა 31 წლის მირიან იორამაშვილი აღკვეცა ბერად და უწოდა სახელად თადეოზი. 1977 წლის 7 აპრილიდან დიაკონია, 1 მაისიდან - მღვდელმონაზონი, 1 ივნისიდან უწმიდესი დავით V-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა ალავერდის საკათედრო ტაძრის მღვდლად.­

1977 წლის 1 აგვისტოს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად­ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით გამორჩეულ იქნა ეპისკოპოსად. 2 აგვისტოს მოხდა მისი კურთხევა. არქიმანდრიტმა­ თადეოზმა ამ სიტყვებით მიმართა უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს: "თქვენო უწმიდესობავ, უწმიდესო და უნეტარესო, სრულიად­ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, დიდო მეუფეო და დიდო მამაო ილია; წმინდანო მღვდელმთავარნო ჩვენი მრავალჭირნახული­ ივერიის ეკლესიისანო. უმორჩილესად ვმადლობ ღმერთსა და უფალსა, შემოქმედსა ცისა და ქვეყნისასა, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად, რომელმან თქვენი უწმიდესი­ ლოცვის მადლით მიწოდა განსაკრთომელ მღვდელმთავრულ გზაზე. დიდი არს და საშინელ ჩემთვის ნდობა ესე მსახურნო დიდებისანო. მთავარანგელოზნი და ანგელოზნი ძლიერი ძალითა, ნათელნი მეორენი, ძრწიან დიდებისაგან ღვთისა და მე უღირსმან ვითარ ვიკადრო აღებად პირისა ჩემისა მისსა მიმართ, და ვითარ მივიღო პატივი ესე? ჩემი შინაგანი არსება ძრწის და გონებას ჩემსას ვერ მოუნახავს სიტყვა გამართლებისა... ამიტომ ვარჩევ დუმილს და განგებასა ღვთისასა და თქვენს წმიდა ლოცვას უმორჩილესად მინდობილი გამოუთქმელ მადლობას მოგახსენებთ... რთულია ჟამი ესე და ვის შეუძლია უღელვოდ გავლა ამ წუთისოფლის მღელვარე ზღვისა, ხსნა უკვდავისა სულისა თვისისა და ხსნა მოყვასთა, უკეთუ არა ითხოვა მადლი ღვთისაგან და ადამიანთა სიყვარულით არ გაიშუქა გული?.. ვმადლობდეთ ღმერთსა, რამეთუ კვალად მოგვხედა. დღეს ამას გრძნობს ყოველი გონიერი ადამიანი და გულით ლოცავს მთელი საქართველოსათვის მლოცველს. დღეს დიდი დღეა, დღე _ დიდი წინასწარმეტყველისა და ღვთისმხილველისა ილიასი, დღე ანგელოზისა უწმიდესისა და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, დიდისა მეუფისა და დიდისა მამისა ჩვენისა ილია მეორისა, დღე კეთილი მწყემსის მიერ დადგენილი დიდი მწყემსისა. მინდა თქვენი სახელით, ყველა ქართველისა და ყველა ქრისტიანის სახელით მივულოცო მას ეს ბედნიერი დღე და აღვუთქვა ივერიის დედა-ეკლესიის პატიოსნად მსახურება ძალისამებრ ჩემისა შეწევნითა უწმიდესის წმიდა სინოდის, წმიდა მღვდელმთავრების, ყოველთა სამღვდელო და სამონაზვნო დროსა და ყველა თქვენთვის წმიდა და გულწრფელი ლოცვითა. ამინ." ეპისკოპოსი თადეოზი დაინიშნა ბოდბის ეპარქიის მმართველად, 1978 წლის 24 დეკემბრიდან  გადმოყვანილ იქნა წილკნელად. 1979 წლის 20 სექტემბრიდან 1980 წლის 1 ოქტომბრამდე ეპისკოპოსი თადეოზი მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორია, 1981 წელს აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 1979-1983 წლებში განაგებდა მანგლისის ეპარქიას, 1984-1993 წლებში აგარაკ-წალკის, 1993-1995 წლებში _ ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ეპარქიას, 1995-2003 წლებში _ ბოლნისისა და დმანისის ეპარქიებს, 2005 წლის აპრილიდან მთავარეპიკოპოსი თადეოზი თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მმართველია, 2010 წლიდან მიტროპოლიტი, 2013 წლიდან მარაბდელი მიტროპოლიტი.

P.S. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მიტროპოლიტი თადეოზი 22 იანვარს, ხუთშაბათს, სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაიკრძალება.

ნავიგაცია
კალენდარი
ბანერები