მორიგი სპორტული წარმატება

წინა ნომერში გიამბეთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის, სამართლის მიმართულების IV კურსის სტუდენტის, ლევან სარდალიშვილის მოსწავლის, 15 წლის სპორტსმენი გოგონას, ლიკა კეჭაღმაძის შესახებ, რომელმაც ქართული უნივერსიტეტის სახელით კიკ-ბოქსინგის საერთაშორისო ტურნირში დაამარცხა ირანელი და სომეხი მონაწილეები, პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა და გახდა სარეიტინგო ქამრის მფლობელი.


ქართული უნივერსიტეტის სახელით იგი კვლავაც აქტიურად მონაწილეობს სპორტულ შეჯიბრებებში. 19-23 თებერვალს ქუთაისში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი კრივში, სადაც ლიკა კეჭაღმაძე მონაწილეობდა ასპარეზობაში ჭაბუკ მოკრივეთა შორის და სადაც ის 2020 წლის ჩემპიონი გახდა. ლიკას უკვე აქვს დიდი შანსი, იასპარეზოს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც წელს, საქართველოში, ივლისში გაიმართება. ლიკა სიღნაღის მუნიციპალიტეტის „კომპლექსური სასპორტო სკოლების გაერთიანების“ სპორტსმენია (მწრთვნელები - დავით და ლევან სარდალიშვილები).


ვულოცავთ ლიკა კეჭაღმაძეს, მის მწრთვნელებს და გულშემატკივრებს ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ.