2023 წლის 7 ივნისს, ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტები მანანა ცირდავა, მერცია სოლოღაშვილი და საბა კუკავა, პროფესორ ნიკო კვარაცხელიას ხელმძღვანელობით გაემგზავრნენ გერმანიაში, ქალაქ ბრემენში. გამგზავრების მიზანი იყო ბრემენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის და ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი საგრანტო პროექტის ფარგლებში, ბრემენის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან ერთად, მდგრადი ტურიზმის გამოკვლევის მეთოდებისა და კრიტერიუმების შემუშავება.
სამუშაო დღე შედგებოდა ლექციებისგან, პრაქტიკული მეცადინეობისა და დამოუკიდებელი სამუშაოსგან. პირველ ლექციაზე პროგრამის ხელმძღვანელებმა - პროფესორმა რაინერ ჰარტმანმა და ასისტენტ პროფესორმა იულია როსდორფმა ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნეს ვიზიტის მიზნები და პროგრამის სპეციფიკა. შემდეგ გერმანელი სტუდენტებისა და ხელმძღვანელების წინაშე ქართველი სტუდენტები წარსდგნენ მომზადებული პრეზენტაციებით საქართველოზე და კერძოდ, ყაზბეგზე. საბა კუკავა აუდიტორიის წინაშე წარსდგა ყაზბეგის ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვით, მან კვლევაში ჩართულ სტუდენტებს გააცნო ყაზბეგის მდებარეობა, დემოგრაფიული მდგომარეობა, ტურისტებისთვის საინტერესო დესტინაციები და უპასუხა მონაწილეების კითხვებს. მანანა ცირდავამ პრეზენტაცია ყაზბეგის ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე მოამზადა, სადაც განხილული იყო სასტუმრო „რუმსი“, როგორც პოპულარული განთავსების საშუალება. მერცია სოლოღაშვილმა აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის სახით განიხილა შემდეგი საკითხი: „ტურიზმი - ეკონომიკური შესაძლებლობა თუ საფრთხე მთის მოსახლეობისთვის“, სადაც ისაუბრა თუ რა გავლენა იქონია ტურიზმმა მასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ საქმიანობებზე. პროფესორმა ნიკო კვარაცხელიამ პროფესურასა და სტუდენტებს პრეზენტაციის სახით გააცნო კვლევასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი და საინტერესო მასალები.
სტუდენტები მდგრად ტურიზმს ოთხი მაჩვენებლის მიხედვით იკვლევენ, ესენია: ეკონომიკური, სოციო-კულტურული, ეკოლოგიური და მენეჯმენტის. ქართველი სტუდენტები საკუთარი ინტერესების მიხედვით განაწილდნენ ამ მაჩვენებლების შესაბამისად ჩამოყალიბებულ სამუშაო გუნდებში. მერცია სოლოღაშვილი შეუერთდა გუნდს, რომელიც იკვლევდა ეკონომიკურ მიმართულებას, საბა კუკავამ შეარჩია მენეჯმენტის გუნდი, ხოლო მანანა ცირდავამ - ეკოლოგიის. პირველ დღეს გუნდების წევრებთან ერთად განიხილეს კვირის მანძილზე შესასრულებელი შემდეგი სამუშაოები: ოთხი მიმართულების გამოსაკვლევად საჭირო კრიტერიუმების, ინდიკატორებისა და სტანდარტების შემუშავება; მოპოვებული ინფორმაციის დამოწმების საშუალებები; დამატებითი მონაცემების მოძიება და ა.შ.
ქართველი სტუდენტების ჩართულობა პროექტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ისინი გერმანელ სტუდენტებს აწვდიდნენ ყველა საჭირო ინფორმაციას საქართველოში არსებული ტურიზმის მართვის ორგანოებზე, ამუშავებდნენ და უთარგმნიდნენ ქართულ ენაზე არსებულ მონაცემებს. გერმანელ პროფესორებთან და სტუდენტებთან მუშაობის პროცესში მათ შეისწავლეს მრავალი საინტერესო და ახალი საკითხები.
გერმანელმა სტუდენტებმა მდგრადი ტურიზმის კვლევისთვის შემუშავებული კრიტერიუმები და ინდიკატორები 14 ივნისს წარმოადგინეს. პრეზენტაციების დროს, ისევე როგორც პროფესორებმა, ასევე წმიდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, გააკეთეს კომენტარები კრიტერიუმების ქართულ რეალობასთან შესაბამისობის შესახებ. საბოლოოდ, ერთობლივი მუშაობის შედეგად შედგა კვლევის მეთოდი, რომელიც მოიცავს ზემოთხსენებულ ოთხ მიმართულებას, ჯამში 27 კრიტერიუმსა და 75 ინდიკატორს (ეკონომიკური მიმართულება - 5 კრიტერიუმი, 18 ინდიკატორი; მენეჯმენტის მიმართულება - 9 კრიტერიუმი, 23 ინდიკატორი; ეკოლოგიური მიმართულება - 7 კრიტერიუმი, 16 ინდიკატორი; სოციო-კულტურული მიმართულება - 6 კრიტერიუმი, 18 ინდიკატორი).
ბოლო ლექციაზე გერმანელ პროფესორებსა და სტუდენტებს ქართულმა დელეგაციამ პროფესორ ნიკო კვარაცხელიას ხელმძღვანელობით გადასცეს უნივერსიტეტის მიერ მომზადებული საჩუქრები, რამაც დიდი სიხარული გამოიწვია (განსაკუთრებით სტუდენტებში).
ბრემენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის სტუდენტები და მათი ხელმძღვანელები 21 ივნისს ჩამოდიან საქართველოში კვლევის ჩასატარებლად. ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტები მანანა ცირდავა, მერცია სოლოღაშვილი და საბა კუკავა, პროფესორ ნიკო კვარაცხელიას ხელმძღვანელობით შეუერთდებიან მათ და აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას სხვადასხვა გუნდთან მონაცვლეობით, რათა 6 დღის განმავლობაში დაწყებულმა კვლევამ მიიღოს სრულყოფილი სახე.
სტუდენტები მანანა ცირდავა, მერცია სოლოღაშვილი და საბა კუკავა დიდ მადლობას უხდიან უნივერსიტეტს მხარდაჭერისთვის, რექტორს - პროფესორ ირაკლი ბრაჭულს, კანცლერს - ბატონ თამაზ ვაჩაძეს, ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანს - პროფესორ ლევან ქისტაურს, დეკანის მოადგილეს - პროფესორ ნინო დამენიას, რომელიც თავდაუზოგავად ზრუნავდა მათზე და პროფესორ ნიკო კვარაცხელიას, რომელიც პროექტის მიმდინარეობის პროცესში მუდამ სწორ მიმართულებებს აძლევდა.
მერცია სოლოღაშვილი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებმა, ბრემენში გამგზავრებით უდიდესი გამოცდილება მიიღეს, რაც ბევრისთვის საოცნებო და ნამდვილად დასაფასებელია.